გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ევროპის ლიგაში დანიურ “ოლბორგთან” არაფრის დათმობას აპირებენ.
- როგორ შეაფასებთ ევროპის ლიგის მე-2 ეტაპის კენჭისყრის შედეგს?
- მივიღე ისე, როგორც არის. შესაძლოა, უფრო ძლიერი მეტოქე შეგხვედროდა, შესაძლოა – უფრო სუსტი. თუ დანარჩენი ქართული გუნდების მოწინააღმდეგეებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ იყო გამორიცხული, უფრო უხერხული მეტოქე გვყოლოდა.
- ამ მოკლე პერიოდში, რაც გუნდს სათავეში ჩაუდექით, შეძლებს “დილა” ისეთ დონეზე მომზადებას, რომ დანიელების წინააღმდეგ წარმატებაზე იფიქროს?
- ძალიან მინდა, ეს ბარიერი გადავლახოთ. თუმცა, მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ რეალობას არ უნდა მოვწყდე. ძნელია, როდესაც 10-12 ფეხბურთელი წავა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება გიწევს. ნამდვილად არაა ისე საქმე, რომ უმოტივაციოდ ვართ და წაგებას წინასწარ შევეგუეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. არაფრის დათმობას ვაპირებთ, ფეხბურთელით დაწყებული კლუბში მომუშავე ნებისმიერი ადამიანით დასრულებული. შევეცდებით, სანახაოებრივი და შედეგიანი ფეხბურთო ვაჩვენოთ.
აქვე, ერთი რამის თქმა მსურს. ქვეყანაში, სადაც ჯერჯერობით უამრავი რამ არაა განვითარებული, მაინცდამაინც ფეხბურთი როგორ განვითარდება?! ქვეყანა ფეხზე ახლა დგება და ბუნებრივია ის მდგომარეობა, რაც ფეხბურთშია. ქვეყანაში უნდა იყოს განვითარების დროზე გათვლილი სტრატეგია, რომელიც ყველა სფეროს შეეხება, მათ შორის ფეხბურთსაც. ჩვენთან კი ისეთი სიატუაციაა, რომ ერთი გუნდი დაიშლება, მერე მეორე შეიკრიბება. ფეხბურთელთა 95 პროცენტი ფაქტობრივად მოსამზადებელ პერიოდს არ გადის. ბევრი ფეხბურთელი სეზონის დაწყების წინ იგებს, რომელ გუნდში ითამაშებს. ასეთ ვითარებაში, სამ კვირაში ძალიან ძნელია, აწყობილი ქვეყნის გუნდს მოუგო.
- ნუკრი რევიშვილისა და რატი ალექსიძის “დილაში” დარჩენის საკითხი დადებითად გადაწყდა?
- რევიშვილიცა და ალექსიძეც 6 თვე “დილაში” ითამაშებენ. სიახლე კიდევ ისაა, რომ დაგვემატა მცველი მამუკა კობახიძე, რომლის გუნდში დარჩენის საკითხი გადაწყვეტილია.
- ახალწვეულებიდან, რომლებიც გორულ გუნდში ვარჯიშობდნენ, ბოლომდე ვისი საკითხი გაირკვა?
- გარკვეულია, რომ “დილაში” ითამაშებენ თემურ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული, გეგა დიასამიძე და გიორგი გაგნიძე. ამ დღეებში კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს ოთარ ხიზანეიშვილი.
- როდის გაემგზავრება გუნდი შეკრებაზე?
- 30 ივნისს გამთენიისას თურქეთში გავემგზავრებით. ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ აზერბაიჯანულ ზაქათალის “სიმურგთან”, ირანის ჩემპიონ “ესტეღლალთან” და რუმინეთის ან თურქეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდთან.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო