ფეხბურთი

18:17 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დარასელია: “ისრაელის პირველ ლიგას საქართველოს უმაღლესში მუშაობა მირჩევნია”

 

“ზუგდიდის” ახალ მთავარ მწვრთნელს გიორგი დარასელიას სჯერა, რომ მისი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ამის შესახებ მან “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა.

- “ზუგდიდში” მუშაობა რატომ გადაწყვიტეთ? ყველაზე რეალური ეს შემოთავაზება იყო?

- ბევრი შემოთავაზებები იყო, მაგრამ ისეთი ხალხი დამიკავშირდა, რომლებსაც ახლოს ვიცნობდი. ისრაელის პირველი ლიგის ერთი-ორი გუნდიდან წინადადება მქონდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებას და უმაღლეს ლიგაში მუშაობას დავთანხმდი. რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებაზე არ ვფიქრობდი, რადგან მუშაობის დაწყება ისრაელში მინდოდა. თუმცა, პირველ ლიგას უმაღლესი მირჩევნია.

- ცხადია, უპირველესი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა?

- რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ პირველ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და დანაკარგი ავანაზღაუროთ.

- ამის გაკეთება კლუბში მყოფი ფეხბურთელებით და “ზუგდიდის” ფინანსური მდგომარეობით რამდენად შესაძლებელია?

-კლუბში დალაგებული სიტუაცია არ იყო. ჩემი მისვლის შემდეგ ვატყობ, რომ სიტუაცია ყოველ დღე უკეთესობისკენ მიდის. ის ხალხი ვინც გვერდით გვიდგას ძალიან მონდომებულია და სურს, რომ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. სავარჯიშოდ “ბაიას” საწვრთნელ ბაზაზე გადავედით. კვების პრობლემა მოგვარდება და მოთამაშეებს სახელფასო დავალიანებასაც გაუსტუმრებენ. ფეხბურთელს სხვა რა უნდა? სავარჯიშო პირობები უნდა ჰქონდეს და კუთვნილი ხელფასი დროზე მიიღოს.

- თქვენის მისვლის შემდეგ გუნდში ნიკა აფაქიძე, ზვიად სიხარულია და რომეო კანკია დაბრუნდნენ...

- ეს ფეხბურთელები გუნდში დავაბრუნეთ. მათთან დაკავშირებით ადგილი გაუგებრობას ჰქონდა. არც ჩვენ გუნდს და საერთოდ საქართველოს დასაკარგი ფეხბურთელი არ ჰყავს. სამივე ახალგაზრდაა და პოტენციალი აქვთ. უნდათ, რომ თავისი წვლილი შეიტანონ გუნდის წინსვლაში. როდესაც ადგილობრივი ფეხბურთელები გყავს, მოთამაშეები სადღაც რატომ უნდა ეძებო. კლუბში მყოფ ყველა ფეხბურთელს დავაკვირდები და შემდეგ გადავწყვეტ რომელია თამაშის ღირსი და რომელი – არა.

- ახალი ფეხბურთელების დამატებას თუ აპირებთ?

- ამის შესაძლებლობა არის. ჯერჯერობით ერთი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს, რომლის გვარსაც არ დავაკონკრეტებ.

0.124093