როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, გია გურული ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 47 წლის სპეციალისტმა ინტერვიუში გაგვიმხილა, რომ კლუბს სერიოზული ამბიციები აქვს და დიდი შანსია, ზაფხულიდან უკრაინულმა კომპანიამ გასწიოს სპონსორობა. დიდწილად, ეს იმაზეა დამოკიდებული, “დინამო” უმაღლეს ლიგაში დარჩება თუ არა.
ახლა კი, ინტერვიუ:
- საიდან და როდის წამოვიდა ინიციატივა გუნდში თქვენს ჩამოყვანაზე?
- საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. უკვე ორი წელია, რაც ბათუმის “დინამოში” ჩემს ჩამოსვლაზე დაიწყო საუბარი. მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო, რადგან საფრანგეთში ვცხოვრობდი, ოჯახიც იქ იყო, ახლა კი, ფაქტობრივად, გადმოსული ვარ საქართველოში.
- ბოლო პერიოდშიც ხომ საფრანგეთში ცხოვრობდით?
- უკვე პერიოდულად. ბოლოს უმეტესად საქართველოში ვიყავი – მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი სანდრო აქეთ ჩამოვიდა სათამაშოდ.
- რამდენხნიანი კონტრაქტი გააფორმეთ “დინამოსთან”?
- ჯერჯერობით, სეზონის ბოლომდე, ოღონდ კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.
- თქვენი თანაშემწე ვინ იქნება?
- შტაბი იგივე დარჩება. ახლა, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი არაა დარჩენილი, კარდინალური ცვლილებები არასწორი იქნება. ახლა არევის დრო არაა. “დინამოში” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ალეკო კანტიძე იყო და დარჩება კიდეც.
- რა წარმოდგენა გაქვთ ბათუმის “დინამოზე”? თამაშები თუ ნახეთ?
- 5-6 თამაშს დავესწარი. წარმოდგენა, ასე თუ ისე, მაქვს. მალე პირადად გავიცნობ ფეხბურთელებს. ხვალ უკვე პირველი ვარჯიშია.
- 2004-2005 წლებში საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესის თანაშემწე იყავით. შემდეგ ორიოდე წელი ფრანგული “დიუნკერკის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდით, მაგრამ ბოლო პერიოდში, როგორც ვიცით, მწვრთნელად არ მუშაობდით...
- დიახ. ორი წელია, რაც მწვრთნელად აღარ მიმუშავია, მანამდე კი “დიუნკერკის” არა მარტო ახალგაზრდულ, არამედ ბავშვთა გუნდსაც ვწვრთნიდი. ფაქტობრივად, ორი სამსახური მქონდა.
- როგორც ვიცით, ბათუმელი მეუღლე გყავთ და სანდროც ბათუმში დაიბადა. ამანაც მოახდინა გავლენა, “დინამოში” რომ ჩამოხვედით?
- არა. მთავარი იყო კლუბის ამბიციური გეგმები. მაგალითად, ჭიათურაში რომ ყოფილიყო ასეთი პროექტი, იქ წავიდოდი (გია გურული ჭიათურაში დაბადებულ-გაზრდილია – ი.ნ.). მიხვიდე კლუბში, სადაც გეგმა არ არსებობს და მომავალი არ ჩანს, ჩემი აზრით, არასერიოზულია.
- უფრო კონკრეტულად გვითხარით ბათუმის “დინამოს” გეგმებზე...
- უკრაინაში არის პიროვნება, რომელიც სერიოზულად ფიქრობს ბათუმის “დინამოს” სპონსორობაზე. ჯერჯერობით, სახელ-გვარს ვერ გეტყვით. თუ უმაღლეს ლიგაში გადავალთ, თითქმის დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ეს პიროვნება ბათუმში ჩამოვა და კლუბში საკმაო თანხას ჩადებს.
- ანუ, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, “დინამო” უმაღლესში იქნება თუ არა?
- სასურველია, რომ უმაღლესში იყოს. როცა სანდრო “კარპატიში” თამაშობდა, უკრაინაში ხშირად ვიყავი და კონტაქტები საკმაოდ მქონდა. უკრაინელები გიჟდებიან საქართველოზე და ეტალონად მიაჩნიათ ჩვენი ქვეყანა. თანაც, იციან, როგორ ლამაზდება ბათუმი. მიმზიდველი ადგილია და რატომაც არ უნდა სურდეთ აქაური კლუბის სპონსორობა? მთავარია, უმაღლეს ლიგაში ვითამაშოთ. მოკლედ, თუ უმაღლესში ვიქნებით, 90 პროცენტია იმის შანსი, რომ ამ უკრაინელი ბიზნესმენის კომპანია “დინამოს” სპონსორი გახდეს. თუ ვერა, ძნელი სათქმელია...
ილია ნანობაშვილი