აზერბაიჯანულმა “ყარაბახმა” ევროპის ლიგაზე 3 რაუნდი გაიარა და ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფში შესვლამდე, თუმცა, როგორი ნაბიჯი... მეტოქედ გერმანული “დორტმუნდი” ეყოლება. “ყარაბახის” ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი შემტევი გიორგი ადამია “აზერისპორტთან” საუბარში ამბობს, რომ დორტმუნდელების სულაც არ ეშინიათ და იმედი აქვთ, მათაც პოლონური “ვისლას” გზას გაუყენებენ...
- რას იტყვით კენჭისყრის შედეგებზე? მეტოქე “დორტმუნდია”...
- ამ რაუნდში იოლ მეტოქეს არც ველოდით. “დორტმუნდი” სახელიანი და ძლიერი გუნდია, რომელსაც ევროტიტულებიც მოუგია. მიუხედავად ამისა, შანსი გვაქვს და მის გამოყენებას ვეცდებით.
- “დორტმუნდის” ბარიერის გადალახვა შესაძლებელია?
- იმედია, ასე მოხდება. წინასწარ ძნელია ლაპარაკი, რადგან არ ვიცით, როგორ მდგომარეობაშია გერმანული კლუბი. ფაქტი ისაა, რომ “დორტმუნდი” “ვისლა” არაა და გაგვიჭირდება.
- “ვისლასთან” მოგებულ საპასუხო მატჩზე (3:2) ვისაუბროთ. იფიქრებდით, რომ ყველაფერი ასე ადვილად მოხდებოდა?
- ვინ თქვა, ადვილი იყოო? პირველი ტაიმი ყოჩაღად ჩავატარეთ და 3 გოლი გავიტანეთ. ეგაა, ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ასეთ ტაიმს ვითამაშებდით.
- საერთოდ, პოლონელები პირველ გოლს რომ უშვებენ, ფსი-ქოლოგიურად ეცემიან. ეს პირველ მატჩშიც გამოჩნდა. ეს იგრძენით და მეორე-მესამე გოლების გასატანადაც იმიტომ შეუტიეთ ასეთი დიდი ძალებით?
- “ვისლამ” თამაში გახსნა და ჩვენც უფრო გაგვიადვილდა შეტევების მოწყობა. ცოდო იყო, ამით არ გვესარგებლა, თანაც, პირველმა გოლმა ფრთები შეგვასხა.
- “ყარაბახი” პირველი აზერბაიჯანული კლუბია, რომელმაც ევროპაში 3 ეტაპი გადალახა. შეიძლება ითქვას, ევროსეზონისთვის დასახული ამოცანა შესრულებულია?
- არა, ჩვენ მადა მოგვეცა და მეტის მიღწევა გვინდა. კარგი იქნება, მე-4 რაუნდსაც თუ გავივლით.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა