ფეხბურთი

14:14 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ბეჭვაია: “არ შეიძლება, წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ იმ თემასთან დაბრუნება და გაურკვეველი კომენტარის გაკეთება”

ბოლო დროს ჩვენი კლუბის მიმართ აგორებული შავი პიარის ადრესატი გიგა ბეჭვაიაც გახდა. “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას გაზეთ “ლელოში” ნათქვამი ფრაზის შემდეგ, ბეჭვაიას ვესაუბრეთ. მასთან ინტერვიუ სწორედ, ფიფიას ფრაზით დავიწყეთ.

- “ფეხბურთელს მაქინაციებისთვის იჭერ, მერე უშვებ და საკუთარ კლუბში ასაქმებ, ყოველივე ამას რაიმე კომენტარი სჭირდება?” - ასეთი სიტყვები თქვა “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ერთ-ერთი ქართულ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის სავარაუდო ადრესატი ალბათ შენც იყავი.

- პირველყოვლისა, იმ პერიოდში მე სხვა კლუბში ვირიცხებოდი. ჩემთვის ავადგასახსენებელი ფაქტის შემდეგ, სათანადოდ დავისაჯე და ბოდიშიც მოვიხადე. რაც შეეხება რომან ფიფიას განცხადებას, არ შეიძლება წელიწადნახევრის შემდეგ ისევ იმ თემასთან დაბრუნება და გაუგებარი კომენტარის გაკეთება. ჩემთვის მტკივნეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გორის “დილას” ხელმძღვანელობამ ჩემთან ურთიერთობა გადაწყვიტა, რისთვისაც მადლობას ვუხდი კლუბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ ნდობა გამომიცხადა.

-ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ განაცხადე, რომ დისკვალიფიკაციის პერიოდში ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდი. ზოგიერთებმა ეს იმგვარად გაიგეს, თითქოს  თავიდანვე იცოდი, რომ აუცილებლად დაბრუნებოდი.

-25 წლის ასაკში ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი და იმ ფაქტის შემდეგ, არ ვაპირებდი არანაირად დანებებასა და ფარ-ხმალის დაყრას. თუმცა, ეს არ ნიშნავდა, თითქოს მე ვიცოდი რომ ფეხბურთში დამაბრუნებდნენ. მინდა ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ამაში თავისი წვლილი შეიტანა. ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ თავი არ დამიზოგავს ჩემი გუნდისა და გულშემატკივრების წინაშე. „დილას“ შემადგენლობაში ჩავატარე 33 ოფიციალური მატჩი, გავიტანე 4 გოლი. ამ შეხვედრებიდან 6 ევროპის ლიგაზე ვითამაშე და ვფიქრობ, ჩემზე დაკისრებული იმედები გავამართლე.

- იმ კლუბის წევრი ხარ, რომელსაც “დინამოსა” და “ზესტაფონის” პრეზიდენტები გარკვეულ მაქინაციებში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებებზე რა რექცია გაქვს?

- ჩემი აზრით, ეს ბრალდებები სატურნირო ცხრილიდან და კლუბებს შორის დაძაბული მატჩებიდან არის გამომდინარე. ვფიქრობ, არიან ადამიანები, ვინც ასეთ მცირე დროში, გორის “დილას” დონის კლუბის ჩამოყალიბებას შურის თვალით უყურებენ. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.

- უახლოესი მატჩი თბილისის “დინამოსთან” გიწევთ. როგორია გუნდის და შენი მოტივაცია მომავალი მატჩის წინ და დარჩენილ თამაშებში?

- 27 აპრილს, “დინამოსთან” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ ორმაგად მოტივირებულნი გავალთ მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. ვეცდებით ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. მოტივაცია დარჩენილ მატჩებშიც უდიდესი გვაქვს და ყველა ჩვენთაგანი დიდი თითოეულ თამაშს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. კლუბი თავისი ისტორიის მანძილზე ჩემპიონობისთვის პირველად იბრძვის და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ტიტული სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვოთ.

“დილას” პრესსამსახური

 

 

0.107406