ინტერვიუები

10:22 | 27.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “კმაყოფილების მიზეზს ვერ ვხედავ”

ჩეხეთში მიმდინარე 17 წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის I ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს ვალერი ყაზაიშვილის გატანილი გოლით მოუგო. ჭაბუკ “ჯვაროსნებს”, დღეს ჰოლანდიელ თანატოლებთან უწევთ დაპირისპირება. მატჩი ბრნოდან, დაახლოებით, 50 კილომეტრით დაშორებული ბრჟეცლავის საფეხბურთო კლუბის სტადიონზე, თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
“მსოფლიო სპორტი” 17-წლამდელთა ნაკრების თავკაც გიორგი დევდარიანს ჩეხეთში დაუკავშირდა და გასული და მომავალი მატჩების თაობაზე ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო და კმაყოფილი უნდა იყოთ.
- ჯერჯერობით, კმაყოფილების ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, ტურნირი 3 ტურად ტარდება და მხოლოდ მაშინ ვიქნები კმაყოფილი, როცა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდება.
ბუნებრივია, მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ელიტ-რაუნდის მასპინძლებს მოუგეს. თუმცა, თუ შეხვედრაში შექმნილ მომენტებს გავიხსენებთ, შეიძლებოდა, შედეგი უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო.
- გუნდში რა მდგომარეობაა - ისეთი თამაში იყო, ალბათ, მიკროტრავმებს თავიდან ვერ აიცილებდით.
- ამ მხრივ, ყველაზე მეტად, გუნდის ძირითადი მეკარე დავით ლეგაშვილი დაზარალდა. მას ბევრი დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები აქვს სხეულზე. თუ ჰოლანდიასთან თამაშამდე ვერ მოიშუშა ისინი, მაშინ ნაკრების კარს ლევან ტყეშელაშვილი დაიცავს. სხვათა შორის, ლეგაშვილის შემცვლელიც კარგადაა მომზადებული და მას, ნაკრების ხელმძღვანელობა ბოლომდე ვენდობით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, დათოს თამაში ჯერ ბოლომდე არაა გამორიცხული.
- არჩილ ტვილდიანს და გიორგი ჭანტურიას ჩეხებთან მატჩამდე გუნდთან ერთად არაერთი ვარჯიში გაუცდათ. ამის მიუხედავად, ურიგოდ არც ერთი გარჯილა და არც მეორე.
- მე მთელი გუნდის კმაყოფილი ვარ. რაც შეეხებათ ტვილდიანს და ჭანტურიას, მათ რომ ვარჯიშები არ გაცდენოდათ, ალბათ, გაცილებით უკეთ ითამაშებდნენ.
- მომავალი მეტოქეების ურთიერთშეხვედრის კასეტას უკვე ნახავდით. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, უპირველესად, ჰოლანდიელებზე, რომლებსაც ხვალ ეთამაშებით?
- ჰოლანდია-უკრაინის (2:0 - ფ.კ.) ვიდეოჩანაწერის სანახავად სწორედ ახლა ვაპირებთ შევიკრიბოთ. ვფიქრობ, მოსაგებად თამაში ორივე მეტოქესთან იქნება შესაძლებელი. თუმცა, მოდით, ჰოლანდიელებთან მატჩის შემდეგ დამირეკეთ და საუბარიც მაშინ გავაგრძელოთ. ახლა კი, სათამაშო მინდვრის მდგომარეობას ვეცნობი და მეტს ვერაფერს გეტყვით.

ფრიდონ კერვალიშვილი



      
 

0.129022