ფეხბურთი

21:24 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ღიმილიანი დეშამი: “აქაც ბენზემა? თქვენც ფრანგი ხართ?”

 

საფრანგეთის ნაკრებმა, “დინამო არენაზე” ვარჯიში დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყო, მანამდე კი, დიდიე დეშამმა პრესკონფერენცია გამართა. დარბაზში მასთან ერთად გახლდათ ნაკრების მეკარე უგო ლორისიც, რომელიც ბოლო ორ კვირაში მეორედ ჩამოვიდა  თბილისში: “ტოტენჰემთან” ერთად იყო.

ცოტა სხვაგვარი წარმოგვედგინა დეშამი – უფრო მკაცრი, პირქუში... პირიქით, საკმაოდ მხიარულია, ყველას უცინოდა და ფრანგი ჟურნალისტები რამეს რომ ჰკითხავდნენ, სიცილით უბრუნებდა პასუხებს.

თუმცა, დეშამს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, კარტები არ გაუხსნია და სათამაშო სიტუაციებზე კითხვისას ღიმილით პასუხობდა: “ხვალ ნახავთ”. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობდა ნაკრებში ბენზემას უშედეგო თამაშზე (1155 წუთი უგოლოდ), დეშამმა გაიცინა:

-       თქვენც ფრანგი ხართ? საფრანგეთში სულ ეს კითხვა ისმის. ბენზემა კარგი ფეხბურთელია და მჯერა, ნაკრებში შეუდგება გოლების გატანას.

-       “მონაკოს” ფორვარდ რივიერზე რას იტყვით?

-       ის შარშან ლიგა2-ში თამაშობდა და იქაც ბევრი მატჩი გამოტოვა. კარს არავის ვუკეტავ. რივიერი თვალთახედვის არეში მეყოლება.

-       რას იტყვით საქართველოს ნაკრების სუსტ და ძლიერ მხარეებზე?

-       მებრძოლი ნაკრებია, რაც ესპანეთთანაც დაამტკიცა, როცა მხოლოდ ბოლო წუთებში გაუშვა გოლი და ამის შემდეგ მომენტიც ჰქონდა. ეს ის ნაკრებია, რომელსაც მოულოდნელი შედეგის მიღწევა შეუძლია. გამოვარჩევდი ანანიძეს, ოქრიაშვილსა და თარგამაძეს.

-       საქართველომ აგვისტოში ყაზახეთთან წააგო. ხვალ რომ დამარცხდეთ საქართველოსთან, ეს, ძალიან მძიმე დარტყმა იქნება?

-       ვნახე ყაზახეთთან მატჩი და საქართველოს ნაკრები კარგად ვერ გამოიყურებოდა, თუმცა ხვალ საფრანგეთს ეთამაშებიან და მოტივაცია გაცილებით მეტი ექნებათ. იმედია, საქართველო ჩვენგან ვერ მიიღებს საჩუქარს.

-       ბოლო 4 მატჩიდან ერთიც ვერ მოიგეთ. ბოლოს, სწორედ საქართველოს ნაკრებთან იმარჯვეთ. ეს ხომ არ იმოქმედებს უახლოეს ორ თამაშზე (ფრანგები 10 სექტემბერს ბელარუსში თამაშობენ)?

-        სიახლე არაა, რომ წარუმატებლობა ცუდად მოქმედებს გუნდზე, თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხვალ, შევწყვიტოთ ცუდი სერია. ჩვენი მიზანი, ამ უახლოეს მატჩებში 6 ქულის აღებაა და ამაში არაფერია გასაკვირი.

-       ბენზემას ხვალ თუ ათამაშებთ, მეტ სირბილს დაავალებთ?

-       არის ისეთი თვისებები, რომლეიც მინდა, რომ ბენზემამ გამოასწოროს. მას ეს შეუძლია. ქარიმს ველაპარაკე და რამდენად მოძრავი იქნება, მის ფიზიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ლორისი:

- საქართველოს ნაკრებს მარტში 3:1 მოუგეთ. იმ მატჩიდან რომელი ქართველი ფეხბურთელი დაგამახსოვრდათ?

-       კონკრეტულ გვარებს მოვერიდები, მაგრამ დამამახსოვრდა, რომ საქართველოს ნაკრები მომენტებს ქმნიდა. ეს ის გუნდია, რომელსაც მწვავედ თამაში შეუძლია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რომ 6 ქულა ავიღოთ მოახლოებულ 2 მატჩში და იმედია, ასეც მოხდება. 

-       მიიჩნევთ, რომ საქართველოსთან თამაში შედარებით იოლი იქნება, ვიდრე ვთქვათ, ბელგიასთან შეხვედრა?

-       არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სხვებზე ბევრად ნაკლებია. გუნდებს სირთულეების მიხედვით არ დავყოფდი, ყველა საერთაშორისო შეხვედრაში ბრძოლაა საჭირო, თორემ შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზი მივიღოთ.

-       საფრანგეთი რიბერით და რიბერის გარეშე, რამდენად განსხვავდება?

-       რა თქმა უნდა, რიბერი დიდი ძალაა, მაგრამ არ მინდა, რომ რომელიმე ფეხბურთელი გამოვარჩიო. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ გუნდურად.

-       მეორე ადგილი, ფაქტობრივად, გარანტირებული გაქვთ და ეს ხომ არ მოგადუნებთ?

-       არანაირად. ჩვენ ყველა მატჩში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და გამონაკლისი არც საქართველოსთან თამაში იქნება.  

ფრანგების ვარჯიში საწყისი 15 წუთით იყო ღია ჟურნალისტებისთვის ღია. ფეხბურთელები ნახევარ მოედანზე გამწკრივდნენ, ორად გაიყვნენ და ხელბურთს თამაშობდნენ – სახალისო ვარჯიში იყო, შემდეგ კი დეშამი, რა თქმა უნდა, უფრო დატვირთავდა გუნდს.


0.306486