ინტერვიუები

11:02 | 21.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

გია გურული: "ამბობენ, საფრანგეთი დაჯგუფებებმა დაღუპაო"

საფრანგეთის ნაკრებმა ფიასკო განიცადა - მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე “მოდური”, “მამლების” მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის ლანძღვაა; მართალია, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ჰოროსკოპომანიით შეპყრობილ მწვრთნელს მხარი დაუჭირა და ტვინიანი სპეციალისტი უწოდა, მაგრამ შედეგები სხვას ამბობენ: საფრანგეთის მერვედფინალში გასვლის შანსი მიზერულია.
რა გამოხმაურება მოჰყვა დომენეკის სამწყსოს მარცხს საფრანგეთში? ამაზე და მთლიანად, მუნდიალზე სასაუბროდ “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის ალენ ჟირესის თანაშემწეს, გია  გურულს დაუკავშირდა. გეცოდინებათ, კარგა ხანია, გურული საფრანგეთში ცხოვრობს. თბილისის “დინამოს”, პოლონური “გკს კატოვიცესა” და  ფრანგული “ლე ავრის” ყოფილმა შემტევმა გვითხრა, სხვა ყველაფერთან ერთად, “მამლები” ლიდერის არყოფნამ დააღალატაო...
- ალბათ, საფრანგეთში, ვისაც არ ეზარება, ყველა დომენეკს ლანძღავს...
- დომენეკი რაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკრიტიკეს, ის არ ეყოფოდა? ახლა უარეს წნეხში ჰყავთ... ფაქტია, მწვრთნელმა გუნდის მართვის კონტროლი დაკარგა და რა შედეგიც მიიღო, ყველა ხედავს.
- მხოლოდ დომენეკია “პროგრამაში”, თუ ფეხბურთელებსაც მწვავე კრიტიკა  ხვდებათ?
- მასმედია ფეხბურთელებს უფრო შავ დღეში აგდებს. ამბობენ, ნაკრებში დაჯგუფებები იყოო. სწორედ ამას აბრალებენ მექსიკასთან იოან გურკუფის სათადარიგოთა სკამზე დასმას. ჟურნალისტების ცნობით, დომენეკს ულტიმატუმი წაუყენეს - ან გურკუფი იქნება მინდორზე ან ჩვენო...
- კერძოდ, ვინ ემტერება გურკუფსო?  
- ფრანკ რიბერიზე და ნიკოლა ანელკაზე დაიწერა.
- და ტიერი ანრიც რომ არ ათამაშა, ეს რით ახსნეს?
- ანრი იმდენ პატივისცემას მაინც იმსახურებდა, რომ დომენეკს ასე არ დაემცირებინაო, ანუ თუ სათამაშო კონცეფციაში არ ჰყავდა, საერთოდ არ უნდა წაეყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზეო. ალბათ, ასეცაა.
- ისე, ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში მუდმივად ასე იყო: ნაკრები მაშინ მძლავრობდა, როცა დიდი 10 ნომერი ჰყავდა. რაიმონ კოპა, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი...
- რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა მარტო 10 ნომერზეც არაა – დომენეკის ამ გუნდს არ ჰყავდა ისეთი ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელი, როგორებიც ზინედინ ზიდანი და დიდიე დეშამი იყვნენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. დღეს საფრანგეთის ნაკრები წვრილ-წვრილი ლიდერებისგან შედგება, სადაც ბევრს აქვს ყოჩობის პრეტენზია, მაგრამ არ შეუძლიათ.
- დომენეკის შემცვლელი ლორან ბლანი კი, კარგი რეპუტაციით მოდის ნაკრებში. ალბათ, მისი ძალიან ეიმედებათ.
- იმედით კი უყურებენ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გამოუცდელია. თანაც, ბლანში რაღაც არ მომეწონა: როგორც კი ნაკრებში მის დანიშვნაზე დაიწყო ლაპარაკი, ხომ ნახეთ, რაც დაემართა “ბორდოს”...
- ანუ, “ბორდომ” რომ ბრწინვალედ მიმდინარე სეზონი მთლიანად ჩააგდო, ბლანის არხეინობის ბრალია?
- აბა, სხვა რას უნდა დაბრალდეს? შემადგენლობა იგივე ჰყავდა, ერთი ფეხბურთელიც არ დაშავებია. “ბორდო” “ფრინავდა” და უცებ ასეთი დაცემა...
- მუნდიალზე, ალბათ, ფრან¬გებს გულშემატკივრობდით.
- უფრო ესპანეთს. მათზე კარგ ფეხბურთს ვერავინ თამაშობს.
- პროგნოზი?
- ამ ჩემპიონატზე პროგნოზის გაკეთება შეიძლება? რასაც ვუყურებ, ნებისმიერს შეუძლია მოგება და ნებისმიერს – წაგება. ჯერჯერობით, შედეგით და თამაშით ერთად აღებული,  ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას არგენტინელები ტოვებენ, თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ.
- თქვენი აზრი დიეგო მარადონა-მწვრთნელზე.
- დრო გამოაჩენს. მარადონას ბევრს აკრიტიკებდნენ, უძლიერესი შემადგენლობა არ წაიყვანაო, მაგრამ მწვრთნელია და თავისი შეხედულება აქვს. მოიგებს? ყველა შეაქებს. წააგებს? კრიტიკას არ მოაკლებენ. ეს ხომ ის შემთხვევა არაა, დიეგო ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არჩევდეს ფეხბურთელებს.
- საერთოდ, თამაშების დონეზე რას იტყვით? უმეტესობას არ მოსწონს.
- ბევრი მართლაც მოსაწყენი თამაშია, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდები ფრთხილობენ. ისე, საფრანგეთი-მექსიკა კარგი საყურებელი იყო. ჯოვანი დოს სანტოსი ძალიან მომეწონა, რონალდინიოს მაგვარი მანერები აქვს. ამხელა ერიკ აბიდალმა ვერაფერი მოუხერხა, ფიზიკურადაც ვერ დაჩაგრა.
- ბოლოს თქვენს ვაჟზე, სანდროზეც გკითხავთ. ამასწინათ დაიწერა, “ალანიას” სურს მისი გადაბირებაო.
- საიდან მოიტანეს, არ ვიცი. სანდრო “კარპატიში” რჩება.  
ილია ნანობაშვილი

 

0.133609