გორის “დილას” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძე დაინიშნა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დილას” პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქუთაისის “ტორპედოსთან” საპასუხო მატჩის (2:0) შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ “დილა” 1/2-ფინალში გავიდა, რამაზ სოღოლაშვილმა გუნდის თავკაცის თანამდებობა დატოვა. მან თავისი გადაწყვეტილება გუნდის ზედა ექვსეულში ვერმოხვედრით ახსნა.
გიგატაძე 2010-2013 წლებში ქუთაისის “ტორპედოში” მუშაობდა – მთავარი მწვრთნელიც იყო და დუბლშემადგენლობასაც ავარჯიშებდა. 2011 წელს, მისი ხელმძღვანელობით “ტორპედოს” საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში “გაგრასთან” დამარცხდა (0:1).
გორულ კლუბში გიგატაძის დებიუტი 30 მარტს თბილისის “ვიტ ჯორჯიასთან” საშინაო მატჩში შედგება.