ინტერვიუები

9:38 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

გია ნიჟარაძე: “ა” ნაკრების რამდენიმე წევრი მალე ეროვნულ გუნდში გამოჩნდება”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი - გია ნიჟარაძე, რამდენიმე დღის წინათ ბრიტანეთში გაემგზავრა და საქართველოს “ა” ნაკრებისა და ჩრდილოეთ უელსის ნაკრების შეხვედრას დაესწრო. “ა” ნაკრების თბილისში გამოსტუმრების შემდეგ, მან მადრიდში გადაინაცვლა, სადაც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ დივიზიონში გამოდის და დღეს, იტალიის ნაკრებს V-VIII ადგილის ნახევარფინალში დაუპირისპირდება.

“მსოფლიო სპორტი” ნიჟარაძეს ესპანეთში დაუკავშირდა და უწინარესად, “ა” ნაკრების ბოლო თამაშსა და ზოგადად, ამ ტურნეზე დაეკითხა. 
გია ნიჟარაძე: რაღა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვართ, გუნდმა ტურნეზე სამიდან სამი მატჩი მოიგო, თუმცა, ბოლო თამაშის ხარისხმა უკმაყოფილების გრძნობა გაგვიჩინა. ქართველმა მორაგბეებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. გამარჯვებები კი სასიამოვნოა, მაგრამ “ა” ნაკრების დანიშნულება ეს სულაც არაა. ასეთი ტურნეს მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მწვრთნელები მოთამაშეთა გარკვეულ ჯგუფს დააკვირდნენ, მათზე წარმოდგენა შეექმნათ და შემდგომში ისინი ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ. იცით, რომ ბრიტანეთში ეროვნული ნაკრების თავკაცებიც იყვნენ, მათ სამივე თამაში იხილეს და რამდენიმე მორაგბის გვარი ჩაინიშნეს კიდეც.
- ხომ ვერ გვეტყვით, რომელმა მორაგბეებმა მოხიბლა ყველაზე მეტად მილტონ ჰეიგი?
- ეს მალე გახდება ცნობილი, როდესაც ეროვნული გუნდის შემადგენლობა დასახელდება და იქ ახალი მორაგბეები გამოჩნდებიან, “ა” ნაკრებიდან. მწვრთნელის საქმეში არ ვერევი და ვფიქრობ, დროზე ადრე არც თავად ისინი ისურვებენ მათი ვინაობის დასახელებას. 
- თქვით, გამარჯვება მნიშვნელოვანი არ არისო და ამ დროს, მე-3 მატჩში, ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმები კარში დაარტყეს, ანუ, მოგებაზე ითამაშეს...
- მოედანზე მოთამაშეები, კაპიტანი წყვეტს, როგორ მოიქცნენ და მე-3 მატჩში მან გადაწყვიტა ჯარიმების კარში დარტყმა. ისე, მანამდეც, უელსის პრემიერლიგის ნაკრებთან შეხვედრისას, ნიკოლავამ ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანა და ჩვენი გუნდის გამარჯვება განაპირობა. პრინციპში, მანამდე დასარტყმელი ჯარიმები არც გვქონია.
- უელსში რა გამოხმაურება მოყვა საქართველოს “ა” ნაკრების სტუმრობას?
- რომ გითხრათ, დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი-თქო, მოგატყუებთ. გარკვეულწილად, მათი მხრიდან, ჩვენი, რეალურად მესამე ნაკრების ეროვნულად წარდგენა, უღირსი საქციელი იყო, თუმცა, ამას უფრო კომერციული მიზნები ჰქონდა, გულშემატკივარი რომ მიეზიდათ სტადიონზე. უშუალოდ მატჩისას კი, სტადიონზე აცხადებდნენ, რომ საქართველოს “ა” ნაკრები თამაშობდა. მთლიანობაში, მათთვისაც კარგი იყო ეს თამაშები, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მე-2 თამაში იყო, სადაც უელსის პრემიერლიგის ნაკრებს დავუპირისპირდით. ეს იყო ორი თანაბარძალოვანი გუნდის თამაში - მასპინძლები უელსის მე-3 ნაკრებით გამოდიოდნენ, ისევე, როგორც ჩვენ. საქართველოს “ა” ნაკრებში თამაშობდნენ ეროვნული ჩემპიონატის გუნდების წევრები, პლუს 2 ლეგიონერი და სასიამოვნოა, რომ ასეთ სიტუაციაში, ჩვენმა მე-3 ნაკრებმა უელსის მესამისას აჯობა. 
- ალბათ, საქართველოს “ა” ნაკრები მე-3 მატჩის იოლად მოგებას გეგმავდა.
- შეხვედრებს შორის სულ 4 დღე იყო სხვაობა. გუნდში მრავლად იყო ტრავმები, ბიჭები დაღლილები იყვნენ და მე-3 თამაშზე სრული მობილიზაციით ვერ გავიდნენ. არადა, ჩრდილოეთ უელსის ნაკრები ძალიან კარგი, ახალგაზრდული გუნდი იყო. დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭებიდან სულ მალე 6-7 მორაგბე ეროვნული ნაკრების კანდიდატი იქნება. 
- გასული წლის ბრიტანული ტურნეს შემდეგ, ჰართპულის კოლეჯში ქართველი მორაგბეები გამოჩნდნენ, ახლა თუ უნდა ველოდოთ ქართველების უელსურ გუნდებში გამოჩენას?
- ჰართპულის კოლეჯთან ურთიერთობის გაბმა, ბრიტანულმა ტურნემ კი არა, დონ კასკის აქტიურმა ჩარევამ განაპირობა. ჩვენ ამ კოლეჯთან მომავალშიც განვაგრძობთ ურთიერთობას და სიამოვნებით ვითანამშრომლებთ უელსელებთანაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. 
- ბრიტანეთიდან თქვენ მადრიდში ჩახვედით, სადაც დღეს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოდის. მეოთხედფინალში, ინგლისთან 8:58-ით მარცხის შემდეგ, ბიჭები გულგატეხილი ხომ არ არიან?
- რეალურად, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ინგლისელებთან წავაგებდით და გულგატეხილიც არავინაა. შეშფოთებას იწვევს ის, რომ მოედანზე ბიჭებმა ვერაფერი გააკეთეს იმისგან, რაზეც მთელი 3 თვე მუშაობდნენ. გასაგებია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები იყო... თუმცა, ინგლისელები ფიზიკურადაც უფრო მძლავრები იყვნენ. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ისინი ორჯერ უფრო დიდები იყვნენ ჩვენს ბიჭებზე. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ინგლისელები 22-ს 100 ათასი ბავშვიდან ირჩევენ, ჩვენ კი, 50-დან. მიუხედავად ყველაფრისა, ინგლისთან ბევრად უკეთ შეგვეძლო თამაში, არაფერი გამოვიდა, მაგრამ არაუშავს, ესეც გამოცდილებაა. 
- დღეს იტალიასთან გველის მატჩი.
- დღეს უნდა დავამტკიცოთ ის, თუ რა შეგვიძლია. ამ ბიჭებმა, ცოტა ხნის წინათ, ერთი წლით უფროსები, “კლერმონის” ძალიან ძლიერი გუნდი ლამაზ სტილში დაამარცხეს, ასეთი რამ კი, შემთხვევით არ ხდება. ე. ი. ამ ბიჭებს თამაში შეუძლიათ და ეს იტალიასთან უნდა აჩვენონ. ბიჭებს ფსიქოლოგიური პრობლემები აღარ ექნებათ, გუშინ კარგად ივარჯიშეს, მცირე ტრავმები არის, მაგრამ საშიში არაფერია. იტალიის ნაკრები, მიუხედავად დიდი ანგარიშით მარცხისა, ხელწამოსაკრავი სულაც არაა და დიდი ბრძოლა იქნება. უბრალოდ, ამ ასაკში სხვაობა ძალიან დიდია და ირლანდიას, უელსს, ინგლისს, მუდამ ძლიერი გუნდი ჰყავთ. მოკლედ, ყველაფერი დღეს გამოჩნდება და იმედია, ეს ბიჭები იტალიელებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ.
 
ზურა ქსოვრელი 
0.11989