ფეხბურთი

11:47 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ალავერდაშვილი: “ლიტვა ტრამპლინია”

ლიტვის საფეხბურთო A ლიგაში, “შიაულიაის” შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში დუბლის შემსრულებელმა გიორგი ალავერდაშვილმა გამოცემა სპორტას.ინფო-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელებას უფრო ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში გეგმავს.

- თამაშამდე გამარჯვებისთვის განწყობილი იყავით?

- რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვქონდა.

- მას შემდეგაც, როდესაც პირველი გოლი გაუშვით?

- დიახ. შესვენებაზე გასახდელში ვსაუბრობდით, რომ არა მხოლოდ ანგარიში უნდა გავათანაბროთ, არამედ, გავიმარჯვოთ კიდეც. ფრე ჩვენთვის მიუღებელი იყო. ყოველ მატჩში მოგება გვსურს. არა მგონია, ლიტვაში იყოს გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ. არც “ჟალგირისი” და არც “ეკრანასი” არიან იმ დონის გუნდები, რომლებსაც ვერ მოვუგებთ.

- სეზონის დასაწყისში “კრუოიაში” ირიცხებოდი და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე “შიაულიაიში” რატომ გადახვედით?

- “კრუოია” გაკოტრდა და ბოლო მომენტში კლუბის შეცვლა გადავწყვიტე. ლიტვაში დარჩენა მინდოდა და ამიტომ, “შიაულიაიში” გადავედი.

- შარშან შემოდგომაზე “ბანგაში” წარმატებული თამაშის შემდეგ, თქვენი შეძენით სხვა კლუბები დაინტერესდნენ...

- ზამთარში კონტრაქტი რუმინულ კლუბ “პანდურიისთან” გავაფორმე, სადაც დეივიდას მატულევიჩუსი თამაშობს. თუმცა, გუნდში მწვრთნელი შეიცვალა და ახალი მთავარი მწვრთნელი ნახევარდაცვაში მათამაშებდა, რაზეც უარი ვთქვი. რუმინული კლუბიდან წასვლის შემდეგ, ახალი გუნდის მოსაძებნად ცოტა დრო მრჩებოდა და ამიტომ, ლიტვაში დაბრუნება გადავწყვიტე. მანამდე, წინადადებები უკრაინიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან მქონდა. რაც ჩვენ თავს ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა.

- საქართველოდან რატომ წახვედით? ნუთუ პატარა ლიტვურ კლუბებში უფრო მეტ თანხას იხდიან?

- ფულის გამო არ წავსულვარ. ბევრი მიზეზი იყო. ტრავმები მქონდა და გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც იყო, რის გამოც საქართველოდან წავედი. შესაძლოა, საქართველოში უფრო მაღალი დონეა და მეტ ხელფასსც იხდიან. იქ ზოგიერთ კლუბში ფეხბურთელებს 25000 ევროს უხდიან, მაგრამ მე ევროპაში თამაში მინდა. ლიტვა ძალიან კარგი ადგილი იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინო და ევროპის სხვა კლუბში მოხვდე. ეს თავისებური ტრამპლინია. ლიტვაში ჩემი სათამაშო ფორმა უმჯობესდება და ვცდილობ, ყოველი თამაში უკეთესად ჩავატარო.

- “შიაულიაიში” დიდი ხნით დარჩენას არ აპირებთ? სეზონის დასრულების შემდეგ ახალ კლუბს მოძებნით?

- თუ უფრო მაღალი დონის კლუბში წასვლის შანსი მექნება, სადაც კონტრაქტის გაფორმებას შემომთავაზებენ, მაშინ წავალ. ამის შესახებ, “შიაულიაის” ხელმძღვანელობას ვესაუბრე და არა მგონია, რაიმე პრობლემები შეიქმნას.

- “ბანგაში” გოლები გაგქონდათ, “კრუოიაში” გადახვედით და იქაც გაიტანეთ, გოლების გატანა “შიაულიაშიც” არ შეგიწყვეტიათ. ახალ გუნდთან შესაგუებლად დრო გჭირდებათ?

- გოლები იმიტომ გამაქვს, რომ როდესაც მოედანზე გავდივარ, მათი გატანა მსურს. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდში ვთამაშობ. გოლების გატანა მიყვარს. ყველა გუნდში კარგად მიღებდნენ. ამიტომ, ადაპტაციის პრობლემა არ მქონია.

- “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერეთ, რომ მომღერალი გუტის პაშკევიჩიუსი მოგეწონათ. მისი მუსიკა მოგწონთ?

- სიმართლე გითხრათ, მე ჯგუფი SEL-ი უფრო მომწონს, რომლის მუსიკასაც ხშირად ვუსმენ. თუმცა, პაშკევიჩიუსის მუსიკაც მომწონს. ის ძალიან ლიტვური მეჩვენება. ჩემი მეგობრების ნაწილი ერთ მუსიკას უსმენს, ნაწილი – მეორეს და მეც გამაცნეს პაშკევიჩიუსის მუსიკა. ლიტვურ მუსიკაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მას ცუდად ვიცნობ.

- “ბანგაში” სხვა ქართველებთან ერთად თამაშობდი. ახლა მარტო ხარ. არ გიჭირს?

- არა. არ მესმის, ქართველს ურთიერთობა მხოლოდ ქართველებთან რატომ უნდა ჰქონდეს. თუ კარგი ადამიანია, ვცდილობ, კარგად მოვექცე, ცუდი ადამიანისთვის მეც ცუდი ვიქნები. ჩემთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ვირჩევთ, უფრო მნიშვნელოვანი სხვა თვისებებია. რა მნიშვნელობა აქვს, ქართველია, ლიტველი, გერმანელი თუ იტალიელი? მე ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობ. ბრაზილიელებს პორტუგალიურად ველაპარაკები. ამიტომ, ურთიერთობაში პრობლემა არ მაქვს.

0.122497