ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. ის თამაში, რაც გია გურულის გუნდმა ბოლო ტურში “სპარტაკთან” აჩვენა, უმაღლესში წლეულს მოთამაშე რამდენიმე კლუბს შეშურდება. საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 3:1 იმარჯვეს.
გეცოდინებათ, გურული პლეი-აუტის მეექვსე ტურის შემდეგ ჩაუდგა გუნდს სათავეში – მის ხელში ბათუმელებმა 8 მატჩი ჩაატარეს - 5 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს. პროგრესი აშკარაა.
ბათუმში სტადიონის მდგომარეობა, კლუბში უკრაინული კომპანიის შესაძლო მოსვლა – ამ საკითხებზეც ვესაუბრეთ გურულს:
- როდესაც გუნდში მოხვედით, ბათუმის “დინამო” მეექვსე ადგილზე იყო, საბოლოოდ კი მეორეზე გახვედით. რა შეცვალეთ გუნდში?
- განსაკუთრებული არაფერი შემიცვლია. საერთოდ, ძნელია, როცა შუა სეზონში მიდიხარ გუნდში. ცვლილება ის იყო, რომ რა გამოცდილებაც დამიგროვდა საფეხბურთო კარიერაში და საფრანგეთში მუშაობისას, ის გადავეცი ბიჭებს. საჭირო იყო მეტი თავდაჯერება და რწმენა, რომ დიდი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ცოტა რამ უცხოური დავამატე. თუმცა, გუნდში ნაპერწკალი რომ არ დამენახა, საერთოდ არ მივიდოდი. მაშინ შეუძლებელი იქნებოდა მუშაობა. მართალია, “დინამოს” პრეზიდენტ სულხან გოგიბერიძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რომ არა ბიჭებისა და მთლიანად გუნდის პოტენციალი, სამსახურზე უარს ვიტყოდი.
- “დინამოს” ბევრ ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაში არასოდეს უთამაშია. გამოცდილება აკლდათ და ეს არ იყო ხელისშემშლელი ფაქტორი?
- სამი ფეხბურთელი 18 წლისაა, რამდენიმე ბიჭი 19-20-ის, თუმცა არიან გამოცდილებიც. მაგალითად, თუნდაც ამირან მუჯირი. ასე რომ, ამის პრობლემა არ ყოფილა. თანაც, გამოცდილებმა ახალგაზრდები აიყოლიეს.
- “სპარტაკთან” ბოლო 20 წუთი განსაკუთრებით კარგად ჩაატარეთ - გამართულად, მშვიდად... ფაქტობრივად, საგოლე შანსი აღარც ჰქონია მეტოქეს. ძნელი არ იყო ასეთ დროს მობილიზება?
- ყოველთვის ვაფრთხილებ ბიჭებს, რომ მატჩის ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. როდესაც მინდორზე სიტუაცია იძაბებოდა, ყოველთვის ვაწყნარებდი მათ. გუშინ პირველ ტაიმში გამაძევეს, არადა, რაც გუნდში მოვედი, ვერავინ იტყვის, გურული მსაჯებს ცუდ სიტყვებს ეუბნებოდაო. ხმა არ ამომიღია მსაჯებზე. გუშინაც ერთი უხეში სიტყვა არ მითქვამს. იცით, ფეხბურთელები მენდნენ და ესაა წარმატების მთავარი ფაქტორი: ბიჭებისთვის ვარ სწორად შემფასებელი და არა დიქტატორი. ბოლო 20 წუთს რაც შეეხება, დავამტკიცეთ, რომ ფიზიკურადაც კარგად ვიყავით მომზადებულნი. როცა გუნდში მოვედი, პირველი მატჩი “ვიტ ჯორჯიასთან” გვქონდა და 40 წუთში ორი იძულებითი შეცვლა გავაკეთე, ბიჭებს კუნთები ეჭიმებოდათ და თამაშს ვერ აგრძელებდნენ. სწორი ვარჯიშებით მოვიდნენ ჯანზე. აი, “ჩიხურა” პირველ ადგილზე გავიდა პლეი აუტში და ფიზიკურად მასაც რომ აჯობებ, ესე იგი, უკვე შედეგია.
- რომელიმე ფეხბურთელს გამოარჩევთ? ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში...
- ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თამაშზე გავდივართ არა 11, არამედ 18 კაცით – ანუ, სათადარიგოებიანად. გარდა ამისა, არის სამწვრთნელო შტაბი, კლუბის პერსონალი და გულშემატკივრები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი. მაგალითად, “სპარტაკთან” თამაშის წინ ჩვენს მეკარე მიხეილ ალავიძეს ვუთხარი, განსაკუთრებული როლი გაკისრია და თუ შენს დონეზე ითამაშებ, სულ ცოტა, არ წავაგებთ-მეთქი. მშვენივრად ითამაშა. ზოგადად კი, ყველა ფეხბურთელის მადლობელი ვარ, გამორჩევა ნამდვილად არაა საჭირო.
- უმაღლესი ლიგისთვის გაძლიერდება შემადგენლობა?
- არც ახლა გვყავს ცუდი შემადგენლობა, თუმცა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება გვსურს და ალბათ, ასეც მოხდება.
- უკრაინულ კომპანიაზე რა ისმის?
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. წინასწარ ვიყავით შეთანხმებულნი, რომ უმაღლეს ლიგაში თუ გადავიდოდით, უკრაინელი სპონსორი მოვიდოდა. აი, გადავედით. შევხმიანდებით და აუცილებლად გაგაგებინებთ.
- ვერ დააკონკრეტებთ, ვისზეა საუბარი?
- ჯერ არა. ისე, სიმართლე ვთქვა, მირჩევნია, ქართული კომპანია იყოს. რატომ არ უნდა აინტერესებდეს ქართველს ბათუმის “დინამო”? მშვენიერი ქალაქი, ახალგაზრდული გუნდი, კლუბის ტრადიცია – დავიჯერო, ცოტაა?
- ახალი სტადიონის მშენებლობაზეც გვითხარით...
- როგორც თქვენ იცით, ისე ვიცი მეც. “ადელის” ხელმძღვამელობას და კერძოდ, დირექტორ ლევან ადეიშვილს მადლობას ვუხდი. საშინაო მატჩების წინ მინდორს რწყავენ, უვლიან. ახალი სტადიონისა კი არაფერი ვიცი. მომდევნო სეზონში ქობულეთის სტადიონზე ვითამაშებთ.
- სეზონის დაწყებამდე მზად იქნება ქობულეთის სტადიონი?
- დიახ. ხელოვნურსაფარიანია, მაგრამ ბოლო კატეგორიის. ასე რომ, მშვენიერია.
- ბოლოს ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრებზეც. “სპარტაკთან” საკმაოდ ბევრნი იყვნენ და აქტიურად გიჭერდნენ მხარს.
- მადლობის მეტი რა მეთქმის. დაახლოებით 300 კაცი ჩამოვიდა ამხელა გზაზე. როგორც გავიგე, ტრიბუნაზე ‘სპარატკის” ქომაგების შემოსვლისას ჩხუბი მომხდარა, მაგრამ მადლობა ღმერთს, საბოლოდ ყველაფერი მშვიდად დასრულდა.
ილია ნანობაშვილი