სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

21:25 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გია ჭანტურია: „მალე „ნონას“ ბავშვთა გუნდიც გვეყოლება“

 

საქართველოში დაბრუნდა ქვეყნის მოჭადრაკე ქალთა გუნდი ბათუმის „ნონა“, რომელმაც ბილბაოში (ესპანეთი) ჩატარებულ საკლუბო ჩემპიონატზე 8 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, ყველა გუნდს მოუგო, ქულათა მაქსიმუმი (14) დააგროვა და პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა. „ნონამ“ 4 ქულით გაუსწრო ამჯერად უკვე ევროპის ექსჩემპიონ, ტურნირის აშკარა ფავორიტ „მონტე კარლოს“, რომელიც ისეთი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც ჰოუ იფანი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), კატერინა ლაჰნო (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი) და ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) არიან.

შეგახსენებთ, რომ „მერანისა“ (გუნდის წევრები: მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი), ნტნ-ის (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, ანა მათნაძე, სოფო გვეტაძე) შემდეგ, „ნონა“ (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე) მესამე გუნდია, რომელმაც საქართველოს ევროპის ჩემპიონობა მოუტანა. მათგან ნტნ ორჯერ, ხოლო „მერანი“ და „ნონა“ თითოჯერ გახდნენ „ბებერი კონტინენტის“ საუკეთესო გუნდები.

ევროპის პირველობაზე „ნონას“ კაპიტანი საერთაშორისო ოსტატი, საერთაშორისო არბიტრი მარიკა ჯაფარიძე, ხოლო მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი იყო. გუნდს ბილბაოში თან ახლდა მისი დამფუძნებელი, საერთაშორისო არბიტრი გია ჭანტურია.

მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრიუმფატორ მოჭადრაკეებთან შეხვედრას „მსოფლიო სპორტიც“ ესწრებოდა, რომელიც გუნდის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

ძაგნიძე: „მადლობა ბათუმის მერიის ხელმძღვანელობას, რომელმაც გუნდი დააფინანსა და ევროპის ჩემპიონატში მონაწილებისათვის ყველა პირობა შეგვიქმნა“.

-         რით ახსნით „ნონას“ მიერ „მონტე კარლოს“ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის დამარცხებას?

-         მონდომებით, ერთსულოვნებითა და გუნდის წევრების ერთმანეთის გვერდით თანადგომებით.

ხვიჩა სუპატაშვილი: „ყველამ კარგად ითამაშა“

-         გუნდის წარმატებაში რომელმა სპორტსმენმა შეიტანა გამორჩეული წვლილი?

-         ყველამ კარგად ითამაშა და გუნდის რომელიმე წევრის გამორჩევისაგან თავს შევიკავებ.

-         თავიანთ დაფებზე ჩვენმა მოჭადრაკეებმა როგორი შედეგი აჩვენეს?

-         ხოტენაშვილმა მეორე დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ გამარჯვებულად ალექსანდრა კოსტენიუკი გამოაცხადეს.

-         ეს ფაქტი არ გააპროტესტეთ?

-         ვაპირებთ გავაპროტესტოთ და სამართლიანობა აღვადგინოთ.

-         სულაც არ მინდა ჩვენს გუნდს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ისეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის დამარცხება, როგორიც „მონტე კარლოა“ ცოტა იღბალმაც ხომ არ განაპირობა?

-         რა თქმა უნდა, ცოტა იღბალიც იყო. თუ ცოტა იღბალმაც ხელი არ შეგიწყო, ისე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია.

გია ჭანტურია: „ნონას“ ჯერჯერობით დაშლა არ ემუქრება“

-         დიდი ხანია, რაც „ნონა“ არსებობს?

-         2013 წლიდან.

-         შარშან რატომ ვერ შეძლო გუნდმა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა?

-         დაფინანსება არ გვქონდა და ამიტომ ვერ ვითამაშეთ.

-         ახლა როგორ შეძლო გუნდმა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა? ვინ დაგაფინანსათ?

-         გუნდი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მერიამ დააფინანსა.

-         „ნონასაც“ ისეთი ბედი ხომ არ ეწევა, როგორიც მის წინამორბედ ჩემპიონებს „მერანსა“ და „ნტნ“ ერგო, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ?

-         „ნონას“ ჯერჯერობით დაშლა არ ემუქრება. პირიქით, ვაპირებთ, რომ უფრო გავფართოვდეთ და ბავშვთა გუნდიც გავაკეთოთ.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.132338