17 მაისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში მასმედიისთვის პრესკონფერენცია მოეწყო, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულებულ ქალ მოჭადრაკეთა გრან-პრის გათამაშების სერიის პირველ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრების – ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მიერ ნაჩვენებ შედეგს მიეძღვნა.
შეგანხსენებთ, რომ ბელამ 11 შესაძლებლობიდან ყველაზე მეტი – 8 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ძაგნიძეს, მან რუსეთის წარმომადგენელ ნადეჟდა კოსინცევასთან ერთად III-IV ადგილები გაიყო. გრან-პრი სულ 6 ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპისთვის 6000 ევროა გამოყოფილი, რომელიც ასპარეზობის თორმეტივე მონაწილეზე დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდება.
გრან-პრის ტურნირზე მოწვეული თითოეული მოჭადრაკე ოთხ-ოთხ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საერთო ჩათვლაში კი მათ მიერ ნაჩვენები სამი საუკეთესო შედეგი შევა. ამის შემდეგ გამარჯვებული დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდება, რომელიც 2015 წელს, პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის ბრძოლაში მოქმედ ჩემპიონს შეხვდება. იმ დროისთვის ჩემპიონი პლანეტის ამჟამინდელი საუკეთესო მოჭადრაკე ანა უშენინასა (უკრაინა) და 2011-2012 წლების გრან-პრის მომგები, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იფან ჰოუს (ჩინეთი) შორის გამარჯვებული იქნება.
მომდევნო ეტაპს 15-29 ივნისს სომხეთის ქალაქი დილიჟანი უმასპინძლებს, სადაც ძაგნიძე და ხოტენაშვილიც იასპარეზებენ. ქართველი მოჭადრაკეების გარდა დილიჟანში კონერუ (ინდოეთი), მუზიჩუკი (სლოვენია), ნატალია კოსინცევა (რუსეთი), სტეფანოვა (ბულგარეთი), ჩმილიტე (ლიტვა), დრონოვალი (ინდოეთი), უშენინა (უკრაინა), დანიელიანი (სომხეთი), გირია (რუსეთი) და ბატჩიმეგი (მონღოლეთი) გამოვლენ.
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): “ბოლო საჭადრაკო ოლიმპიადასა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ წარმატებას მივაღწიეთ. ბელაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც გრან-პრის ტურნირში პირველად მონაწილეობდა, საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემაც კარგი შედეგი აჩვენა.
თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებასთან ერთად აუცილებელია ფიზიკურ მომზადებასაც სერიოზულად მივუდგეთ. დღეიდან უნდა დავიწყოთ გრან-პრის მეორე ეტაპისთვის მზადება, რომელიც ერთ თვეში დაიწყება”.
ბელა ხოტენაშვილი: “პირველ ხუთეულში მოხვედრას კი ვგეგემავდი, მაგრამ ჩემპიონობას ნამდვილად არ ველოდი, რადგან აღნიშნული დონის ტურნირში პირველად ვმონაწილეობდი”.
- რით შეიძლება აიხსნას, რომ ტურნირზე მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი 7 გამარჯვება მოიპოვეთ?
- შემტევი ჭადრაკის მიმდევარი ვარ და თითქმის ყველა შეხვედრაში მოგებისთვის ვიბრძვი. ამით შეიძლება აიხსნას, რომ ჟენევის ტურნირზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოვიპოვე.
ნანა ძაგნიძე: “თუ გავითვალისწინებთ, რომ ასტანაში (ყაზახეთი) დასრულებული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არსად მითამაშია, გრან-პრის პირველ ტურნირზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. სრულყოფილად მომზადებაც ვერ მოვახერხე, რადგან ჩემი ვაჟი ნიკოლოზი სულ რაღაც ხუთ-ნახევარი თვისაა და დიდ ყურედღებას ითხოვს”.
დავით ჯოჯუა: (საერთაშორისო დიდოსტატი, ბელა ხოტენაშვილის მწვრთნელი)
- მწვრთნელად ადრეც მუშაობდით?
- ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი ზურაბ სტურუასთან ერთად.
- როგორც მწვრთნელი, ხოტენაშვილთან მუშაობით კმაყოფილი ხართ?
- როგორ შეიძლება, კმაყოფილი არ ვიყო, როცა ამ დონის ტურნირი მოვიგეთ?
- პირველ ოთხ ტურში ბელამ ორი შეხვედრა წააგო. ასეთ დასაწყისს რით ახსნით?
- გამოუცდელობით. ბელა ამ დონის ტურნირში ხომ პირველად მონაწილეობდა. შემდეგ იყო მომენტი, როცა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო.
- გრან-პრის მეორე ტურნირისთვის ხოტენაშვილს სტურუა მოამზადებს...
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვაპირებ მონაწილეობას და ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდი.
- მომავალში თუ განახლდება თქვენი და ბელას თანამშრომლობა?
- ამას მომავალი გვიჩვენებს.