როგორც “მსოფლიო სპორტს” გუშინ უკვე ეწერა, 24 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა რუმინეთის ლიგა 1-ის “პანდურიისთან” გააფორმა კონტრაქტი – ექვსთვიანს პლუს 2 წელი. ალავერდაშვილმა ბოლო ნახევარი სეზონი ლიტვურ “ბანგაში” გაატარა და 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა, კონტრაქტი დაუმთავრდა და მალევე, “პანდურიისთან” გააფორმა.
სხვათა შორის, “პანდურიი” ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. გუშინ მორიგი მატჩი მოიგო, 16 მატჩში 33 ქულა აქვს და უკვე მეორე საფეხურზეა. უსწრებს ისეთ გუნდებს, როგორებიცაა ბუქარესტის “დინამო”, “კლუჟი”, “ვასლუი”. მოკლედ, ლიტვის ჩემპიონატიდან რუმინეთში გადასვლა აშკარა პროგრესია – ამას თქმაც არ უნდა.
“მსოფლიო სპორტი” ალავერდაშვილს ესაუბრა:
- კონტრაქტი ახალი წლიდან შედის ძალაში. 15 დეკემბერს რუმინეთის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება, გუნდს 15 იანვრიდან დაეწყება შეკრება და მეც შევუერთდები.
- მანამდე სად ივარჯიშებთ?
- ინდივიდუალური პროგრამა მომცეს “პანდურიიში”.
- კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენი დღე ივარჯიშეთ “პანდურიიში”?
- ორი დღე. კლუბში უკვე იცოდნენ ჩემზე და ასე ვთქვათ, ჰაერზე არ ჩავსულვარ. ნანახი ჰქონდათ ჩემი თამაშები “ბანგაში”.
- 2005 წელს თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდით და საკმაოდ კარგადაც. 17 წლის იყავით და თქვენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, შემდეგ კი არ ჩანდით, საქართველოს პირველ ლიგაშიც იყავით და წლეულს “ბანგაში” მშვენიერი სტატისტიკა გქონდათ. როგორ მოხდა, რომ ამხელა ჩავარდნის შემდეგ, ისევ ათამაშდით?
- ფეხბურთია და ხდება. “ლოკომოტივში” მართლაც კარგი სეზონი მქონდა, საქართველოს თასიც მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ ამერია კარიერა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეგხვდება მწვრთნელი, როგორი ატმოსფერო იქნება გუნდში. 21 წლის ბიჭს ერთი-ორი თამაში რომ ჩაგივარდება და იტყვიან, მორჩა, ამისგან ფეხბურთელი ვერ დადგებაო, არასწორია. “ბანგაში” ჩემი თავი ვიპოვე.
- ლიტვის ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- არც ზედმეტ ქებას დავიწყებ და არც ცუდს ვიტყვი. საქართველოს ჩემპიონატში სხვა სტილის ფეხბურთია, ლიტვაში – სხვა. ზოგს, შესაძლოა, საქართველოსი უფრო მოეწონოს, მაგრამ ზოგს – ლიტვისა. მოკლედ, სხვადასხვა სპეციფიკაა. ლიტვაში უფრო იმიტომ გადავედი, რომ იქიდან პოლონეთში წავსულიყავი. მქონდა კიდეც პოლონური გუნდების ვარიანტები, მაგრამ ჩემი აზრით, რუმინეთის ლიგა უკეთესია. ეს ევროტურნირებიდან აშკარად ჩანს. შევხედოთ “კლუჟს”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაშია და კარგადაც თამაშობს. რუმინეთს ორი გუნდი გაჰყავს ჩემპიონთა ლიგაში და 4 – ევროპის ლიგაში. ეს უკვე ბევრზე მეტყველებს.
- თანაც, “პანდურიი” უკვე მეორე ადგილზეა...
- ეს ძალიან კარგია. გუნდი გამართულ ფეხბურთს აჩვენებს და სამართლიანადაა მეორეზე. ჩემპიონობაზეც კი ფიქრობენ. 3 ნახევარმცველი რუმინეთის ნაკრებშიც თამაშობს. 24 წლის ვარ და ჯერ ყველაფერი წინაა.
ილია ნანობაშვილი