სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:34 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "ქართველებმა როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდოთ სულ მეორე ნომრად თამაში"

 

"ესპანეთს ვეთამაშებით თუ ალბანეთს, ჩემთვის მთავარია, ნაკრებმა ზეწოლა მოახდინოს მეტოქეზე, რადგან თავდასხმა საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა. ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ. უბრალოდ, მგონია, რომ ქართველებმა როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდოთ სულ მეორე ნომრად ყოფნა" - ამონარიდი გია ცეცაძის ინტერვიუდან, რომელსაც "მსოფლიო სპორტი" შემოგთავაზებთ.

გეცოდინებათ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა უკვე შეარჩია ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდზე წასაყვანი შემადგენლობა. ელიტ-რაუნდის VI ჯგუფის მატჩებს ბელგია უმასპინძლებს. 24 მაისს საქართველო ინგლისს შეხვდება, 26-ში შოტლანდიას, ხოლო 29-ში - ბელგიას. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი ნაკრები გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება ლიტვაში.

- მოსამზადებელ გეგმებზე გვითხარით.

- 12 მაისს ვიკრიბებით, 2 დღე თბილისში ვიქნებით და "ბასაზე' ვივარჯიშებთ. 14 მაისს ღამით წავალთ სერბეთში, სადაც შეკრებას გავივლით და 21 მაისს ჩავფრინდებით ბელგიაში. სერბეთში კარგი პირობები გველის: ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვივარჯიშებთ, სადაც 7 მოედანია.

- სერბეთში ამხანაგურ მატჩს გამართავთ?

- დიახ, ერთი შეხვედრა გვექნება. 16 მაისს სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშებით.

- ინგლისი, შოტლანდია, ბელგია - ვიდეომასალა გაქვთ მეტოქეებზე?

- დიახ. შოტლანდიისა და ბელგიის ნაკრებების როგორც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის, ასევე ამხანაგური თამაშების ვიდეომასალა გვაქვს. შედარებით მწირი ინფორმაცია მაქვს ინგლისზე, თუმცა ეს მხოლოდ შედარებით. საქმე ისაა, რომ ინგლისმა ამხანაგურ მატჩებში სულ სხვა და სხვა შემადგენლობებით ითამაშა. განსხვავებული იყო ტაქტიკური სქემაც. ერთხელ დანიას შეხვდნენ ამხანაგურში და ორჯერ თურქეთს. მაგალითად, თურქეთს 1:0 რომ სძლიეს, სულ სხვა ფეხბურთელები ჰყავდათ - არა ისინი, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს. მაინც ვფიქრობ, რომ საკვალიფიკაციოზე ნათამაშებ ფეხბურთელებს ჩაიყვანენ ბელგიაში. რაც ვნახე, ინგლისი შოტლანდიასა და ბელგიაზე ძლიერია, თუმცა პორტუგალიას ვერ სჯობნიან. როგორც იცით, პორტუგალიას ამასწინათ ვეთამაშეთ ოთხთა ტურნირზე.

- ინგლისელები ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობენ თუ კორექტივები შეაქვთ?

- აი, სწორედაც რომ არაბრიტანულად თამაშობენ. მეტ ყურადღებას აქცევენ ბურთის კონტროლს, შეტევის ორგანიზებას. ეს თვალშისაცემია და ეტყობა, ჭაბუკებიდანვე ნერგავენ არატრადიციული სტილის შემოიტანას.

- დაახლოებით ერთი კვირის წინათ, გიორგი ფანცულაიამ მითხრა ინტერვიუში, ცეცაძე 19-წლამდელებში შემტევ ფეხბურთს გვათამაშებს და ხარისხი ამაღლდაო. ისაუბრა საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე. შემტევ ფეხბურთს ათამაშებდით გორის "დილასაც". ანუ, შეტევა თქვენი კრედოა?

- დიახ. ესპანეთს ვეთამაშებით თუ ალბანეთს, ჩემთვის მთავარია, ნაკრებმა ზეწოლა მოახდინოს მეტოქეზე, რადგან თავდასხმა საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა. ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ. უბრალოდ, მგონია, რომ ქართველებმა როგორმე თავიდან უნდა ამოვიგდოთ სულ მეორე ნომრად ყოფნა. ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მეტოქის შიში არ უნდა გქონდეს და თამაშის მის ნახევარზე წარმართვას უნდა ეცადო. რთულია, მაგრამ გამართული ფეხბურთი სწორედ ესაა.

- და ქართული ფეხბურთიც სწორედ შეტევით ფასობდა, ასე იცნობდნენ ევროპაში. ამას აქცევთ ყურადღებას?

- ჩემი თქმა რად უნდა, რომ ასეა. ეს ხომ ფაქტი იყო. პორტუგალიაში გამართულ ოთხთა ტურნირზე გამოჩნდა, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. შედეგები ცნობილია: პორტუგალიასთან 0:2, სერბეთთან კი 1:2 წავაგეთ, ხოლო რუსეთს 1:0 ვძლიეთ. მაგრამ ნებისმიერს შემიძლია ვანახო ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერი და თავად დარწმუნდებიან, რომ ანგარიშები კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო.

პორტუგალიასთან მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდით და მომენტებიც საკმაოდ გვქონდა. სერბეთთან 5-წუთიან მონაკვეთში გავუშვით ორი გოლი, თორემ თამაში ისეთი იყო, ყველანაირად დავჩაგრეთ. წარმოიდგინეთ, ერთ შეტევაში 43 პასი გადავაბით სერბეთთან და გოლს რომ არაფერი აკლდა, მაშინ ვერ გავიტანეთ. ამ სამ შეხვედრაში საგოლე მომენტების 50 პროცენტიც რომ გამოგვეყენებინა, სულ სხვა ანგარიშებს მივიღებდით.

რუსეთთან ბოლო ტურში მოვიგეთ და ბიჭებმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს, მეტოქე სრული სტატისტის როლში იყო და ერთადერთი ცუდი რაც მოხდა, ისევ მომენტების გაცუდება იყო. 

- ბოლოს ლუკა ჰუფნაგელზე გკითხავთ. ის ბელგიაში მიგყავთ. "მსოფლიო სპორტში" ეწერა, რომ ჰუფნაგელს გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებიდან ჰქონდა მოწვევა და საქართველოში თამაში არჩია.

- დიახ, წავიკითხე და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ლუკას. აქამდეც ვიცოდი, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი ადამიანი იყო, ამის შემდეგ კი გაცილებით ამაღლდა ჩემს თვალში. შანსი არაა, რომ ასეთი ნაბიჯი კარიერაში და საერთოდ ცხოვრებაში არ დაუფასდეს. ეტყობა, რომ ნამდვილი ჯარისკაცია. პირველად პოლონურ ტურნირზე ვნახე და აშკარად სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა ვხედავდი, რომ პოტენციალი ჰქონდა. მას შემდეგ გერმანიაშიც მკვეთრად მოუმატა და "უნტერჰახინგის" ძირითად გუნდშიც ათამაშეს.

- პრობლემა იყო, რომ "უნტერჰახინგი" ჰუფნაგელს სერბეთში არ გამოუშვებდა შეკრებაზე.

- მოგვარდა. სერბეთშიც ჩვენთან ერთად იქნება. 

 

კალენდარი:

24 მაისი

20:00: გეელი. შოტლანდია-ბელგია

მსაჯი: ალექსოვიჩი (ბოსნია)

20:00. ბორნემი. ინგლისი-საქართველო 

მსაჯი: ამჰოფი (შვეიცარია)

26 მაისი

17:00. ვესტერლო. შოტლანდია-საქართველო

მსაჯი: დელ ჩერო (ესპანეთი)

21:00. გეელი. ბელგია-ინგლისი

მსაჯი: ალექსოვიჩი (ბოსნია)

29 მაისი

20:00. ვესტერლო. ინგლისი-შოტლანდია

მსაჯი: დელ ჩერო (ესპანეთი) 

20:00. ბორნემი. საქართველო-ბელგია

მსაჯი: ამჰოფი (შვეიცარია) 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118919