ფეხბურთი

15:33 | 13.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ჩემპიონატზე და თასზე ნაჩვენები შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მისის გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი ლოგიკურია.

- ბრინჯაოს მედლების მოპოვებით კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილი იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ჩემპიონები გავხდებით. წელს ნაჩვენები შედეგი კი ლოგიკურად მიმაჩნია.

- ე.ი. არსებული შემადგენლობით მეტს ვერ მიაღწევდით?

- ჩვენ შარშანაც მე-3 ადგილი ავიღეთ. გასათვალისწინებელია, რომ შარშან “ტორპედო” სხვა გუნდი იყო, წელს სულ სხვაა. ერთი წელი გუნდის შესაქმნელად არ კმარა. თორემ, ფეხბურთელებს არ ვემდური, პირიქით...

- მაინც რა არ ეყო “ტორპედოს”, რომ “დინამოსთვის” და “დილასთვის” კონკურენცია გაეწია?

- მიზეზებზე ჩემთვის ჩამოყალიბებული ვარ. თავის მართლებად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ფეხბურთელების ტრავმიანობამ ძალიან უკან დაგვწია. იგივე, კვირას “დილასთან” მატჩში, ტრავმების გამო, საბანაძე, ბერიაშვილი, გრიგალაშვილი, ბოლქვაძე, შერგელაშვილი და ონიანი გვაკლდნენ. ამ მომენტმა ბევრი რამ განაპირობა. შესაბამისად გვიწევდა დუბლშემადგენლობის ფეხბურთელების გამოყენება. ჩვენ გუნდის შენების პროცესში ვართ და ბევრი ხარვეზი გვაქვს, რომლის გამოსწორებასაც მომავალში შევეცდებით.

- სეზონის დასრულების შემდეგ, “ტორპედოს” შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება?

- ფაქტია, რომ რაღაც ცვლილებები იგეგმება და კლუბში ამის შესახებ მსჯელობა მიდის. რა იქნება დაზუსტებით, უფრო მოგვიანებით გამოჩნდება.

- რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია “ტორპედოსა” და “ლოკომოტივს” შორის ურთიერთანამშრომლობაზე?

- კლუბში ამ საკითხზე გარკვეული მოსაზრება არსებობს. მე საუბარი მიჭირს, რადგან ბოლომდე საქმის ვითარებაში ჩახედული არ ვარ. როგორც ვიცი, ჯერ ყველაფერი პროექტის დონეზეა. კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და ამის შემდეგ, უფრო გავერკვევი.

- საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში ბოლნისის “სიონთან” გავარდნას რას მიაწერთ – მეტოქის შეუფასებლობას თუ უიღბლობას?

- ჩემთვის რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს, ჩემპიონატზე და თასზე ნაჩვენები შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია.

- გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად მონახაზი უკვე თუ გაქვთ?

- მონახაზი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გადავეცი და დასტურს ველოდები.


თეგებიგეგუჩაძე
0.1184