ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ლადო დვალიშვილის ჰაიფის “მაკაბიდან” პოლონეთში გადაბარგების შემდეგ, ისრაელის 12-გზის ჩემპიონის რიგებში ერთი ქართველი კიდევ დარჩა. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, “მწვანეებს” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი დარასელიაც დატოვებს. ყოველ შემთხვევაში, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში, 43 წლის ქართველმა სპეციალისტმა, მის სამწვრთნელო კარიერაში დამოუკიდებელი პრაქტიკის საჭიროებაზე განაცხადა.
გიორგი დარასელიას ებრაულ საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაზე (იგი უკვე მე-14 წელს ითვლის) ბევრს არ შევჩერდებით. ერთს შეგახსენებთ, რომ ჰაიფელთა თავკაცის პოსტზე მომუშავე ელიშა ლევისთან ერთად, იგი ჰაიფურ გუნდში 2008 წლიდან მუშაობს და 2-ჯერ (2008-2009, 2010-2011) ჩემპიონის ტიტული, ერთხელ (2009-2010) კი ვერცხლის მედალი მოიგო. ისრაელის ჩემპიონატის ფონზე, წარუმატებელი იყო ქვეყნის თასზე “მაკაბის” გამოსვლა. აქ, ჰაიფელებმა ფინალში 2-ჯერ (2009, 2011) ითამაშეს და ორჯერვე თელ ავივის “ჰაპოელთან” წააგეს. დარასელიას გაწვრთნილი გუნდის ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა ისეთია, სწორედ სათასო ტიტულის მოგებისთვის თუღა იბრძოლებს. მართლაც დიდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ პირველ ადგილზე მყოფ კირიათ შმონას “ჰაპოელთან”, ჰაიფელებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრან.
- გიორგი, ჩემპიონობის შენარჩუნებაზე ფიქრს ვერავინ აგიკრძალავთ, მაგრამ ალბათ, სხვა, უფრო მოკრძალებული მიზანი გექნებათ.
- ბოლო წლების მსგავსი პრინციპით რომ ტარდებოდეს ეს ჩემპიონატიც, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ჩემპიონობაზე ფიქრი. შარშან გუნდებს ქულები უნახევრდებოდათ და ზედა ექვსეული ერთ წრედ აგრძელებდა მედლებისთვის ბრძოლას. ახლა კი, ქულები უცვლელი რჩება და პირველი 8 გუნდი თამაშობს ერთ წრედ. 25 ტურის შემდეგ, “მაკაბი” 37 ქულით მე-6 ადგილზეა და კირიათშმონელებს საკმაოდ ბევრი გვაშორებს. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, მაგრამ ალბათ, საბოლოოდ, საპრიზო ადგილზე გასვლა წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.
- მაინც, რა გახდა ასეთი ჩავარდნის მიზეზი?
- ჩვენს შემადგენლობას თუ გადახედავთ, “მაკაბი” პრაქტიკულად ბოლომდე გადახალისდა. საკმაოდ ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ერთ გუნდად შეკვრას, დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ამდენი ხანი მწვრთნელი ვარ და ასეთი დაძაბული სამუშაო ჯერ არ მქონია. საბედნიეროდ, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე სეზონის დასაწყისში იყო.
- ისე გამოდის, ამ აწყობილი გუნდის დატოვება მთავარ მწვრთნელსაც სურს და მის ასისტენტსაც...
- რას იზამ, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა და ორივეს გარემოს გამოცვლის სურვილი გვაქვს. მე და ელიშა ლევი ამდენი ხანი ერთად ვმუშაობთ და დადგა დრო - მე ჩემთვის, მან კი მისთვის იმუშაოს. ეს, ჩვენს მეგობრობას ხელს ნამდვილად არ შეუშლის, უბრალოდ, დროა, მთავარ მწვრთნელად გავიდე.
- ალბათ, შესაბამისი შემოთავაზებებიც იქნება...
- ისრაელის უმაღლესი ლიგიდანაც მაქვს წინადადებები და პირველი ლიგიდან გადმოსვლის მსურველი გუნდებიდანაც. ზუსტად შემიძლია თქმა, რომ აპრილში, ალბათ, უკვე გამოიკვეთება ჩემი მომავალი სამუშაო ადგილი.
- ლადო დვალიშვილის წასვლის შემდეგ, როგორც ვიცით, საბერძნეთიდან დაიმატეთ მისი შემცვლელი.
- სალონიკის “არისიდან” დავიმატეთ ხორვატი თავდამსხმელი დანიელ ცესარეცი. ასევე საბერძნეთიდან, დავით კვირკველიას ყოფილ გუნდ “პანიონიოსიდან” შევიძინეთ 24 წლის ბოსნიელი ცენტრალური მცველი ედინ ცოკალიჩი. ისინი უკვე ძირითადში თამაშობენ, თუმცა ფორვარდს დვალიშვილის კონდიციამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
- ჩემპიონატის ჩატარების სისტემამ რეგლამენტის შეცვლაც ხომ არ გამოიწვია?
- კი. 16 გუნდიდან, წლეულს 3 გუნდი ვარდება დაბალ ლიგაში და მხოლოდ 1 გადმოდის. გუნდების რაოდენობას 14-მდე ამცირებენ, რაც კიდევ უფრო დაძაბულს გახდის ისრაელის ჩემპიონატს.
- ბოლოს, საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზეც გკითხავთ.
- მისაღები წინადადების შემთხვევაში, შეიძლება ამ საკითხზე დაფიქრება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ აქ მინდა დამოუკიდებელი პრაქტიკა მივიღო.
ფრიდონ კერვალიშვილი