ფეხბურთი

12:46 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანის თხოვნა, მიმართვა, სირცხვილის მიზეზები

 

გიორგი დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედზე” თეა სიჭინავას გადაცემა “პოლიტიკის დრო”-ში ჩართვისას საინტერესო სიტყვები თქვა.

“ვუყურებ ახლა გადაცემას და მრცხვენია. მრცხვენია, რომ მეც ამ ორგანიზმის ნაწილი ვარ. ყველაფერზე იყო ლაპარაკი და მთავარი არ თქმულა. რა არ თქმულა? ორი სიტყვით მე ვერაფერსაც ვერ გირჩევთ. ისე კი “ამ ფულს მალე ამეიღებ, ბიძია”. ეს ტექსტი იქნებ ვინმეს ეცნობოდეს?”.

დევდარიანმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:      

გიორგი დევდარიანი: "ბოდიშს ვიხდი, გადაცემაში დაუსრულებელი აზრი ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა. მინდა იმით დავიწყო რომ მორაგბეებს მივულოცო გამარჯვება. მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ შევესწარი ასეთ ფაქტს: კიკეთში ვიყავი და იქ ტყეში დაიკარგა ერთი პატარა მორაგბე. არ ვიცი როგორ მოახერხეს მაგრამ, ძალიან მოკლე დროში თბილისში მყოფი ყველა მორაგბე, დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული პატარა მორაგბეებით, დარაზმულები გაჩნდნენ იქ, შეესიენ ტყეს დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში ვიდრე ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს, ღამის გათენებაც ტყეში მოუწიათ, 2 დღე ეძებდნენ და იპოვეს. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს!

...ახლა რაც შეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ არც არავისზე უკეთესი მგონია თავი, მეც ისეთივე ცოდვით სავსე ვარ ვისზეც ვიძახი მრცხვენია-მეთქი, ოღონდ ალბათ სხვა კუთხით და არც რაიმე თანამდებობის მაძებარი (ვინც მიცნობს, დამეთანხმება). უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ უკეთესად ვიყოთ ყველა. იმ გადაცემის მერე ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო. ბევრმა მათგანმა ისე გაიგო, თითქოს ფედერაციის მისამართით იყო ჩემი ნათქვამი. ვეცდები განვმარტო: ფედერაციის მისამართით იმ დღეს არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი თითქოს უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო და უშეცდომო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ ქვეყანაზე. არამედ იმიტომ, რომ მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის ხმამაღლა გამოთქმას, თუმცა ხან მეთანხმებიან და ხანაც ვერ ვთანხმდებით. და ეს ნორმალურია. თან კიდევ, კრიტიკა ხან საფუძვლიანი ხანაც კი უსაფუძვლო, ფედერაციას ჩემს გარეშეც არ აკლია.

...კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ ვერაფერს საგანგაშოსა და სამარცხვინოს.  რადგანაც, როგორც აღვნიშნე კრიტიკა მათ მართლა არ აკლიათ, მე მინდა იმას შევეხო რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა გამოვხატო გადაცემის ყველა სტუმრის მიმართ ჩემი პატივისცემა და ვთქვა, რომ პირადული არავის მიმართ არაფერი ყოფილა. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს. მე არ ვარ არც პროკურორი და არც გამომძიებელი, ჩემი სურვილი არც არის და არასდროს არ იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი, ზუსტად ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან მაგაზე მიდის საუბარი, რომ ბევრი უმსგავსოება ხდება რაზეც ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლა ძალიან მცხვენია ამდენი შურის და გაუტანლობის. ვასილ მაისურაძემ “ბარსელონას” მოუგო და მესამე გუნდს მოუგოო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვის და ტყუილების, გამარტოკაცების მცხვენია და მეშინია ჩვენი მომავლი თაობებისთვის ეს ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

...სირცხვილია ყურებაც კი ჩემპიონატისა, სადაც თამაშების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა თავს ვერავისზე დავდებ რომ არა, მაგრამ ვერც ვერავის დავუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკა აზიის ტოტალიზატორებმა და თანაც რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნა ჭირს რო მოტივაცია გამოუძებნო, არადა ხვალ ელიტრაუნდი ელით და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან. მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად, ისევ გაისმა "სტავკების" შესახებ და ამაზე აქტიურად ლაპარაკობს ყველა, თანაც როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ ყველას, ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ას კაცს ეცხება ჩირქი, ერთ ქვაბში ვიხარშებით. დავიღუპებით, გონზე თუ არ მოვედით დროზე. მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო და მგონია, რომ ესეც ასეთივე იქნება, მაგრამ არჩევნებამდეც გავრისკოთ აბა, ერთად დავდგეთ და ვნახოთ რა გამოვა.

...თქვე კაი ხალხო, ხალხი ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, რომ შექმნათ რამე ჯგუფი ფედერაციასთან ერთად, ან თუნდაც მის გარეშეც. ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და აუკრძალავს ხელების ფათურს, ვინც აფათურებს. კიდევ ერთხელ: არავის დაჭერა მე არ მინდა, მინდა რომ თავაწეულებმა ვიაროთ ჩვენ ქვეყანაში ისევე როგორც ჩვენი მორაგებეები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან."

0.168254