ფეხბურთი

12:28 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ისიანი “ოლბორგის” წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე შეთანხმდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ევროპის ლიგის კენჭისყრას, გორის “დილას”  მენეჯერი ბატონი გია ისიანი დაესწრო, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გორელთა ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

“ნიონში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, “ოლბორგის” სპორტულ დირექტორს ლონგე იაკობსენსა და კლუბის მენეჯერ ალან სკარდეს შევხდი. ვისაუბრეთ ჩვენი მომავალი შეხვედრების საორგანიზაციო საკითხებზე და სათამაშო ფორმებზეც.

მოგეხსენებათ, ჩვენ გავაფორმეთ ფირმა “სალერთან” ხელშეკრულება, რის შემდეგადაც საშინაო მაისურის ფერი იქნება ბორდოსფერი, საგარეო კი, ცისფერი. ვისაუბრეთ კიდევ სხვადასხვა თემებზე.

მათ ინფორმაცია აქვთ ჩვენი კლუბის შესახებ, რადგან შარშან სწორედ დანიური “ორჰუსის” ბარიერი გადავლახეთ. იციან, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია. საუბარში აღნიშნეს, რომ მათი ძირითადი თავდამსხმელი ჰელენიუსი გადავიდა ინგლისურ “ასტონ ვილაში”. “ოლბორგი” ახალგაზრდული გუნდია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოვიპოვოთ.

ცნობილი გახდა, რომ “ოლბორგი” 2-დან 10 ივლისამდე შეკრებას გერმანიაში გაივლის, კერძოდ, ჰოფენჰაიმში და ვეცდებით მივავლინოთ ჩვენი წარმომადგენელი დანიელების ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის სანახავად. “ოლბორგის” წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ მოგვაწვდიან საკუთარ კლუბზე ინფორმაციას, რაც კოლეგიალურად მართებულად მიგვაჩნია. შევთანხმდით ერთმანეთში ვიდეოფირების გაცვლაზეც.

როგორც იცით, ჩვენ 30 ივნისს მივემგზავრებით თურქეთში ათდღიან შეკრებაზე, სადაც გავმართავთ 3 ამხანაგურ შეხვედრას: აზერბაიჯანულ „სიმურგთან“, ირანის ჩემპიონ „ესტეღლალთან“ და მესამე სპარინგის სავარაუდო მეტოქეები არიან რუსეთისა და თურქეთის პირველი ლიგის კლუბები ან რუმინეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი გუნდი. ამ სამი მეტოქედან მთავარი მწვრთნელი თვითონ გადაწყვეტს მატჩს ვისთან ჩავატარებთ.

იმედი გვაქვს, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება ევროპის ლიგის მატჩებს და კლუბისა და ქართული ფეხბურთის პრესტიჟს წარმატებით დავიცავთ.“

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო 

0.118636