გორის “დილასა” და ‘ზესტაფონის” ყოფილი მწვრთნელები, შესაბამისად, თემურ შალამბერიძე და გია ჭიაბრიშვილი, ჰოლანდიიდან გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი არნემის “ვიტესში” იყვნენ სტაჟირებაზე – ეს სტაჟირება მოხერხდა “ვიტესისა” და საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” თანამშრომლობით. როგორც იცით, არნემული კლუბის მეპატრონე მერაბ ჟორდანია გახლავთ და მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს “საბურთალოსთან”.
“მსოფლიო სპორტი” გია ჭიაბრიშვილს ესაუბრა:
- სტაჟირება რამდენდღიანი იყო?
- 10 დღე ვიყავით მე და თემურ შალამბერიძე, რომელიც “საბურთალოს” სკოლის უფროსი მწვრთნელი გახლავთ. კმაყოფილი ვარ, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამოდგა. ბევრი რამ შევიძინე. ვიყავით “ვიტესის” ძირითადი გუნდის, დუბლებისა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ვარჯიშებზე და თამაშებზეც. მაგალითად, არნემში ჩვენი იქ ყოფნის დროს ჩატარდა 13-წლამდე ბავშვების საერთაშორისო ტურნირი. “ვიტესში” ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, ყველა გუნდი კოორდინირებულად მუშაობს.
- “ვიტესის” აკადემიაშიც აიაქსური სტილია დანერგილი?
- სულ ბურთიანი ვარჯიშებია. ფიზიკური მომზადება მეორე პლანზეა. არ ვიცი, ევროპაში, ალბათ, მხოლოდ ჰოლანდიასა და ესპანეთშია ასე. ბურთი, ბურთი – ტექნიკაზე, იმპროვიზაციაზე მუშაობა.
- “ვიტესის” ბაზა როგორია? რამდენი მოედანი აქვს?
- 5 მოედანი აქვს და მეექვსე ახლა დააგეს. მერაბ ჟორდანიამ ააშენებინა უზარმაზარი კომპლექს-ცენტრი, რომელიც ბაზასთანაა. ყველაფერი იქაა. სტადიონი “გელრედომი” კი ფანტასტიკურია. ბაზა ქალაქგარეთ, 15 წუთის სავალზეა. ტყეშია გაშენებული. ულამაზესი ბუნებაა.
- ხშირად გვესმის, ქართველ ბავშვებს ფეხბურთის ნიჭი არ აკლიათო. როგორ შეადარებდით, მაგალითად, 14-15 წლის ქართველ და ჰოლანდიელ ბავშვებს?
- მასობრიობით გვჯობნიან. აქ სულ ერთი და იგივე წრეში ვტრიალებთ, არჩევანი დიდი არაა, იქ კი, მარტო “ვიტესის’ აკადემიაში 25 სელექციონერი მუშაობს და ამასთან, დამატებით 4 კაცი, ამ სელექციონერების მუშაობას აჯამებს. ჩვენ 15-20 ბავშვში გვიწევს ამორჩევა, იქ კი 800-1000-ში. ვფიქრობ, საფეხბურთო ნიჭით ქართველი ბავშვები ჰოლანდიელებზე არანაკლებნი არიან. ჩვენი მთავარი გასაჭირი არაორგანიზებულობაა.
...”ვიტესში” 6 წლის ბავშვს უკვე სერიოზულად უყურებენ, დაჰყვებიან და ყურადრებას აქცევენ, რადგან ოდნავ რომ “ჩაეძინოთ”, ამ ბავშვს სხვა აკადემია წაიყვანს. მაგალითად, სულ აღრიცხული აქვთ, რომელმა ბავშვმა როდის და რომელ თამაშზე რა გააკეთა. რომ იკითხო, 5 წლის წინ ამა თუ იმ თამაშზე როგორი გოლი გაიტანაო, ჩაიხედავენ ფურცლებში და მაშინვე გიპასუხებენ. ორგანიზაცია – ესაა მთავარი განსხვავება ჩვენსა და ჰოლანდიურ ფეხბურთს შორის, თორემ ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს. რასაც მე გიყვებით, ჰოლანდიელი ბავშვთა მწვრთნელიც იგივეს გეტყვით. უბრალოდ, იქ არ იკარგება არავინ, ყველა ბავშვისგან მაქსიმუმი იწურება და რესურსს ბოლომდე იყენებენ.
- “ვიტესის” აკადემიაში ბავშვების მომზადება უფასოა?
- აკადემიაში უფასოა, ხოლო ვინც იქ ვერ ხვდება, ისინი გარკვეულ თანხას იხდიან. ეს, საქართველოშიცაა რამდენიმე სკოლაში. მაგალითად, “საბურთალოშიც” ბავშვთა გარკვეული ნაწილი თანხას არ იხდის.
- რამდენად დიდი საფეხბურთო აჟიოტაჟია არნემში? “ვიტესი” ხომ ჩემპიონატში ლიდერთა შორისაა.
- ძალიან დიდი აჟიოტაჟია, ვარჯიშებზეც კი ბევრი გულშემატკივარი დადის. ასეთი შედეგი “ვიტესს” არასოდეს ჰქონია და ბუნებრივია, გულშემატკივარს ძალიან უხარია.
- “ვიტესის” რომელიმე მატჩს დაესწარით?
- სტუმრად “ბრედასთან”, რომელიც “ვიტესმა” 3:0 მოიგო. გურამ კაშია გუნდის კაპიტანია და დიდ პატივს სცემენ. გიორგი ჭანტურია დისკვალიფიცირებულია და მის ვარჯიშს დუბლებში ვუყურე - ვაკო ყაზაიშვილს კი, ჭანტურიას მსგავსად, როგორც ახალგაზრდას, იმედით უყურებენ.
- და ბოლოს, “ზესტაფონიდან” წამოსვლის შემდეგ, უმუშევარი ხართ...
- შემიძლია ბავშვთა ფეხბურთში დავიწყო მუშაობა და შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ სჯობს მოვიცადო. 6-7 წელია, რაც ბავშვებში არ მიმუშავია და ვფიქრობ, ახლა იქ დაბრუნება და ნულიდან დაწყება ჩემთვის არ იქნება მიზანშეწონილი. ვიცი, რომ ბავშვთა ფეხბურთში სხვები ჩემზე უკეთ იმუშავებენ.
- ანუ, ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში?
- ამას ვაპირებ, თუმცა, ჯერჯერობით, წინადადებები არ მიმიღია.
ილია ნანობაშვილი