გიორგი დარასელიას დებიუტი ჰქონდა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის რანგში და პირველი გამოცდა წარმატებითაც ჩააბარა: მისმა გუნდმა, 4 ტურში 12-ქულიანი თბილისის "დინამო" შეაჩერა და 2:0 სძლია. ამასთან, ეს "დილას" პირველი მოგება იყო ამ სეზონში.
დარასელიას სამწვრთნელო ამბებზე არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა გავიხსენოთ: მწვრთნელობა ისრაელში, 8 წლის წინ დაიწყო ელიშა ლევისთან ერთად. ლევის თანაშემწე იყო ჯერ ჰაიფას "მაკაბიში", ბოლოს კი, ბეერ შევას "ჰაპოელში". ახლა, დარასელია კარიერაში პირველად გახდა მთავარი მწვრთნელი - მთავარი მაინც მთავარია და სხვა პასუხისმგებლობა, სხვა ტვირთი, სხვა ემოციაა.
"მსოფლიო სპორტი" 44 წლის გიორგი დარასელიას გაესაუბრა - ცნობისთვის, მას 17 სექტემბერს ჰქონდა დაბადების დღე:
- ახალი მწვრთნელის მისვლა ყოველთვის საინტერესოა და პირველ დღეს რა გააკეთეთ, რით დაიწყეთ? მითუმეტეს, რამდენიმე დღეში პრინციპული მატჩი გელოდათ "დინამოსთან".
- ბევრი დრო არ იყო. სულ 4-5 ვარჯიში ჩავატარე და აქცენტი კეთდებოდა უშუალოდ "დინამოსთან" მატჩზე. ჯერ რეალურად შევისწავლე "დილას" ფეხბურთელები, მათ თავისებურებებს ვაკვირდებოდი. ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურია და მწვრთნელის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ ისინი ერთ მუშტად შეკრას.
- თანაც, "დილაში" თქვენი მოსვლა, როგორც ვიცით, უცებ გადაწყდა.
- ასე იყო. სულ სხვა მატჩისთვის ვემზადებოდი და სხვაზე გადმოვერთე. ჩვენს გუნდს, ჰაიფას "მაკაბის" (ანუ, სადაც ვმუშაობდი) წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ საქართველო-ბელარუსის მატჩის მეორე დღეს გადაწყდა, რომ "დილას" მწვრთნელი გავხდებოდი. უცებ მოხდა.
- მწვრთნელად სულ ისრაელში მუშაობდით. ვიცით, რომ აქაურ საფეხბურთო ამბებზე კარგად ინფორმირებული იყავით, მაგრამ მაინც, ახალ გარემოში მოხვდით...
- ისრაელში კარგა ხანს ვიმუშავე. ელიშა ლევი და მე ერთად ვიყავით - ჩვენს შორის არ იყო პირველი და მეორე. მართალია, თანაშემწე გახლდით, მაგრამ თანაბარი უფლებები გვქონდა. და რაც ყველაზე მთავარია, იდენტური საფეხბურთო შეხედულებები გვქონდა. ჩვენი აზრები ემთხვეოდა. ამიტომაც იყო, რომ წარმატებას მივაღწიეთ. ჰაიფას "მაკაბიში" პირველივე წელს ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ახლა კი, მართალი ხართ, ამდენი ხანია, საქართველოში არ მიმუშავია და ნელ-ნელა ვეჩვევი.
- როგორც ფეხბურთელი, შემტევი სტილისა იყავით და იმპროვიზაცია არ გაკლდათ. როგორც მწვრთნელი? როგორ ითამაშებს "დილა"?
- ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. არ არსებობს ჩემში გუნდი, რომელიც უტევს და უკან არ იხედება, ან დაცვაში დგას და წინ ვერ მიდის. თანამედროვე ფეხბურთში, ყველაფერში ძლიერი უნდა იყოს გუნდი. მკვეთრად რამის გამოკვეთა და მეორის იგნორირება არ მიმაჩნია სწორად. მთავარი: გუნდი უნდა იყოს ოჯახივით, კარგი ატმოსფერო აუცილებელია.
- "დილას" თამაშები ნანახი გქონდათ?
- დიახ. ევროტურნირებზე ვუყურე "ანორთოსისთან" და "მარიტიმუსთან" გასვლით მატჩებში. აქ ჩამოსვლისას კი, ჩემპიონატში ჩატარებული ოთხივე ტურის თამაში ვნახე "დილას" მონაწილეობით. ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობდი, თუმცა არც ახალგაცნობილებთან მქონია პრობლემა. ამ ბიჭებმა ფეხბურთის თამაში კარგად იციან და შესაბამისად, გუნდს კარგი შედეგის ჩვენება შეუძლია.
- "დინამოსთან" მატჩიც შეაფასეთ.
- თავიდან სიფრთხილე იყო საჭირო, რადგან უნდა გვენახა, რა თამაშს გვთავაზობდა მეტოქე. პირველ ტაიმში ამიტომაც არ ვიყავით ბოლომდე გახსბნილები, შემდეგ კი უპირატესობა მოვიპოვეთ, მომენტები შევქმენით და დამსახურებულად მოვიგეთ. მთლიანობაში, მატჩი მომეწონა - იყო ბრძოლა, კომბინაციები, დაძაბულობა.
- "დილა" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობით, თუმცა თავდასხმაში, ალბათ, საკადრო პრობლემებია მათე ვაწაძის წასვლის შემდეგ.
- მართალია. ვაწაძე დიდი ძალა იყო, თუმცა გვყავს მოდებაძე, ახალკაცი... სხვებსაც შეუძლიათ წინ თამაში. და კიდევ, არ დავასახელებ, მსოფლიო ფეხბურთში არის გუნდი, რომელიც თავდამსხმელის გარეშე იგებს დიდ ტურნირს. გუნდის გაძლიერება კარგია, მაგრამ სულაც არაა აუცილებელი, გოლი მაინცდამაინც ფორვარდმა გაიტანოს.
- და ბოლოს, "დილა" ისრაელის ჩემპიონატში, დაახლოებით რომელ ადგილზე იქნებოდა?
- ვფიქრობ, ისრაელში პლეი ოფში მოხვდებოდა, პლეი ოფიდან კი, უკვე ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ანუ, "დილა" იქ ზედა ადგილებზე იქნებოდა. აი, სამი წლის წინ გავარდბილი "კირიათ შმონა", წლეულს ჩემპიონი გახდა, თანაც, დიდი უპირატესობით. არავინ ელოდა, მაგრამ სწორმა მუშაობამ, ფეხბურთელების სწორად შერჩევამ ეს, გუნდი გამარჯვებებამდე მიიყვანა.
ილია ნანობაშვილი