ჭადრაკი

22:38 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გიორგაძე: “გრან-პრიზე ბელას წარმატებას კარგი ფიზიკური მომზადებით ვხსნი”

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 15 მაისს დასრულებულ საჭადრაკო გრან-პრის სერიის პირველ ტურნირში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი - ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი მონაწილეობდა, ქართველმა მანდილოსნებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ასპარეზობის დებიუტანტმა ბელა ხოტენაშვილმა სენსაცია მოახდინა, 11 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა, უახლეს მდევარ ანა მუზიჩუკს (სლოვენია) ნახევარი ქულით გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ძაგნიძეს, საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ ბოლო ტურში მსოფლიოს ექსჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) მოუგო და ნადეჟდა კოსინცევასთან ერთად III-IV ადგილები გაიყო.

ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ხოტენაშვილთან ჟენევაში ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. ჟენევის გრან-პრის მონაწილე ქართველი მოჭადრაკეების გამოსვლის შესახებ კომენტარის გაკეთება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს ვთხოვეთ.

- ელოდით ხოტენაშვილის ასეთ წარმატებას?

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომაზე ბელას მიზნად პირველ ხუთეულში მოხვედრა დავუსახეთ. მან მაქსიმუმი გააკეთა და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ჭადრაკის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, ცუდად არც მეორე ქართველ მოჭადრაკეს ნანა ძაგნიძეს უთამაშია, რომელმაც ნადეჟდა კოსინცევასთან ერთად III-IV ადგილები გაიყო. იმდენად გახარებული ვარ, რომ ამ სიხარულის გამოსახატად შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ. აღნიშნულ წარმატებას ასევე ვულოცავ ბელა ხოტენაშვილის მწვრთნელს, საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას.

- ჟენევის ტურნირისთვის ქართველი მოჭადრაკეები როგორ მოემზადდნენ?

- თბილისის ჭადრაკის სასახლეში ემზადებოდნენ და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი.

- თქვენი აზრით ჟენევის ტურნირზე რამ განაპირობა ხოტენაშვილის გამარჯვება?

- შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ გრან-პრის პირველ ტურნირზე ბელას წარმატებას კარგი ფიზიკური მომზადებით ვხსნი.

- მაშინ ვთქვათ, რა არის აუცილებელი მოჭადრაკისთვის წარმატების მოსაღწევად?

- უპირველესად ფიზიკური, შემდეგ კი თეორიული, პრაქტიკული და ფსიქოლოგიური მომზადება. სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.

- მინდა გკითხოთ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზეც, სადაც მე-4 ადგილი დავიკავეთ. ეს შედეგი წარუმატებლად შეფასდა, რადგან ფავორიტად ვითვლებოდით...

- მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი ჩვენზე ბევრად უფრო დიდი და განვითარებული ქვეყნებისთვის მხოლოდ ოცნების სფეროს წარმოადგენს. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე კი წარუმატებლად შეფასდა.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ პარტიებში მოპოვებული უპირატესობიდან ყველა თუ არა ნახევარზე ცოტა მეტი რომ შეგვენარჩუნებინა, მინიმუმ მე-2 ადგილზე გავიდოდით. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ ნაკრების წევრებთან და მის ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გვქონდა.

- თუ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი მოჭადრაკეები მოპოვებულ უპირატესობას ბოლომდე ვერ ინარჩუნებდნენ, იყო თუ არა ამის მიზეზი ფიზიკური მომზადება?

- გეთანხმებით, რომ წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცუდი ფიზიკური მომზადება იყო. ამიტომ, ჟენევაში წასვლამდე ბელას სულ ვაფრთხილებდი, რომ ფიზიკური მომზადებისთვის მეტი დრო დაეთმო. მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა და წარმატებაც მოვიდა. ყველა ქართველი მოჭადრაკისთვის ბელას მაგალითი გადამდები უნდა გახდეს.

 

0.115259