ს/კ “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდიდან წასვლის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის “შტურმთან” მარცხის შემდეგ მიიღო. როგორც ირკვევა, ვენაში გამართული მატჩიდან (0:1) დღემდე იგი კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასაგან წინააღმდეგობას აწყდებოდა. საბოლოოდ, გეგუჩაძემ გუნდიდან წასვლის თანხმობა მაინც ვერ მიიღო და იძულებული გახდა, ბელგიურ “ბრიუგესთან” ევროპის ლიგის საფლეიოფო მატჩამდე 2 დღით ადრე ოფიციალურად გამოეცხადებინა - წავედიო.
“მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” აწ უკვე ყოფილ თავკაცს ტელეფონით დაუკავშირდა და უპირველესად, გუნდიდან წასვლის მიზეზზე დაეკითხა.
გია გეგუჩაძე: “ყველაფერი ჩემი სურვილით მოხდა. მიზეზი შეიძლება ცოტა რთულად გასაგები იყოს, მაგრამ ყველა მწვრთნელს თავისი მოსაზრება, ამბიცია აქვს. სიმართლე გითხრათ, ამოცანად დავისახე გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. ამდენად, რადგან ეს ამოცანა არ შესრულდა, საჭიროდ ჩავთვალე, გუნდიდან წავსულიყავი”.
- მგონი, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაც არ იქნებოდა ურიგო შედეგი, რომლისგანაც, ვიდრე პირველი მატჩი გაიმართება, “ზესტაფონიც” ისეთი მანძილითაა დაშორებული, როგორც მისი მეტოქე.
- მინდა, სწორად გაიგოთ. ეს ყველაფერი ახალი დაწყებული არაა. თუნდაც ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩზე ჩემი არყოფნაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. მქონდა რეგულარული საუბრები კლუბის პრეზიდენტთან. მას არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ მაინც ასე აჯობებს. ის, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება “ბრიუგესთან” მატჩამდე 2 დღით ადრე მოხდა, ეს უბრალო დამთხვევაა. ვიმეორებ, საუბრები მანამდეც ხშირი იყო და ჩავთვალე, რომ ჯობდა, ეს ახლა გამეკეთებინა.
- იშვიათი მოვლენაა ქართულ ფეხბურთში - მწვრთნელმა თავის თავს მიზანი დაუსახა, ვერ შეასრულა და პოსტი საკუთარი ნებით დატოვა...
- ეს სხვამ უნდა განსაჯოს. უბრალოდ, ჩემი ამოცანა იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამეყვანა. ვინ იცის, შეიძლება, ეს ჩემი ოცნებაც იყო, შეიძლება, რეალურიც, მაგრამ მჯეროდა, რომ ჯგუფში გაღწევა შესაძლებელი იყო. ვერ შევასრულე, ამიტომაც უნდა წავსულიყავი. ხომ მაქვს უფლება, ჩემი აზრი და პრინციპი მქონდეს, რომლის შესრულების დრო მოვიდა და მეც აღვასრულე?!
- ამ პროცედურის ფორმალური მხარე როგორაა - კლუბში განცხადება დატოვეთ და წამოხვედით, თუ მასზე უკვე რეზოლუციაცაა დადებული?
- როგორც გითხარით, განცხადება “შტურმის” მატჩის შემდეგ დავწერე. მისი შინაარსი ახლაც ძალაშია. უბრალოდ, ჩემი გათავისუფლების კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით. უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ კლუბიდან წამოსული ვარ.
- რა იქნება მომავალში?
- მე ვარ მწვრთნელი და პროფესიას არ ვიცვლი. ალბათ, ბანალურ რამეს ვიტყვი - დავისვენებ ცოტა ხანს და მერე გამოჩნდება, რა მოხდება.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ ილიას, რომელმაც ჩემი ძალების რეალიზების საშუალება მომცა. მერწმუნეთ, ის წლები, რაც ამ გუნდში მაქვს გატარებული, ძალიან კარგად მემახსოვრება.
- “ზესტაფონი” ქართულ ფეხბურთში ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის კლუბია. როგორ ფიქრობთ, როცა დაისვენებთ და გული კვლავ სამუშაოდ გაგიწევთ, ძნელი ხომ არ იქნება ისეთ ქართულ გუნდში მისვლა, სადაც ყველაფერი ხელახლაა დასაწყები?
- რა იცით, იქნებ “ბარსელონაში” მივდივარ?
ფრიდონ კერვალიშვილი