ინტერვიუები

17:55 | 25.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

გია ფირცხალავა: “მოგვმართონ და ფული არ დაეკარგებათ”

ხორვატ ლეგიონერ გორან გრუიცასთვის საქართველოში ფეხბურთის თამაშის უფლების მიღებისას, ს/კ “ზესტაფონს” დიდად ეიმედებოდა იმ თანხის, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბის მესვეურებმა პროფლიგას გადაუხადეს. საქმე ის გახლავთ, რომ სეზონის დაწყებამდე, ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში სამონაწილეო თანხა 40 ათასი ლარი იყო და იმერლებმაც სწორედ ამდენი შეიტანეს პროფლიგის ხაზინაში.

 მოგვიანებით, როცა პროფლიგის ფუნქციები ფეხბურთის ფედერაციამ გადაიბარა, გუნდებს საწევრო გაუნახევრეს. შესაბამისად, “ზესტაფონს” სწორედ იმ “ამნისტირებული” 20 ათასი ლარის გაქვითვის იმედი ჰქონდა, როცა ლეგიონერის კლუბში დამატებისას, სფფ-ში მოთხოვილი 15 ათასი ლარს არ იხდიდა. ვინაიდან სფფ-მ “ხელები დაიბანა” და ისინი ჯერ უფუნქციოდ მყოფი ორგანიზაციისაკენ (სპფლ) გაიშვირა, საინტერესოა თავად პროფლიგის პრეზიდენტის აზრი ამ საკითხზე.
“მსოფლიო სპორტი” გია ფირცხალავას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც იგი სფფ-ის აღმასკომმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დააბრუნა.
- ბატონო გია, “ზესტაფონისთვის” დასაბრუნებელი 20 ათასი ლარი პროფლიგას დარჩა გადასახდელი, თუ ფედერაციამ უნდა დაფაროს?
- ამ საკითხზე ჯერ არც კლუბის და არც ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არ გვქონია საუბარი და ყველაფერს გავარკვევთ.
- თქვენი ფედერაციაში დაბრუნებით, პროფლიგამ შეწყვიტა ფუნქციონირება?
- არ შეუწყვეტია. რამდენჯერაც კი საჯარო გამოსვლა ჰქონდა ამ თემაზე სიჭინავას, იმდენჯერ თქვა, რომ პროფლიგა არ დაიშლება და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს. მე პროფლიგის პრეზიდენტი ვარ. უბრალოდ, უფულობის გამო მოხდა ჩვენი შეთანხმება, რომ დროებით, მაისამდე, ჩემპიონატის ჩატარებას ფედერაცია გაძღოლოდა.
- პროფლიგის პრეზიდენტი ყოფილხართ და “ზესტაფონი” რომელი თანხის დაბრუნებას ითხოვს, ამ საკითხში გარკვევას ჯერ არ შედგომიხართ?
- ჯერ ერთი, ჩვენთან ამ თანხის დაბრუნების თაობაზე არც არავის მოუმართავს; მეორეც, სხვასაც აქვს წინასწარ გადახდილი და ის არ ითხოვს; მესამეც რამე გამოსავალს როგორ არ ვიპოვით.
- და როგორი იქნება ეს გამოსავალი?
- არსად არაფერი არ დაიკარგება, ყველაფერს ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა.
- ფედერაციაში თქვენ რა სფეროს გაუძღვებით?
 - ჯერჯერობით, მე პროფლიგაში ვარ და აქაურობას ვუხელმძღვანელებ, პარალელურად კი, ფედერაციაში ჩემპიონატების ჩატარებას გავუწევ კურირებას.
- თქვენი აზრით, როგორია პროფლიგის პერსპექტივა - მუშაობთ მომავალი სეზონიდან ჩემპიონატებისა და თასის გათამაშების ჩასატერებელი თანხის მოსაძიებლად?
 - ჩვეულებრივად ვმუშაობთ - სპონსორების მოძიება იქნება, თუ სისტემების შეცვლა. იმედი მაქვს, როგორც უკეთესი იქნება ლიგისთვის, ყველაფერი ისე მოხდება.
- ლიგისთვის, თუ მისი დამფუძნებელი კლუბებისთვის?
 - რა თქმა უნდა, ჩემპიონატისთვის.
- გადაუჭრელი პრობლემა გახდა ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლირება...
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან შარშან დეკემბრამდე გვქონდა ხელშეკრულება. ახლა კი ახალი დოკუმენტის შექმნაზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, ამ მხრივაც ყველაფერი დადებითად გადაწყდება.    
     
ფრიდონ კერვალიშვილი

0.137522