“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი შემტევი რაიან გიგზი, რომელმაც გუშინ, ევროტურნირებზე, თავისი 150-ე თამაში ჩაატარა, მადრიდის “რეალთან” დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი დარჩა.
1/8-ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, გუნდებმა 1:1 ითამაშეს, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ, უპირატესობას “წითელ ეშმაკებს” აძლევს.
“რეალს” ძლიერი გუნდი ჰყავს და ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ფრით კმაყოფილნი ვართ. დღევანდელი შეხვედრიდან მთელი რიგი დადებითი მომენტების გამოყოფა შეიძლება. სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ და თავსაც კარგად ვიცავდით. როდესაც ასეთი დონის გუნდს სტუმრობ, დაცვაში ყოველთვის ძალიან კარგად უნდა ითამაშო.
ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, გატანის შესაძლებლობა კვლავ ორივე გუნდს ექნება. იმედი მაქვს, მზად ვიქნებით, თავი დღევანდელივით კარგად დავიცვათ და სახიფათო მომენტები შევქმნათ.” – ციტირებს რაიან გიგზის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.