ფეხბურთი

15:08 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დარასელია: “ქართველებს თავიდან ეჭვით გვიყურებდნენ, მაგრამ...”

 

როგორც იცით, ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” რუსეთის პირველ დივიზიონში მეოთხე ადგილზე გავიდა და პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში “როსტოვს” შეხვდება (შინ და სტუმრად). რუსეთის თითქმის უკიდურესი აღმოსავლეთის ქალაქში საფეხბურთო ბუმია, რადგან ხაბაროვსკელებს არასოდეს უთამაშიათ რუსეთის უძლიერესთა ლიგაში და ისტორიაში პირველად გავიდნენ I დივიზიონში მეოთხე ადგილზე.

“მსოფლიო სპორტი” მწვრთნელ გიორგი დარასელიას დაუკავშირდა, რომლის გუნდში 5 ქართველი ფეხბურთელია: ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა.

- როგორ შეაფასებდით ამ სეზონს და ზოგადად, როგორ შეეგუეთ რუსულ ფეხბურთს?

- ჩემთვის უცხო გარემო, უცხო სტილის ფეხბურთი იყო, თანაც, ახალი გუნდის შექმნა გახდა საჭირო. 5 ქართველის გარდა, 3-4 სხვა ახალწვეულიც გვყავდა, შეთამაშებას კი დრო სჭირდებოდა. ნელ-ნელა მივეჩვიეთ, ალღო ავუღეთ აქაურ სტილს.

- რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში ხართ, დროში 7 საათია სხვაობა, გიწევთ მუდმივი ფრენა – ეს არ გიჭირთ?

- კაცი მიჩვეული თუ არ ხარ, რთულია. ფაქტობრივად, ერთ თამაშზე წასვლა-წამოსვლისას დღენახევარი გზაში ხარ.

- ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასეთ - ხუთივე ფეხბურთელის...

- სალუქვაძემ 11 მატჩიდან 10 ჩაატარა, იმ ერთშიც მე დავასვენე. 10-ბალიანი სისტემით ლაშას ცხრიანს დავუწერდი. დაცვის სული და გულია. სამწუხაროდ, პლეი ოფში არ გვეყოლება, რადგან ტრავმა აქვს.

...ნავალოვსკის რუსეთში ჩასვლამდე არ ვიცნობდი, მაგრამ როგორც კი გუნდში მოვიდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა, მაშინვე ვიგრძენი, რომ მშვენიერი ფეხბურთელი იყო. მარცხენა ფლანგზე დაცვაშიც კარგია და შეტევაშიც. ვფიქრობ, ნაკრებისთვისაც არაა დასაკარგი კაცი.

...მარცვალაძემ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, თანაც, მნიშვნელოვანი გოლები. არ ყოფილა ისე, რომ 3:0-ს ვიგებდით და მეოთხე გაეტანოს. ყველა ბურთი გადამწყვეტი გამოდგა.

...გრიგალაშვილს მუდამ არ უწევდა თამაში, მაგრამ ბოლო ტურებში სულ შემადგენლობაში მყავდა. მარცვალაძის ტრავმის გამო, მას ვანდე სასტარტოში ადგილი. ტექნიკური, მოაზროვნე ფეხბურთელია და კარგად წარმოაჩინა თავი.

...ხოჯავას გამოკვეთილი სათამაშო მანერა აქვს, ტექნიკურია და შემოქმედება უყვარს. გოჩამაც კარგი თამაშები ჩაატარა.

...რუსეთის პირველ დივიზიონში მინდორზე ერთდროულად მხოლოდ 3 ლეგიონერს აქვს თამაშის უფლება. ეს მიშლიდა ხელს და სწორედ ამიტომ იყო, გრიგალაშვილს ბევრი თამაში რომ არ მოუწია, თუმცა პლეი ოფში ლიმიტი აღარაა და ამ მხრივ საფიქრალი არ მექნება.

- გულშემატკივარი მრავლად დადის საშინაო მატჩებზე?

- პირველი მატჩი წავაგეთ და მომდევნო თამაშზე 4000-5000 კაცი მოვიდა. შემდეგ კი, როცა მოგებები დავიწყეთ, 7000-მდე ავიდა და ბოლოს უკვე 9000 კაცი იყო. პლეი ოფში “როსტოვთან” 15000-ს ველით - სწორედ ამდენს იტევს ტრიბუნები.

- ამდენი ქართველი გუნდში – ამის გამო გულშემატკივრები ხომ არ ბრაზდებიან?

- თავიდან მართლაც იყო ეს მომენტი, ეჭვის თვალით გვიყურებდნენ. თუმცა, როცა შედეგი ვაჩვენეთ და ქართველი ბიჭების ძალაც ნახეს, პირიქით, ჩვენით ამაყობენ და ტრანსპარანტიც ჰქონდათ, სადაც რუსულად ეწერათ გამამხნევებელი ქართული სიტყვები. მთელი ხაბაროვსკი და მთლიანად რეგიონი მხარში გვიდგას, მთავრობიდან დაწყებული და გულშემატკივრებით დამთავრებული. ყველას ძალიან სურს, რომ პრემიერლიგაში გადავიდეთ და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ. მათ მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის.

- თუ გადახვედით, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ შემადგენლობა გააძლიეროთ?

- 3-4 ფეხბურთელს აუცილებლად დავიმატებთ. და რომც ვერ გადავიდეთ, პირველ დივიზიონშიც დაგვჭირდება შემადგენლობის გაძლიერება.

- გორის “დილაში” წარმატებით მუშაობდით. გუნდმა თქვენი ხელმძღვანელობით 2 მატჩის გარდა, ყველა მოიგო. რატომ წახვედით? ფინანსურად ბევრად უკეთესი პირობები გაქვთ?

- ფულზე არაა... დიდი გასხვავება ნამდვილად არაა ხელფასის მხრივ. “დილაში” ჩემმა მეგობარმა ჩამომიყვანა (მამუკა ჯუღელი – ავტ.) და მანვე მთხოვა შემდეგ, რომ “სკა-ენერგიაში” წამოვსულიყავი. გორში შემეძლო დარჩენა, მაგრამ მეგობრის თხოვნას დავთანხმდი.

- ალბათ, “დილას” ამბებით განსაკუთრებით ინტერესდებით...

- რა თქმა უნდა. 4 ტურის შემდეგ გუნდს 1 ქულა ჰქონდა და ბოლო ადგილზე იყო. როცა მივედი, ვხედავდი პოტენციალს, კარგ ფეხბურთელებს, მწვრთნელების მიერ ჩატარებულ სამუშაოს. ჩემპიონატის 18 ტურში იმდენი ქულა ავიღეთ, რომ მეორე ადგილზე ვიყავით და თბილისის ”დინამო” მხოლოდ 3 ქულითღა გვისწრებდა. და, სხვათა შორის, არა მხოლოდ “დილას”, არამედ სხვა ქართული გუნდების ამბებითაც ვინტერესდები. მინდა, “დინამოს”, “დილას”, “ტორპედოსა” და “ჩიხურას” წარმატებები ვუსურვო ევროტურნირებზე. ყურადღებას ვაქცევ ქართველი ლეგიონერების თამაშს და რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების გამოსვლებს.

- ისრაელიდან არ გქონიათ მოწვევა?

- ლამის ყოველდღიურად მაქვს მოწვევა, მაგრამ ახლა ‘სკა-ენერგიაში” ვარ და ფიქრები ამ გუნდს დასტრიალებს. ისე, ოჯახი ისრაელში მყავს.

0.118379