"დანიის "ოლბორგთან" ისე ვითამაშეთ, მეც გამიკვირდა, რადგან მხოლოდ სამი კვირა გვქონდა მოსამზადებლად. თანაც, კონტიგენტი ძალიან შეიცვალა: 12 ფეხბურთელი წავიდა და 9 მოვიდა. თუმცა, ფაქტია, კარგად წარმოვაჩინეთ თავი" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა ხორვატულ Jutarnji-სთან საუბარში.
გორის "დილა" იმედიანად ხვდება "ჰაიდუკთან" პირველ დაპირისპირებას, რომელიც ხუთშაბათს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება სპლიტის "პოლიუდზე".
დევდარიანმა ხორვატულ გამოცემასთან საუბარში "ჰაიდუკი" შეაქო და განაცხადა, რომ ისტორიულად ძლიერი კლუბია.
გიორგი დევდარიანი: ვიცი, რომ იგორ ტუდორი ძლიერი ფეხბურთელი იყო, ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა და "ჰაიდუკი" მისი პირველი კლუბია სამწვრთნელო კარიერაში. კარგად ვემზადებით, მაგრამ მინდორი ვერაა იდეალურ მდგომარეობაში.
- შანსებს როგორ აფასებთ?
- 50:50-ზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ფავორიტად ჩაითვალოს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მეორე მატჩის შინ თამაში კარგია. ამ მხრივ გვაქვს მცირე უპირატესობა.
- რას ელით სპლიტის მატჩისგან, სადაც "ჰაიდუკის" ფანებისგან აქტიური მხარდაჭერა ექნება მეტოქეს?
- სავსე ტრიბუნების თვალწინ თამაში სასიამოვნოა. გამიგია, რომ "ჰაიდუკის" სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფეროა. სანახაობრივად კარგი მატჩი უნდა გამოდგეს და იმედია, პირველ მატჩში დადებით შედეგს მივიღებთ.
- რას ნიშნავს დადებითი შედეგი? გოლის გატანა გასვლაზე?
- თამაშის დროს გამოჩნდება, თუ რა იქნება დადებითი შედეგი. მოგების შემთხვევაში რომ ბედნიერი ვიქნები, ამას თქმა არ უნდა.
- "სპლიტთან" გამართულ დერბიზე, რომელიც "ჰაიდუკმა" 3:0 მოიგო... (დევდარიანი ამ მატჩს დაესწრო - ავტ.)
- "ჰაიდუკი" დიდი სახელის მქონე კლუბია და ტრადიციები აქვს, რაც ცოტას არ ნიშნავს. გუნდში მყოფ ფეხბურთელებსაც თავდაჯერება ემატებათ, როცა მრავალრიცხოვანი ფან-კლუბი ჰყავთ და კლუბს ბევრი ტიტული აქვს. ამ ტრადიციებს იგნორირებას ვერ და არც გავუკეთებთ. ჩვენგან განსხვავებით, "ჰაიდუკს" ევროპაში წარმატებები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ "ჰაიდუკს" ზედმიწევნით ვიცნობ, მაგრამ კლუბი, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს, პატივისცემას იმსახურებს.
...საწყენია, რომ ირაკლი მოდებაძეს აქვს ტრავმა. გიორგი დევდარიანმა "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ მზადების ეტაპი კარგად მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით წამყვანი ფორვარდის უვარჯიშებლობას: "ის ჩვენთვის დიდი ძალაა და ბუნებრივია, დანაკლისი აშკარაა".