გიორგი ჭანტურიამ წლეულს მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ჰოლანდიურ ერედივიზიონში. საწყენია, რომ 19 წლის ქართველ ფორვარდს, რომელიც უდავოდ გამორჩეული იყო 17 და 19-წლამდე ნაკრებებში, “ვიტესში” სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს. ჭანტურია მიზეზების თქმას არ ერიდება – მეტიც, ამბობს, რომ უთამაშებლობა გასულ ზაფხულს მის “ჯენოაში” მომწიფებული ტრანსფერის ჩაშლას უკავშირდება. "ვიტესმა" არ გამიშვაო.
... ჭანტურია ნაწყენია საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზეც, ოღონდ არა მაინცდამაინც ნაკრებში გამოუძახებლობის გამო:
- ქეცბაიას ჩემზე უთქვამს, რომ უხეში და მოუწესრიგებელი პიროვნება ვარ. თურმე ურთიერთობაში არ ვარ დადებითი. ადამიანს არ იცნობდე და ასე ლაპარაკობდე, არ მესმის. სჯობს, გამიცნოს და მერე თქვას ჩემს უარყოფით თვისებებზე.
- საიდან იცით, რომ ქეცბაიამ თქვენზე ცუდად ისაუბრა?
- მითხრეს მეგობარმა ფეხბურთელებმა. რამდენად სწორია უცნობ ადამიანზე ზურგსუკან ასე ლაპარაკი, ყველამ განსაჯოს. თანაც, როცა პიროვნულად ეხები. არ შეეძლო, თუნდაც ამხანაგურში ერთხელ მაინც გამოვეცადე? ახლა მესმის, უთამაშებელი ვარ, მაგრამ როცა პრაქტიკა მქონდა "ვიტესში", ერთხელ მაინც ხომ შეეძლო სტიმულის მოცემა... თუმცა, აქ მაინცდამაინც გამოუძახებლობაზე არაა. უბრალოდ, ჩემზე ცუდად რომ ისაუბრა, ამაზე ვარ ნაწყენი. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ყველაზე კარგი კანდიდატურა შოთა არველაძე იქნებოდა.
- რატომ მაინცდამაინც შოთა არველაძე?
- მე არ მახსოვს, შოთას ფეხბურთელებთან კონფლიქტი ჰქონოდეს. წესიერად უდგება საქმეს და თურქეთშიც არაფრისგან გუნდი დააყენა "ქაისერისფორი". იცის ფეხბურთელებთან მიდგომა, დიდი მწვრთნელების გვერდში აქვს ნამუშევარი. როგორც ფეხბურთელსაც, შოთას ქეცბაიაზე ნაკლები ნამდვილად არ გაუკეთებია საქართველოს ნაკრებისთვის...
...რაც შეეხება "ვიტესის" თემას.
- ძირითად გუნდში თამაში არ გიწევთ. რატომ?
- ეს ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როცა "ჯენოა" 4 მილიონ ევროს იხდიდა ჩემში და არ გამიშვეს. კი იძახიან, მოგონილია "ჯენოას" ვარიანტიო, მაგრამ სახლში მაქვს ორიგინალი, სადაც გარკვევით წერია გენუელთა შემოთავაზება, რომ მზად არიან ჭანტურიაში 4 მილიონი გადაიხადონ და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. "ვიტესის" ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ამ საკითხზე დამელაპარაკებოდა, მაგრამ დრო გამიწელეს. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და გაილია დრო. შემდეგ "ჯენოამ" განათხოვრებით სცადა ჩემი აყვანა და 800000 ევროსაც იხდიდა, ხოლო თუ თავს წარმოვაჩენდი და ჩემს ყიდვას დათანხმდებოდნენ, 4 მილიონზე მეტს გადაიხდიდნენ. სულით და გულით მინდოდა იტალიაში გადასვლა, მაგრამ არ გამიშვეს. არადა, "ვიტესს" ჩემს სანაცვლოდ 700000 ევრო აქვს გადახდილი "საბურთალოსთვის". თუმცა, "ვიტესში" ბოლო თვეებს ვატარებ. ახალი წლიდან უკვე სხვაგან ვიქნები.
- კი, მაგრამ თუ არ გაგიშვებენ?
- არა. უკვე "ვიტესიც" თანახმაა. რაც დამრჩენია, "ვიტესში" მთელი მონდომებით უნდა ვივარჯიშო, რათა ფორმაში ვიყო. საახალწლოდ თბილისში ჩამოვალ, შემდეგ კი ახალ გუნდს შევუერთდები. უბრალოდ, კარგი გაკვეთილი მივიღე: ამის შემდეგ მეცოდინება ადამიანების გარჩევა. პიროვნება, რომელსაც ბოლომდე ვენდობოდი და ძალიან ვაფასებდი, ცუდად მომექცა.
- ალბათ, მერაბ ჟორდანიაზეა საუბარი.
- არ მინდა დასახელება, ისედაც ცნობილია.
- ანუ, ამ ლოგიკით, დარჩენილ ტურებშიც არ უნდა ველოდოთ თქვენს თამაშს.
- არ ვიცი. ჩემთვის მთავარია, ფორმაში ვიყო. კარგი იქნებოდა, თამაშები მიწევდეს, მაგრამ სხვა რა გზაა, ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში...
- კი, მაგრამ "ვიტესს" რაში აწყობს, რომ არ გათამაშოთ და თქვენი სატრანსფერო ფასი დაბლა დაიწიოს? უთამაშებელ ფეხბურთელში ხომ ნაკლებს მიიღებენ.
- აი, ეს მიკვირს და მართლაც ვერ გამიგია, თუმცა 90 პროცენტით ვიცი, რომ ზამთარში იტალიაში გადავალ.
- რომელ კლუბში?
- სამი გუნდია დაინტერესებული და ერთ-ერთი "ჯენოაა".
- 19 წლის ხართ და ნუთუ, "ვიტესი" ცუდი ვარიანტია თქვენი ასაკის ფეხბურთელისთვის? ასე ძალიან რატომ გინდოდათ წასვლა?
- იტალია სხვა დონეა და თავს იქ უფრო წარმოვაჩენდი. სადაც წავალ, ყველგან ვითამაშებ. არ მეშინია. "ბარსელონადან" რომ მოვდიოდი, მეგონა, "ჩელსისთან" კონტრაქტს მივიღებდი, მაგრამ "ვიტესისა" მივიღე. თვალი დავხუჭე. იმ იმედით მოვდიოდი, რომ ქართველი იყო კლუბის მფლობელი, მაგრამ ისეთი რამ გამიკეთეს, გეგონება, ქართველი კი არა, ვიღაც სხვა ვყოფილიყავი. მაინც არ ვნანობ "ვიტესში" გადმოსვლას - აქ გავიცანი გურამ კაშია, რომელიც ბრწყინვალე ადამიანი და ფეხბურთელია. მარტო კაშიას გაცნობის გამო ღირდა არნემში თამაში. ისედაც, "ვიტესი" კარგად გამახსენდება. უბრალოდ, საწყენია, რომ ადამიანმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი, ეს გამიკეთა.
- მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მწვრთნელთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ, ინდივიდუალისტები არ მოსწონს. ფეხბურთელებთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, მათ ხელმძღვანელობა ცუდად არ ექცევა.
ილია ნანობაშვილი