ფეხბურთი

13:30 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “თბილისში აბსოლუტურად სხვა ხასიათის თამაში იქნება”

უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, ავსტრიაში “რაპიდთან” დამარცხების მიუხედავად, გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის აზრით, ორივე გუნდს ჯგუფში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. ამის შესახებ “დილას” პრესსამსახური იუწყება.

- გორის “დილა” ბურთს ხშირად კარგავდა. რასთან იყო ეს დაკავშირებული?

გიორგი დევდარიანი: “ეს ალბათ ჩემს სტრატეგიულ შეცდომასთანაა დაკავშირებული. პირველ ტაიმში ვცდილობდით, კონტრშეტევებზე გვეთამაშა და მეტოქეს სათამაშო სივრცე სპეციალურად დავუთმეთ. ამიტომ, მოედანზე უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები გავიყვანეთ. ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და პირიქით, გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. მეორე ტაიმში სხვა გეგმა გვქონდა, რომელიც უკეთ განხორციელდა“.

- როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის დღევანდელ გამოსვლას და თბილისში შანსებს როგორ შეაფასებთ?

- შანსები ისევ 50/50-ზეა. ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და თბილისში გადაწყდება, ჩვენს შორის ვინ არის უძლიერესი. უგოლო ფრის შემთხვევაშიც გვექნებოდა გოლი გასატანი და ამ შემთხვევაშიც იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ. თბილისში აბსოლუტურად სხვა ხასიათის თამაში იქნება.

- თამაშის შესახებ რას იტყოდით?

ზორან ბარიშიჩი: “დილას” ფეხბურთელები დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ყველა ზონას კეტავდნენ, მაგრამ ვაკონტროლებდით თამაშს და ბურთსაც ვფლობდით. მეორე ტაიმში ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა, რათა მეორე ბურთიც გაგვეტანა. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, თუმცა მომენტები მაინც ვერ გამოვიყენეთ. აუცილებლად უნდა მოგვეგო და რაც მთავარია, გოლი არ მივიღეთ საკუთარ კარში. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა, მგონი, სერიოზული არაფერია”.

- შეუძლია თუ არა გორის “დილას” შემტევი ფეხბურთის თამაში?

- როდესაც მეტოქეს სივრცე და დრო მივეცით, გამოჩნდა, რომ შეტევაში კარგად თამაშიც შეუძლია. საქართველოში ძალიან რთული დავალების შესრულება მოგვიწევს. მართალია, დღეს შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ერთადერთი გოლი კონტრშეტევით გავიტანეთ.

- შორიდან დარტყმები არ შედიოდა თქვენს გეგმებში?

- რა თქმა უნდა, შედიოდა და ვცდილობდით კიდეც, მაგრამ არ გაგვიმართლა.


0.116362