ინტერვიუები

18:43 | 12.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა: “ქართველებმა ცეკვა რომ დავიწყოთ, თამაშის ხანგრძლივი დროით შეჩერება მოუწევთ”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” 22 წლის მცველმა გია გრიგალავამ ვოლგისპირული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
- თქვენ სამშობლოში ამბობენ: “თუ ოჯახში ბიჭი დაიბადა, ის ჭიდაობაში, მინიმუმ, სპორტის ოსტატობის კანდიდატი იქნება”. თავად თუ მოგისინჯიათ ძალები ჭიდაობაში, ვიდრე ფეხბურთის თამაშს დაიწყებდით?
- ჭიდაობით გატაცებული არასოდეს ვყოფილვარ. ბავშვობაში სხვადასხვა სპორტულ სექციებში დავდიოდი, მათ შორის კარატეში, სადღაც 13 წლამდე. თუმცა, უკვე, პარალელურად, ფეხბურთში ვვარჯიშობდი და საბოლოო ჯამში, სპორტის ამ სახეობამ დანარჩენები გადაწონა.
- პირველად ბურთს როდის შეეხეთ? თქვენს მიერ ჩატარებული პირველი თამაში თუ გახსოვთ?
- პირველად ბურთს როდის შევეხე და პირველი თამაში როდის ჩავატარე, არ მახსოვს, რადგან ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. 9 წლის ასაკში, როსტოვში საფეხბურთო სკოლაში ჩავეწერე. უბრალოდ, სტადიონი სახლთან ახლოს იყო და ვარჯიში ამიტომ დავიწყე.
- თქვენი მამა რაგბიში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონია. ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ხელი როგორ შეგიწყოთ?
- ის ყოველთვის მეხმარებოდა. მხარი იმაშიც დამიჭირა, რომ ფეხბურთი ავირჩიე. არასოდეს დაუძალებია, რომ რაგბიში მევარჯიშა. ცხადია, მისგან რჩევებს არა როგორც მხოლოდ მამისგან, არამედ როგორც ყოფილი სპორტსმენისგან ვიღებდი. მამა ჩემს ვარჯიშებსა და თამაშებს ესწრებოდა, მაგრამ მხოლოდ 14 წლამდე. შემდეგ ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მე კი, ფეხბურთის გამო, რუსეთში დავრჩი.  
- კარგად გახსოვთ დღე, როდესაც პირველი ხელფასი აიღეთ? ფული სად დახარჯეთ?
- დღე ზუსტად არ მახსოვს – 14 თუ 15 წლის ვიყავი. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს თანხა, რომელსაც არ დავასახელებ. კარგად მახსოვს, რომ ფული მეგობრებთან ერთად საჭმელში დავხარჯე.
- რაიმე თილისმა გაქვთ? ცრურწმენის გჯერათ?
- თილისმა არ მაქვს. ცრურწმენებსაც, ვცდილობ, სერიოზული ყურადღება არ მივაქციო. “რვიანი” ჩემი საყვარელი და ვფიქრობ, იღბლიანი ნომერია. ცხოვრებაში მასთან ბევრი რამ მაკავშირებს. თუნდაც, ის ავიღოთ, რომ მე-8 თვეში დავიბადე. გარდა ამისა, 8 უსასრულობის ნიშანს ჰგავს, რაც ძალიან მომწონს.
- ქართველი ფეხბურთელები გატანილ გოლს ხალხური ცეკვა “ლეკურით” რატომ არ აღნიშნავენ? ეს ალბათ კარგი სანახავი იქნებოდა! თქვენ რომ გაიტანოთ გოლი, იცეკვებთ?
- ასე რომ იყოს მიღებული, ვიცეკვებდი. თუმცა, საქმე ისაა, რომ ამას დიდი ხანი სჭირდება. ქართველებმა ცეკვა რომ დავიწყოთ, შესაძლოა, ის დიდხანს გაგრძელდეს და თამაშის ხანგრძლივი დროით შეჩერება მოუწევთ.
- ყველაზე მეტად რომელი ცნობილი ფეხბურთელის თამაში მოგწონთ? რომელ დიდ ფეხბურთელთან გსურთ შეხვედრა? თქვენი საყვარელი გუნდი რომელია?
- ახლა ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ბავშვობაში ჩემი კერპი არ იყო, მაგრამ ყოველთვის მომწონდა ზინედინ ზიდანი. შეხვედრა კი, არც ვიცი, ვისთან მსურს... მოედანზე ალბათ “ბარსელონასთან”. თუმცა, “ბარსა” ჩემი საყვარელი გუნდი არ არის. ასეთი 2 მყავს – “მილანი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომლებიც ყოველთვის მომწონდა.   
- როგორც მცველს, პრემიერლიგაში ყველაზე მეტად რომელი გუნდის შეტევის ხაზის წინააღმდეგ გაგიჭირდათ თამაში?
- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ გიპასუხებთ, რადგან გუნდების სათამაშო კლასს შორის ძალიან დიდი განსხვავება არ არის. ყველაფერი განწყობასა და ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული.
- კარიერის განმავლობაში, პრემიერლიგაში გოლი არასოდეს გაგიტანიათ. თუკი პარტნიორები განდობდნენ, მნიშვნელოვანი მატჩის ბოლო წუთებზე საყაიმო ანგარიში რომ იყოს, პენალტს შეასრულებდით?
- უპრობლემოდ. ბავშვობაში ტურნირებზე თამაშის დროს მსგავსი შემთხვევები მქონდა. პრემიერლიგაში, ჯერჯერობით, მსგავსი რამ არ ყოფილა.
- საფეხბურთო მოედანზე ამპლუით მცველი, ცხოვრებაში, ახლობლების კარგი დამცველია თუ დაცვა თავად სჭირდება?
- ალბათ, კარგი დამცველია. სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, სჯობს, ეს შეკითხვა ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს ან ნაცნობებს დაუსვათ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - ყველაფერი ნორმალურად არის, ჯერჯერობით, არავინ ცდილობს მაწყენინოს.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

1.068221