23-27 ოქტომბერს სლოვენიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ევროპირველობაზე (20-22 სექტემბერი. ბოსნია ჰერცეგოვინა) ნაჭიდავები შემადგენლობა, თითქმის სანახევროდ შეიცვლება. ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უთხრა. გია გუგავას განცხადებით, ცვლილებები, ძირითადად, დაბალ წონებში მოხდება. საუბარია იმ წონებზე, რომლებშიც ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩნენ. სარაევოს კვარცხლბეკზე ასულ ხუთ სპორტსმენს კი, მსოფლიოს ტატამზე გასვლაც აქედანვე განაღდებული აქვს.
“მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ორ წონით კატეგორიაში: 55 და 66 კილოგრამებში მონაწილე არ გვყავდა. ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო და არა იძულებითი. მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შანსს რამდენიმე ისეთ ძიუდოისტს მივცემთ, ვისაც სარაევოში არ უჭიდავია. საბედნიეროდ, გუნდში მაღალი კონკურენციაა და განაცხადში შეყვანილ ახალ სპორტსმენებსაც რეალურად შესწევთ უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლის ძალა. კონკრეტულ გვარებზე საუბარი ჯერ ადრეა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აუცილებლად გვეყოლება მონაწილე 66 კილოგრამში. წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს გუნდური პირველობა უნდა გაიმართოს, ისევე, როგორც უფროსებშია ხოლმე და მასზე 66 კილოგრამის მოჭიდავეც დაგვჭირდება. ვეცდებით, ეროვნული ნაკრების ბრწყინვალე ტრადიცია არც ჩვენ დავარღვიოთ და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოვიგოთ”, – განაცხადა გია გუგავამ.
მწვრთნელისვე სიტყვით, ნაკრების კანდიდატები, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ შეკრებას გაივლიან, რომელიც გორში, სავარაუდოდ 5 ოქტომბერს დაიწყება და ორი კვირა გასტანს.
შეგახსენებთ, ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა და ვაჟებს შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ლევან გუგავას (73 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდათ, გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო