ფეხბურთი

12:28 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “უარს არც შედეგიან ფრეზე ვიტყოდით”

უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში ვენის “რაპიდთან” სტუმრად გასამართ მატჩამდე გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა პრესკონფერენციაზე გაანცხადა, რომ ავსტრიაში მოგება სურს, მაგრამ შედეგიანი ფრეც დააკმაყოფილებს. ამის შესახებ “დილას” პრესსამსახური იუწყება.

- თქვენი გუნდი პლეი ოფამდე წაუგებლად და გოლგაუშვებლად მივიდა. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ხვალინდელ შეხვედრაში?

- რა თქმა უნდა გამარჯვება, მაგრამ უარს არც შედეგიან ფრეზე ვიტყოდით.

- შანსებს როგორ შეაფასებდით?

- პლეი ოფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და ამრიგად შანსებს 50/50-ზე შევაფასებ.

- “რაპიდს” რამდენად კარგად იცნობთ და მეტოქის თამაში თუ შეისწავლეთ?

- მოწინააღმდეგეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ. ავსტრიის ჩემპიონატში “რაპიდის” მიერ გამართულ ბოლო მატჩს დავესწარით და მოწინააღმდეგეზე საკმაო წარმოდგენა შეგვექმნა.

- და ბოლოს, ვიცით რომ ამ შეკითხვას არ პასუხობენ, მაგრამ მაინც გვინდა თქვენი გუნდის სუსტ და ძლიერ მხარეებზე გვითხრათ?

- ამას ხვალინდელი შეხვედრა დაგვანახებს.

პრესკონფერენციამდე გორის “დილამ” გერჰარდ ჰანაპის სახელობის სტადიონზე 45 წუთის განმავლობაში ივარჯიშა. მომავალ დაპირისპირებაში გორელებს ტრავმირებული თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ვერ დაეხმარება.

“რაპიდი”–“დილას” მატჩი თბილისის დროით 23.05 საათზე დაიწყება და მას შვედი არბიტრები განსჯიან. მთავარ მსაჯად სტეფან იუჰანსონია გამწესებული.

0.109202