ფეხბურთი

17:06 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია გურული – 50 წლის იუბილეზე, დაუფასებლობაზე, კარიერაზე, ლამას და ბარტეზის კარში გატანილ გოლებზე, “ატლეტიკოს” გუნდურ სულზე

 

გია გურული 20 მაისს 50 წლისა გახდა და პოლონეთის “გკს კატოვიცემ” მას იუბილე მიულოცა. ამ კლუბს ტელევიზია აქვს და მათი წარმომადგენლები ქუთაისში იყვნენ ჩამოსულნი, შეხვდნენ გურულს, ესაუბრნენ და საჩუქარიც გადასცეს.

გურული 80-იან და 90-იან წლებში თამაშობდა ჯერ თბილისის “დინამოს” დუბლებში, შემდეგ ძირითად გუნდში, ასევე იყო ბათუმის “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიაში”. 1990 წლის მიწურულს პოლონეთის “გკს კატოვიცეში” გადავიდა, რომელიც იმ დროს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. შემდეგ მოხვდა ფრანგულ “ლე ავრში”, რაც მისი კარიერის პიკი გახლდათ. ბოლოს კი შედარებით მოკრძალებულ ფრანგულ გუნდებში, “დანკერსა” და “კალეში” ითამაშა.  

გურულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია და ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა (ლიტვასთან 2:2). შემდეგ, ალენ ჟირესის თანაშემწე იყო ნაკრებში, ხოლო 2012-2013 წლებში ბათუმის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახლდათ – გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მეორე წელს კი ისევ გავარდა.

“მსოფლიო სპორტი” გია გურულს ესაუბრა – ფაქტობრივად, მთელ კარიერაზე. ასევე, “რეალი”-ატლეტიკოს” ფინალზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე.  

-       პოლონეთში მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშეთ და კარგია, რომ ასეთი სახელი დატოვეთ.

-       1990 წელს წავედი. პირველი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც თბილისის “დინამოდან” უცხოეთში გადავიდა. მაშინ ეს რთული იყო. პოლონეთში ამხანაგური მატჩები გვქონდა და “გკს კატოვიცემ” მთხოვა დავრჩენილიყავი. ცხონებულმა დავით ყიფიანმა მათ უთხრა, ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძვით, ჯერ არ გვინდა გაშვებაო. ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ პოლონურმა კლუბმა წამომიყვანა და დეკემბერში ოპერაცია გამიკეთეს. მომცეს 500 დოლარი, რაც მაშინ დიდი ფული იყო. ეს იმისთვის, რომ ჩავსულიყავი საქართველოში, დამესვენა და ისევ დავბრუნებულიყავი. 3 კვირაში დავიწყე “გკს კატოვიცეში” ვარჯიში, გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი და თებერვალში ისევ ტრავმა მივიღე. არადა, კონტრაქტი ჯერ არ მაქვს გაფორმებული. კლუბის პრეზიდენტმა მითხრა: ”გია, არ გეწყინოს, ბიზნესმენი ვარ და იმიტომ მოგვყავს ფეხბურთელები, რომ შემდეგ უფრო ძვირად გავყიდოთ, მაგრამ შანსს გაძლევ, შენი მჯერა და გენდობი. ამიტომაც, გავაფორმოთ ხელშეკრულება”. კიდევ ერთი ოპერაცია გამიკეთეს, მერე კი გამოვჯანმრთელდი და კარგად ავთამაშდი. პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი გავხდი, თასი მოვიგეთ და სუპერთასიც მივაყოლეთ.

-       20 მაისს დაბადების დღე მოგილოცათ “გკს კატოვიცემ” და როგორც ვიცით, მათი ტელევიზიის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები.

-       წლეულს “გკს კატოვიცესაც” დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. დამპატიჟეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. კლუბმა ყველა დროის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დამასახელა და ასევე, 11-კაციან სიმბოლურ ნაკრებში შემიყვანა. ბედნიერებაა, როცა ასეთ მოკლე ხანში უცხო ქვეყანაში კარგ სახელს ტოვებ. რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ჩამოვიდნენ. დიდი მადლობა ქუთაისის “ტორპედოს” სტადიონის ხელმძღვანელობას და განსაკუთრებული მადლობა ძმებს, ვასილ და სოსო გიგიაძეებს. მათ გვიმასპინძლეს მე და პოლონელ სტუმრებს, ექსკურსია მოგვიწყვეს ქუთაიისა და წყალტუბოში. ღირსშესანიშნავი ადგილები დავათვალიერეთ. პოლონელები შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ.

-       საჩუქრად რა გადმოგცეს?

-       ჩარჩოში ჩასმული კლუბის მაისურა, წარწერით “გურული-50”. სამწუხაროა, რომ თბილისის “დინამოდან” არ მომილოცეს, არადა, ფაქტობრივად, 10 წელი ვითამაშე გუნდში.

-       არ იცოდნენ?

-       წესით, ასეთი თარიღი უნდა სცოდნოდათ. რომ ყოფილიყო 47, 48, ან 51 წლის იუბილე, გასაგებია, მაგრამ 50 წელი მრგვალი და აღსანიშნავი თარიღია. უბრალოდ, გული ჩამწყდა... “დინამოს” პირველი გოლის ავტორი ვარ ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, პირველი გოლი გავიტანე ნაკრების ისტორიაში, პირველი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც “დინამოდან” უცხოეთში წავიდა. მგონი, რაღაც გამიკეთებია.

-       “დინამოში”, ფაქტობრივად, სკოლის მერხიდან მოხვდით. გაიხსენეთ ის პერიოდი.

-       1981 წლის ივნისში მიმიყვანეს, რა თქმა უნდა, დუბლებში. რა ხდებოდა იმ დროს “დინამოში” და რა ოქროს პერიოდი ედგა, მგონი, ზედმეტია ლაპარაკი. ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა მითხრა, მოდი, ჯერ ბათუმის “დინამოში” სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაგიშვებთ და დაგაბრუნებთო. ასეც მოხდა, ერთი წელი ბათუმში ვიყავი და დამაბრუნეს. ალმა-ათაში  თბილისის “დინამოს” დუბლებში გოლი გავიტანე, შემდგომ მატჩში კი ტაშკენტის “ფახთაქორთან” ძირითად გუნდში მათამაშეს. ასე შედგა ჩემი დებიუტი, არადა, ჯერ 18 წლისა ვიყავი. ასე რომ, ერთი სეზონი ბათუმში ვიყავი, შემდეგ იყო პერიოდი, როცა ერთი წელი ლანჩხუთის “გურიაში” ვითამაშე, დანარჩენი პერიოდი კი, 1990 წლის ბოლომდე თბილისის “დინამოში” გავატარე.

-       “გკს კატოვიცეში” გატარებულ პერიოდზე გვითხარით. 1992 წელს კი საფრანგეთის უმაღლესლიგელ “ლე ავრში” გადახვედით. საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე სხვა დონე იყო. როგორ მოხდა, რომ “ლე ავრი” დაინტერესდა?

-       პოლონეთის ჩემპიონატი ტრამპლინი იყო. იქაურ მატჩებს ხშირად ესწრებოდნენ გერმანიის, იტალიის, ინგლისის, ესპანეთია და საფრანგეთის კლუბების სკაუტები. “ლე ავრის” წარმომადგენელს მოვეწონე და ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მკითხა: “გაგიგია “ლე ავრი”? ვუპასუხე,  არა-მეთქი. ამიხსნა, რომ მეშვიდე ადგილზე იყვნენ და ჩემი გასინჯვა უნდოდათ. წავედი და მაშინ საფრანგეთის ლიგის თასზე იყო წესი, რომ შეეძლოთ, უკონტრაქტო ფეხბურთელიც ეთამაშებინათ. “ლილთან” დამაყენეს, 2:1 მოვიგეთ, საგოლე პასი გავაკეთე, კარგად ვითამაშე და გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტი გაეფორმებინათ.

-       გკს-ის ხელმძღვანელობა ადვილად დათანხმდა?

-       არცთუ ადვილად. გკს-ის პრეზიდენტმა ფრანგებს უთხრა, რომ თასისა და სუპერთასის მოგების შემდეგ, პოლონეთის ჩემპიონობაც სურდა. საბოლოოდ, როგორც ვიცი, დიდი თანხა გადაიხადა “ლე ავრმა” და ასე გადაწყდა ტრანსფერი. ზუსტად არ ვიცი, რა თანხა იყო.

-       ბერნარ ლამასა და ფაბიენ ბარტეზის კარშიც გაგიტანიათ გოლები. უფრო დაწვრილებით?

-       პსჟ იმ დროს ბრწყინვალე გუნდი იყო. ლამაც შესანიშნავად მეკარეობდა. საჯარიმო დარტყმით გავუტანე. რაც შეეხება ბარტეზს, “მარსელი” იმ დროს მეორე ლიგაში იყო დაქვეითებული ცნობილი მოვლენების გამო, მე უკვე “დანკერში” ვთამაშობდი მეორე ლიგაში და მაშინ გავუტანე.

-       “ლე ავრში” ასე თუ ისე ცნობილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ თქვენს გვერდში.

-       მაგალითად, კოტდივუარელი ჟოელ ტიი, რომელიც 1992 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. დღეს “დორტმუნდის” გაბონელი ობამეიანგის მამაც ჩემი გუნდელი იყო. გაბონის ნაკრების კაპიტანი გახლდათ. ასევე, კამერუნელი კანა-ბიიკი, რომელიც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა და დიეგო მარადონასთან უხეშობისთვის გააძევეს გახსნის მატჩში. ისე, მარადონას ბრალი უფრო იყო იმ მომენტში, მაგრამ დიეგო იყო და მას ხომ არ გააძევებდნენ...

-       ეხმიანებით ძველ თანაგუნდელებს?

-       დიახ. გვაქვს კონტაქტი. არცთუ ხშირი, მაგრამ მაინც.

-       თქვენს ვაჟზე, სანდრო გურულზეც გვითხარით. როგორ მისდის საქმე ბელარუსის “შახტიორში”?

-       საკმაოდ კარგად და როგორც იცით, ბელარუსის თასიც მოიგეს. კლუბის საიტზეც ვნახე, სულ აქებენ.

-       თავად ჩამოშორებული ხართ საფეხბურთო საქმიანობას. რატომ მოხდა ასე?

-       ჩამოშორებული არა – ჩამომაშორეს. აღარ მინდა ძველი ამბების გახსენება. რაც იყო, იყო. ისე კი, მინდა, რომ მწვრთნელობას დავუბრუნდე, მაგრამ შემოთავაზებები არაა. მინდა, ჩემი ევროპული გამოცდილება გავუზიარო ქართველ ფეხბურთელებს, პროფესიონალიზმისკენ მივატრიალო.

-       ბათუმის “დინამოში” გატარებული პერიოდი გაიხსენეთ.

-       უმაღლეს ლიგაში გადავედით და მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობით სხვა გუნდებს ვერ ვჯობდით, ცუდ ფეხბურთს არ ვთამაშობდით. მეორე წრეში ცოტა გავაძლიერეთ შემადგენლობა, მაგრამ ეს აღმოჩნდა საკმარისი. იყო თამაშები, როცა მოგება შეგვეძლო და გადამწყვეტ მომენტებში ვერ გავიტანეთ გოლები. არავის არ ვაბრალებ, ასე მოხდა და სამწუხაროდ, გავვარდით.

-       ბოლო დროს აქტუალური გახდა 16-გუნდიანობის თემა. თქვენ როგორ ფიქრობთ, 16-გუნდიანი უკეთესია საქართველოს პირობებში?

-       ერთ ფაქტს მოვიყვან. საფრანგეთში იყო 18-გუნდიანი და გამოაცხადეს, რომ 2 წლის შემდეგ გახდებოდა 20-იანი. მათ საამისოდ წინასწარ მოამზადეს ნიადაგი. აქ არ ვიცი, 16-გუნდიანობით რა შეიცვლება განსაკუთრებული. შესაძლოა, უკეთესიც იყოს 16 გუნდი, არ გამოვრცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვუყურებ, არ ვართ მზად და სჯობს, 12 გუნდი დარჩეს.

-       ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. როგორია თქვენი პროგნოზი, რას ელით ამ მატჩში?

-       მეოთხედფინალების წინ ვთქვი, ორი მადრიდული კლუბი გავა ფინალში-მეთქი. ბევრმა გაიცინა, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა. 2 წლის წინ “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ვიწინასწარმეტყველე. ამჯერად, ვფიქრობ, “ატლეტიკო” მოიგებს.

-       არგუმენტი?  

-       “ატლეტიკოს” არ ჰყავს “რეალის” დონის ვარსკვლავები, მაგრამ ამ გუნდში ვხედავ იმას, რაც დღევანდელ ფეხბურთში გადამწყვეტ როლს თამაშობს: მაქსიმალური კონცენტრაცია, გუნდური სული, ბრძოლა მოედნის თითოეულ მეტრში. დიეგო სიმეონე, როგორც ფეხბურთელი, ყველას გვახსოვს. გამოირჩეოდა ჯიგრიანი თამაშით, სულისკვეთებით. ეს გადასცა გუნდს. “ატლეტიკოს” სათამაშო დისციპლინა პიკზეა ასული, ნაკლს ვერ უპოვი.

-       მსოფლიოს ჩემპიონატზე რა სიახლეებს ელით?

-       წინა მუნდიალმაც გვაჩვენა, რომ რომელი ნაკრებიც სწორად გადაანაწილებს ძალებს და დასახული გეგმით ივლის, შორსაც ის წავა. ჰოლანდიისგან არავინ ელოდა ფინალში გასვლას, მაგრამ  მოახერხეს. რა თქმა უნდა, ბევრს წყვეტენ ვარსკვლავები, მაგრამ წინა პლანზე გუნდური სული და მაქსიმალურად დახარჯვა იწევს.  

-       ვის გულშემატკივრობთ?

-       ბავშვობიდან ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ. იოჰან კრუიფი ჩემი კერპი იყო. შემდეგ უკვე მიშელ პლატინი და ალენ ჟირესი, რომელიც ჩემი მეგობარია. თუმცა, უპირველესად, ჰოლანდია.

-       ჟირესი კვლავ სენეგალის ნაკრებს წვრთნის. მუნდიალზე გასასვლელ პლეი-ოფში არ გაუმართლა, მაინცდამაინც კოტ დივუარს შეხვდა...

-       წილიწრა ცალკე და არც თამაშში გაუმართლა. თავად ჟირესმა მითხრა, რომ გენახა, შინ რა მომენტები ვერ გამოვიყენეთო... შემდეგ ვნახე ფრაგმენტები.

-       თუმცა, ეს ის სენეგალი აღარაა, 2002 წელს რომ იყო.

-       ასეა. ჟირესი მაინც წარმატებულ მწვრთნელად ითვლება. მალი აფრიკის თასზე მესამე ადგილზე გაიყვანა, გაბონი კინაღამ წინა  მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშა – გეცოდინებათ, ცოტა დააკლდა.

0.115549