ინტერვიუები

20:56 | 16.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: “ბიჭებმა “მე” კი არა, “ჩვენ” დააყენეს პრინციპად”

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახა, თურქეთში პირველ ადგილზე გავიდა, მასპინძელთა, პოლონელთა და ლუქსემბურგელთა კამპანიაში. სამ მატჩში 7 ქულა და ბურთების შეფარდება 6:2 – კარგი შედეგია და სიმართლე ვთქვათ, ეს წარმატება არც იყო გასაკვირი, რადგან გიორგი დევდარიანი მართლაც კარგი მწვრთნელია და ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს.
“მსოფლიო სპორტი” დევდარიანს თურქეთში დაუკავშირდა და აქვე გაცნობებთ, რომ ელიტ-რაუნდის კენჭისყრა 28 ნოემბერს გაიმართება, შვეიცარიის ქალაქ ნიონში. 28 ნაკრები შვიდ ჯგუფად განაწილდება და გამარჯვებულები გავლენ ფინალურ ეტაპზე, რომელიც 3-15 ივლისს ესტონეთში გაიმართება.
გიორგი დევდარიანი: საქართველოს ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრები რომ ავიღოთ, არსადაა ნიჭიერი და ინდვიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების დეფიციტი. ასეა ჩემს გუნდშიც და მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა “მე” კი არა, “ჩვენ” დააყენეს პრინციპად. მათ გათავისებული ჰქონდათ, რომ მხოლოდ საკუთარი კი არა, გუნდური წარმატებისთვის თამაშობდნენ. გიორგი ჭანტურიათი და ვაკო ყაზაიშვილით დაწყებული, ყველანი ამ დევიზით იყვნენ მინდორზე გამოსული. სათამაშო დისციპლინა მაღალ დონეზე იყო. დანარჩენი კი, ვიმეორებ, ქართველები არავისზე ნაკლები ინდივიდუალისტები არ არიან.
- ანუ, სხვა ასაკობრივ ნაკრებებში “ჩვენ”-ზე მეტად, “მე”-ზე თამაშობენ?
- ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი. სჯობს, სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ჰკითხოთ.
- ალბათ, პოლონეთთან მატჩი ყველაზე რთული იქნებოდა, რადგან პირველი ტური იყო.
- რა თქმა უნდა. ვაგებდით, თუმცა, პირველივე ტაიმში მოვახერხეთ დაწინაურება და მთლიანობაში, თამაში აშკარად ჩვენი იყო. პოლონეთთან მოგებამ ბიჭებს რწმენა მისცა და მომდევნო ორი შეხვედრაც ჩვენი უპირატესობით წარიმართა. მათ შორის, თურქეთთან, რომელიც 1:1 დასრულდა. მასპინძლებს ვაჯობეთ, მაგრამ ძალიან ცუდი მსაჯობა იყო.
- კერძოდ, რა გააკეთა მსაჯმა?
- 0:0-ზე ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა, ხოლო თურქებმა აშკარა წესების დარღვევით გაიტანეს ბურთი ჩვენს კარში. ამას დაუმატეთ ჩვენი ფეხბურთელებისთვის მიცემული უსამართლო ყვითელი ბარათები, რაც ელიტ-რაუნდზე ცუდად იმოქმედებს – თამაშის გამოტოვების მხრივ. მატჩის შემდეგ დელეგატები მოვიდნენ ჩვენთან და ბოდიში მოგვიხადეს უსამართლო მსაჯობისთვის. თამაშის შედეგზე გავლენა აშკარად იქონია ამ შეცდომებმა. არ ვიცი, შემთხვევას დავაბრალო თუ რა იყო, ლუქსემბურგთანაც ცუდად გვიმსაჯეს. არ მინდა, ვინმემ სხვანაირად გაიგოს. მიზნისთვის რომ ვერ მიგვეღწია, ნამდვილად არ დავიწყებდი მსაჯობით თავით გამართლებას, მაგრამ ასე არ შეიძლება. რაღაც მექანიზმები უნდა იყოს ამის წინააღმდეგ.   
- რა მექანიზმები? პირველი შემთხვევა არაა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების დაჩაგვრა, მაგრამ არ მახსენდება, ამის გამო უეფა-ში რაიმე ზომები მიეღოთ.
- არის საკომუნიკაციო პროცესები უეფა-ში. ჩვენ დახმარებას არ ვითხოვთ. უბრალოდ, არ დაგვჩაგრონ.
- რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით ამ სამ მატჩში?
- ყველანი მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და გამორჩევა არ მინდა. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტად ჩანდნენ მინდორზე, მაგრამ ვინც ნაკლებად ჩანდა, ისინიც დიდ სამუშაოს ასრულებდნენ. მაგალითად, ახალწვეულებიდან მინდა აღვნიშნო თორნიკე გრიგალაშვილი და ნიკა სანდოხაძე, რომელიც ერთი წლით უმცროსია ამ ბიჭებზე და შარშან კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ეს ორი იმიტომ გამოვარჩიე, რომ ახლები იყვნენ ჩემს გუნდში.
- და ბოლოს: 1993 წელს დაბადებულთა თაობას 21-წლამდელთა ნაკრებშიც რომ გადაჰყვეთ, უპრიანი იქნებოდა. ალბათ, თქვენი სურვილიც ესაა.
- მჯერა ამ ბიჭების და სურვილიც ბევრი რამის მაქვს, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. ეს შესაბამისმა სტრუქტურამ უნდა გადაწყვიტოს. არა მარტო სურვილი, ამბიცია და შესაძლებლობებიც მაქვს.

 

ილია ნანობაშვილი  
www.gff.ge-ს ფოტო

0.125844