გულშემატკივრის სვეტი

14:03 | 4.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

გიჯას შვილები

იგივე ქვეყანა, იგივე ხალხი, იგივე შემართება და ფეხბურთისადმი სიყვარული... მაგრამ მაინც, თითქოს რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს... სამოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ურუგვაის ნაკრებმა 1950 წელს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, კაცი ვერ ჩამოთვლის. გამოჩნდნენ თვალისმომჭრელი სიკაშკაშის ვარსკვლავებიცა და გენიალური მწვრთნელებიც, მაგრამ ურუგვაული ფეხბურთი თითქოს ერთ ადგილზე გაიყინა და მათი ლეგენდარული გუნდი თავს მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ შეგვახსენებდა, ისიც ლათინოამერიკის მასშტაბის წარმატებებით და თანდათან მტკიცდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ ურუგვაული ფეხბურთი მოძველდა, გადახუნდა, ვერ აჰყვა თანამედროვეობას და ისეთივე ისტორიად იქცა, როგორც მონტევიდეოსთან ახლოს ახლახანს აღმოჩენილი ინდიელების ძველი ნასახლარები, რომელიც თითო-ოროლა ეთნოგრაფს თუღა აინტერესებს. 

ურუგვაულ ფეხბურთზე დამკვიდრებული შეხედულება და აზრი მთლად ნათელი ჭეშმარიტება რომ არაა, ეს მსოფლიოს უკანასკნელ ჩემპიონატზე დიეგო ფორლანისა და მისი თანაგუნდელების კარგი თამაშითაც დადასტურდა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც ამ ქვეყნის შესახებ ვსაუბრობთ, უპირველესად სწორედ სკიაფონო, გიჯა და სხვა ”ორმოცდაათიანელები” გვახსენდება, რომლებმაც ”მარაკანაზე” ბრაზიალიას ააძვრეს სკალპი და ალბათ მუდამ ასე იქნება, სანამ ოდესმე მაინც არ დადგება დრო, როდესაც ურუგვაი მესამედ იჩემპიონებს.
ერთხელ, თუ არ ვცდები 1998 წელს, საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დიდმა პარაგვაელმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა ფრანგი ჟურნალისტების კითხვას, შეუქმნიდა თუ არა პარაგვაელ ფეხბურთელებს პრობლემას საფრანგეთთან თამაშის დროს ათეულათასობით ფრანგი ქომაგის მხურვალე გულშემატკივრობა, მეტად საინტერესოდ უპასუხა. ”საფრანგეთს მართლაც კარგი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ თითქმის ყოველ წელს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დედაქალაქებში გვიწევს თამაში. თქვენ იცით, რას ნიშნავს მონტევიდეოში ურუგვაის წინააღმედ მატჩის გამართვა?! მე ამას შევადარებდი ერთი ტორეადორის ბრძოლას ას აგრესიულ ხართან, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან, გამოგფატრონ”. გასაგებია, რომ ხოსე ლუისმა”გამოფატვრა” სულ სხვა მნიშვნელობითა და სხვა კონტექსტით იხმარა, მაგრამ თუკი ურუგვაელი ინჩასების საკუთარი გუნდისადმი დიდ სიყვარულს გავითვალისწინებთ, ჩვენც შეგვიძლია ცოტა ხნით წარმოვიდგინოთ ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებთა შეხვედრა, სადაც ჩილავერტი თავლებიდან ცეცხლისმფრქვეველ ათეულათასობით ურუგვაელს შესცქერის და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ერთი სული აქვს, როდის ჩაირბენს გასახდელში.
დღევანდელი ურუგვაის ნაკრების ქომაგები იმ ადამიანების შვილები და შვილიშვილები არიან, რომლებმაც გასული საუკუნის 30-50-იან წლებში ურუგვაიში არსებული დიდი ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, მსოფლიოს დაანახეს, რომ დიდი საქმეების კეთება შიშველი ენთუზიაზმითაც შეიძლება და ურუგვაელები არ არიან ის ხალხი, რომლებიც წარუმატებლობას მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების ნაკლებობას აბრალებენ და წუწუნი საკუთარ ხელობად გაუხდიათ.
როცა არგენტინელი ფეხბურთელი გაბრიელ ბატისტუტა ჯერ კიდევ არგენტინაში, აწ ვაებაში მყოფ ”რივერ პლეიტში” თამაშობდა, კლუბთან ერთად 1989 წელს საწვრთნელ შეკრებაზე ურუგვაიში ჩავიდა. გაბრიელს იქამდე ურუგვაისთან არაფერი აკავშირებდა და იცოდა, რომ ურუგვაი ერთი ჩვეულებრივი ტიპიური ლათინოამერიკული ქვეყანა იყო - რა თქმა უნდა, არგენტინელისათვის ნაკლებად ეგზოტიკური. ბატისტუტა ურუგვაიში ყოფნის პერიოდს ასე იხსენებს: ”სასტუმრო, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ”ესტადიო სენტენარიოდან” (ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი ურუგვაიში, სადაც 1930 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ურუგვაიმ არგენტინა დაამარცხა) ახლოს მდებარეობდა. როგორც იცით, ამ სტადიონთან არგენტინელებს ძალიან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს. სასტუმროდან სტადიონამდე ფეხით მივდიოდით ხოლმე. ”რივერი” პოპულარული გუნდია და ქუჩაში ბევრი გვცნობდა, გვესალმებოდა და ხელსაც გვართმევდა. ურუგვაიში მთელი ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება და გასაოცარი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში არცერთ ურუგვაელს არ გაუხსენებია ძველი ამბები, როდესაც ურუგვაი ჩვენს ნაკრებს ხშირად ამარცხებდა. ეს მაშინ, როდესაც დღევანდელი ურუგვაის ნაკრები ის აღარ არის, რაც ადრე იყო”. გაბრიელ ბატისტუტას ამ სიტყვებს დიდი დამოწმება და ანალიზი ნამდვილად არ სჭირდება და არც იმას სჭირდება განმარტება, რომ ურუგვაი მომავალში კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. იქნებ ეს სიურპრიზი სულ მალე, არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკას გათამაშებაში მოხდეს. რატომაც არა? ურუგვაის გრანდების მათსავე ქვეყანაში დამარცხება ხომ არასოდეს ესწავლებოდა. ეს ხომ გიჯას ქვეყანაა?! ეს ხომ იგივე ხალხია!
 
 
 
ლევან სეფისკვერაძე
 
0.121061