ინტერვიუები

16:45 | 12.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “უბურთოდ თამაში ყველაზე რთულია, თუმცა როცა საქმე ესპანეთთან გაქვს...”

საქართველო-ესპანეთი 0:1. მიუხედავად მარცხისა, ქართველ ფეხბურთელებს ვერ გაკიცხავ, რადგან მათ წინააღმდეგ ვიღაც კი არა, მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი თამაშობდა. გუნდი, რომელზეც გერმანელთა თავკაცმა იოახიმ ლიოვმა თქვა, გასული მსოფლიოს ჩემპიონატისას: “მესის არგენტინას კი მოვუგეთ, მაგრამ ესპანეთს არაერთი მესი ჰყავს”.
ალბათ, სპეციალისტის შეფასება დაგაინტერესებთ. “მსოფლიო სპორტი” საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ გიორგი დევდარიანს გაესაუბრა:
- ჩემი აზრით, ქეცბაიამ სწორი გააკეთა. თამაში რომ გაეხსნა, ალბათ, შევრცხვებოდით. ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ ესპანელებს, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ ფრისთვის მიგვეღწია.
- თქვენი აზრით, რა მოხდებოდა, ამისულაშვილის დარტყმული ბურთი რომ კარში გასულიყო?
- თამაშის ხასიათი საერთოდ არ შეიცვლებოდა, რადგან ისედაც დაცვაში ვიყავით ჩამჯდარნი. ამაზე მეტი დაცვითი თამაში წარმოუდგენელი იყო. შეიცვლებოდა ანგარიში და ვინ იცის, ფრისთვისაც მიგვეღწია.
- ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ მოგეწონათ?
- ოქრიაშვილს გამოვარჩევ. ინდივიდუალურად რამდენჯერმე მოახერხა დასხლტომა, დაცვიდან შეტევაზე გადადიოდა. კონსტრუქციული თამაში, რასაც დაცვიდან შეტევაზე გადასვლა ჰქვია, ოქრიაშვილმა აჩვენა. ასეთ ფეხბურთელთა ჯგუფი რომ ყოფილიყო, თამაშის ხასიათი შეიცვლებოდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ქეცბაია ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს იზამდა. საქართველოს ნაკრები არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც ესპანეთს ასე ეთამაშება.
- ისე, რატომ ვერავინ უღებს ალღოს ესპანურ მოდელს?
- ასეთი თამაში ესპანელებს სისხლში აქვთ გამჯდარი. კარგად იცით, რომ მათ ეს გეზი 20 წლის წინ აიღეს და თავიდან უჭირდათ, მაგრამ მოითმინეს, დასახულ გეგმას მიზნობრივად მიჰყვებოდნენ და აი, შედეგიც. კურსის არჩევა და ბოლომდე მიყოლა – ესაა მთავარი. დღეს რომ დაიწყებ ესპანური მოდელის ათვისებას, შედეგი უცებ ვერ მოვა. დრო უნდა. ესპანეთი ლამაზად თამაშობს, მათში ყველაფერი იმპროვიზაციულია, მეტოქე კი უბურთოდ რჩება. უბურთოდ თამაში კი ყველაზე რთულია. ერთ ამბავს მოვყვები: 17-წლამდელები იაპონიის ნაკრებს ვხვდებოდით. იაპონელებმა ესპანური მეთოდი აირჩიეს, ჩვენზე სწრაფად და ზუსტად თამაშობდნენ. 6:3 მოვიგეთ... სწავლების, ათვისების პროცესში არიან და იმიტომ წააგეს. მაგრამ დავაკვირდეთ, მათ ამ წაგების გამო სამშობლოში ლაფს არ დაასხამენ, აქ კი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩე. იაპონელები მეთოდურად მიჰყვებიან დასახულ გეგმას. მთავარია, ერთ გეზს მიჰყვე და არ გადაუხვიო.
- ესპანურ ფეხბურთში ინდივიდუალიზმთან ერთად, პასის დიდი კულტურა ჩანს. სიახლე არაა, რომ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებსაც, ზოგადად, პასებით თამაში არ უყვართ. რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში ესპანურმა მოდელმა გაამართლოს თუნდაც წლების მერე?
- ამაზე ხშირად მიფიქრია. ჩვენთან ბავშვთა ფეხბურთში ორი უკიდურესობაა. არიან მწვრთნელები, რომლებიც დრიბლინგსა და კაცის მოტყუებას უშლიან, მეორე კატეგორია კი გადამეტებულ ინდივიდუალიზმს არ უშლის და ბავშვების პასების დახვეწაზე არ მუშაობს. ჩვენთან უჭირთ ბურთის კონტროლი. ბურთის დაჭერა დრიბლინგის ხარჯზე ძნელია. თუ ყველაფერი გეგმით წარიმართება და მოთმინება გვეყოფა, ქართველ ჭაბუკებს ყველაფერიც შეეძლებათ, რატომაც არა...
- 17-წლამდელთა ნაკრებზეც: როგორც ვიცით, სექტემბრის ბოლოს ესპანეთში მიემგზავრებით პრესტიჟულ ტურნირზე...
- რაღაც-რაღაცები შეიცვალა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ან ვითამაშებთ ტურნირზე, ან – ვერა. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ დადგა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ. ორ დღეში გაირკვევა, წავალთ თუ ვერა.
- ოქტომბრის ბოლოს თბილისში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I საკვალიფიკაციო რაუნდი იწყება (ჯგუფში მეტოქეები შოტლანდია, უკრაინა და ლუქსემბურგი იქნებიან) და ესპანეთში თუ ვერ წახვალთ, ასე მოუმზადებლები შეხვდებით შესარჩევს?
- ასე გამოდის. ესპანეთში თუ ვერ წავედით, სხვა რა გზა იქნება.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.11859