ინტერვიუები

19:53 | 29.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

გია გურული ბავშვთა ფეხბურთზე: "რა ქნას ბავშვის მშობელმა, რომელსაც უჭირს?.."

ბავშვთა ფეხბურთი – ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მტკივნეული თემაა ქართულ ფეხბურთში. ვისაც ბავშვთა გუნდების ორი ვარჯიში, ან ერთი თამაში მაინც უნახავს, ყველა დაგვემოწმება, რომ სიტუაცია ძალიან შორსაა სასურველისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველა საფეხბურთო სკოლას არ ეხება.
"მსოფლიო სპორტი" გია გურულს დაუკავშირდა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ბავშვთა გუნდებშიც კარგახანს მუშაობდა. გურული საკმაოდ ხშირადაა საქართველოში და იცის ბავშვთა ფეხბურთში არსებული რეალობა.
რა შეხსენება გინდათ, გია გურული 80-იანი და 90-იანი წლების დასაწისში საკმაოდ შედეგიანად თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში, 2004-2005 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალენ ჟირესის თანაშემწე გახლდათ.
გურულს საფრანგეთში მიმდინარე ბავშვთა ფეხბურთის პროცესებზეც ვკითხეთ:
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ჯერჯერობით, არ ვმუშაობ ფეხბურთში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მალე დავიწყო საქმიანობა. ჯერ არ მინდა დაკონკრეტება ამ საკითხზე.
- ქართული ფეხბურთის ავ-კარგზე არაერთხელ გისაუბრიათ და თქვენი აზრით, სადაა ყველაზე მეტი პრობლემა?
- ბავშვთა ფეხბურთში. ბავშვს უნდა ჰქონდეს სავარჯიშო და სათამაშო მინდვრები. ასევე, ყველა ატრიბუტი, რაც ფეხბურთს შეეხება. ბურთი, ფორმა, ბუცი... ეს მინიმუმი არ აქვთ, მშობლები იხდიან ამის ფულს. ბავშვს რომ ფეხბურთზე სიარულში ფულს გადაახდევინებ, რაზეა ლაპარაკი? რა ქნას იმ ნიჭიერმა პატარამ, რომლის მშობელს 50 და 60 ლარი არ აქვს?
- მაგრამ მწვრთნელები უფასოდ ხომ არ იმუშავებენ? მაშინ მათ ხელფასი უნდა ჰქონდეთ...
- დღეს ძალიან ბევრი ბავშვთა საფეხბურთო გუნდია, რომლებსაც რა დონის მწვრთნელები ავარჯიშებენ, კაცმა არ იცის. აი, როგორ დაიწყო ფეხბურთის განვითარება საფრანგეთში - 70-იანი წლების დასაწყისში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობას მიმართა თხოვნით, რათა ფეხბურთი ფინანსურად წინ წამოწეულიყო. რათა, უბრალოდ, ბავშვთა ფეხბურთისთვის მიქცეულიყო ყურადღება. ისიც თქვეს, ჯერ მაინცდამაინც მსოფლიოს ჩემპიონობას ნუ მოვითხოვთ, თავიდან დავიწყოთო. გავიდა წლები და შედეგი მიიღეს. სწორედ იმ პროექტის წყალობით გამოჩნდნენ ზინედინ ზიდანი, ლორან ბლანი და სხვები. დღესაც ასე მიმდინარეობს. 20-25 წლის მერე მიიღეს შედეგი, მაგრამ რაც მთავარია, მიიღეს. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კლუბები, კლუბებმა კი ბავშვთა მწვრთნელები.
- ბავშვებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასაკის გადაკეთებაა. გამიგია, ერთხელ ვითომდა 15 წლის ბავშვს მსაჯისთვის უთქვამს: "რაზე მაჯარიმებ, არ შევხებივარ, შვილს გეფიცები..."
- საფრანგეთში მსგავსი რამ წარმოუდგენელია. იმდენად წარმოუდგენელია, რომ არც განიხილავენ. ყოველ შემთხვევაში, მე არსად წამიკითხავს და არც გამიგია. ერთადერთი, აფრიკიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს ვერ გაუკონტროლებ ასაკს და ისიც ზრდასრულებზეა ლაპარაკი, თორემ 18 წლამდე აფრიკელს საფრანგეთში ვერ მოიწვევენ პროფესიონალური კლუბები. სამწუხაროდ, საქართველოში ასაკის გადაკეთება საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან ხშირი იყო და თან, იმდენად იპატარავებდნენ თავს, გაგიჟდებოდი კაცი.
- მგონი, თავად მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას ამგვარი რამ...
- ეს ფეხბურთელის დაღუპვაა. მაგარი მაშინ ხარ, როცა შენს ტოლებში გამოირჩევი, ან სულაც უფროსებთან თამაშობ მაგრად.
- საქართველოში "დინამოს" აკადემიაშია მოხსნილი ბავშვებისთვის გადასახადი და ისიც, წლეულს დაფუძნდა ასე.
- კარგია, რომ "დინამო" ასე აკეთებს. სხვა პროფესიონალურმა კლუბებმაც უნდა შეინახონ თავიანთი ბავშვთა სკოლები. მოყვარულები კი, სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა დააფინანსონ. მოყვარულებში ვგულისხმობ იმ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც "დინამო" ან სხვა პროფესიულ კლუბს არ ეკუთვნიან.
- მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" აქვს ბავშვთა სკოლა "ვისოლი-ავაზა", სადაც გადასახადია. ამბობთ, რომ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ბავშვებისთვის გადასახადი უნდა მოხსნას?
- ულაპარაკოდ.
- უმაღლესი ლიგის ზოგი კლუბი ისეთ დღეშია, უფროსების გუნდი ვერ შეუნახავთ და ბავშვებს როგორ მიხედავენ?
- თუ უფასოდ ვერ ავარჯიშებენ, უნდა დაშალონ. ამის მომხრე ვარ. ფინანსურად ერთი კარგი გუნდი სჯობს ათ უფულოს. უფრო მეტი კონკურენცია იქნება და ტალანტებიც ბევრი გამოჩნდება. საჭიროა სკოლა-ინტერნატის შექმნა. ასეთ ინტერნატში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა. მაგალითად, მე და თემურ ქეცბაიას იქ ერთი მწვრთნელი გვავარჯიშებდა. გურამ წიკლაურზე მაქვს ლაპარაკი.
- მთავრობა ფეხბურთს ეხმარებაო, ხშირად გვესმის. ე.ი. თანხა არამიზნობრივად იხარჯება?
- თანხაზეც მოიცლიან და მოიკითხავენ. გამოცდილი და პროფესიონალი ხალხი თუ იმუშავებს, მაშინ გაკეთდება საქმე პირნათლად. საერთოდ, საქმე კეთდება ნელა და კარგად. სახლი აუცილებლად დაინგრევა, თუ მას საძირკველი არ აქვს.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ ხარჯავს ფულს სწორად?
- ბავშვებს სახლიდან არ უნდა მოატანინო ფორმის, ბუცების და ბურთის ფული. რას ჰგავს მოედნები? მით უმეტეს, ასეთ მოედნებზე თამაშში ბავშვს ფულს რომ ახდევინებ, ნორმალურია? თავის მოტყუებაა, თითქოს ბევრი საფეხბურთო სკოლაა. ათის ნაცვლად ერთი იყოს და ნორმალური. არ ვიცი, ვინ რას ხარჯავს, მაგრამ რაც ხდება, ასე წინ ვერ წავალთ.
- კი, მაგრამ შესაძლოა, ბავშვები გარეთ დარჩნენ. სად ექნებათ წასასვლელი?
- სადაც ნორმალური მდგომარეობაა, სადაც მინდორი კარგია, სადაც ფულს არ იღებენ. თუ ასეთი არაა, მაშინ ნუ ვიფიქრებთ შედეგზე. საფრანგეთში უამრავი ბავშვი დადის ფეხბურთზე. მაგრამ ერთ ასაკში არის სამი ან მეტი გუნდი. ვინც გამორჩეულები არიან, თამაშობენ პირველ გუნდში, შემდეგ მოდიან მათი სათადარიგო გუნდები. თუ ბავშვი ფეხბურთელი ვერ გამოვა, მშობელი თავს არ მოიკლავს. გამოვა ფეხბურთელი? ძალიან კარგი. თუ არადა, ჯანმრთელი მაინც ხომ გაიზრდება?
- ისე, რომელია საფრანგეთში ყველაზე ძლიერი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა? "ოსერი"?
- "რენი", "ლე ავრი", "ოსერი", "სოშო" და "ნანტი". ტალანტების სამჭედლოა.
- "ლიონი" არა?
- არა. საერთოდ, ფულიანი კლუბები ბავშვთა აღზრდას იმდენად დიდ ყურადღებას არ უთმობენ. აი, შედარებით უფულო კლუბებისთვის კი ეს ბიზნესია: აღზრდიან, გაყიდიან...
- საფრანგეთის ბავშვთა სკოლებში, ალბათ, ქართველებიც იქნებიან. რომელიმეზე თუ გსმენიათ ან გინახავთ საქმეში?
- ასეთები რომ იყვნენ, გავიგებდი. ერთი ბავშვი ვიცი, 12-13 წლისაა და "ლილის" ბავშთა გუნდშია. ძალიან აქებენ. ნიკუშა ქუთათელაძეა მისი სახელ-გვარი. თან, ლილთან ახლოს ვცხოვრობ და ამდენად, შევიტყვე ქუთათელაძეზე. შესაძლოა, სხვაგანაც არიან, მაგრამ მასზე მითხრეს, ვიდეოებიც მაჩვენეს.
- საფრანგეთის ნაკრებზეც გკითხავთ: რამდენად მოსწონთ ლორან ბლანის მუშაობა, როგორი პრესა აქვს?
- სანამ ნაკრებში დანიშნავდნენ, ბლანზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, ახლა კი უფრო კრიტიკა ისმის. ლამაზ ფეხბურთს არ ათამაშებსო, ნაკრებს ცოტა გოლი გააქვსო.
- არადა, ბლანის გაწვრთნილი "ბორდო" სასიამოვნო საყურებელ ფეხბურთს თამაშობდა და ნაკრებში რატომ შეცვალა სტილი?
- ეს ყველაფერი სპეციფიკურია. კლუბი ერთია, ნაკრები – სულ სხვა. ეტყობა, ბლანმაც ფეხბურთელთა კონტინგენტის მიხედვით აირჩია სათამაშო სტილი. ბლანი როგორი ჭკვიანი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე მწვრთნელია. ზოგს მოეწონება, ზოგს - არა, თუმცა უმეტესობას არ მოსწონს მისი ნაკრების სტილი.
 

ილია ნანობაშვილი

0.118575