ბოლო დღეებია, “ზესტაფონის” ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება და მართლაც ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: შეხსენებისთვის, “გაგრასთან” წინა ტურის მატჩის შემდეგ, იმერული გუნდის გულშემატკივრები ილია კოკაიას შეხვდნენ და ესაუბრნენ. მათი აღშფოთების მიზეზი გასაგებია – “ზესტაფონი” სეზონის დარჩენილ საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონზე კი არა, თბილისში ჩაატარებსო. როგორი ამბავია?
ახლა აღარ განვმეორდებით იმ ვერსიებზე, რაც ამ თემის გარშემო ითქვა. ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური კი ის იყო, რომ შესაძლოა, “ზესტაფონი” ბათუმში იქნეს დისლოცირებული, ანუ “ზესტაფონი” გახდეს... ბათუმის “დინამოო”. ორი დღის წინ იმერული გუნდის ქომაგებმა ცოტა ამოისუნთქეს: გადაწყდა, რომ “ზესტაფონი” 25 აპრილს ბოლნისის “სიონთან” ეროვნული ჩემპიონატის მატჩს საკუთარ “დავით აბაშიძის” სტადიონზე გამართავს.
“მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა:
- “სიონს’ ზესტაფონში უმასპინძლებთ. ამ მხრივ რაიმე ხომ არ შეცვლილა?
- არა. “სიონთან” ზესტაფონში ვითამაშებთ. გუნდი ახლა თბილისში ემზადება, მაგრამ 25 აპრილს ზესტაფონში უმასპინძლებს ბოლნისელებს.
- გუნდი თბილისში ემზადება. მომავალშიც ასე იქნება? ზესტაფონში ითამაშებთ და თბილისში ივარჯიშებთ?
- მოდით, ჯერ იმით შემოვიფარგლოთ, რომ “სიონთან” მატჩს ზესტაფონში გავმართავთ.
- სეზონის დარჩენილ ყველა მატჩს ზესტაფონში ითამაშებთ?
- ჯერჯერობით ასე ჩანს. მერე კი ვნახოთ...
- ანუ?
- ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, “სიონს” ვუმასპინძლებთ ზესტაფონში.
- ამ აჟიოტაჟმა გუნდზე ცუდად იმოქმედა? ფეხბურთელების სრულ მზადყოფნაში მოყვანა ხომ არ გაგიძნელდებათ?
- არა, რატომ? ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. ზოგჯერ ასეთი აჟიოტაჟი უფრო მუხტავს ფეხბურთელებს.
- გია გეგუჩაძეს მაინცდამაინც არ მოსწონს ზესტაფონში ვარჯიში და მატჩების იქ გამართვა – ეს ვერსიაც გაჟღერდა. ამაზე რას იტყვით?
- ამაზე დიდი სისულელე არაფერი მსმენია. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ზესტაფონს” გადასარევი გულშემატკივარი ჰყავს. არც მე, არც ფეხბურთელებს და არც კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი რამ ფიქრში არ გაგვივლია. აბა, სად უნდა უნდოდეს თამაში “ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელს?
- და კიდევ, “დინამოს” მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ განაცხადა, ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი ივო კატუშიჩი “დინამოზე” ფარულად აწვდიდა ინფორმაციას გეგუჩაძესო. ამაზე კომენტარი ადრე არ გააკეთეთ. არც ამჯერად?
- რა უნდა ვთქვა. ასეთ რამეზე კომენტარი როგორ გავაკეთო...
ილია ნანობაშვილი