გორის “დილამ” ჩემპიონატში ბოლო ოთხი მატჩი წააგო და მეცხრე პოზიციაზეა. ცხინვალის “სპარტაკთან” მარცხს კი მწვრთნელ გია ცეცაძის გუნდიდან გაშვება მოჰყვა. ეს ლოგიკურიცაა, თუმცა არის მეორე მომენტი – “დილა” სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა, მარტო “ზესტაფონთან” გასვლაზე 4:0 მოგება და თბილისის “დინამოსთან” სათასო 2:2 რად ღირს.
“მსოფლიო სპორტი” გია ცეცაძეს გაესაუბრა:
- მწვრთნელობიდან გადადგომა თქვენი სურვილიც ხომ არ იყო?
- არა, ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. მიუხედავად ბოლოდროინდელი წაგებებისა, სატურნირო მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და რვა საუკეთესოში მოხვედრის შანსი ახლაცაა.
- რატომ წააგო გუნდმა ბოლო მატჩები?
- რუსთავის “მეტალურგთან” გადაღლილობამ იჩინა თავი. ზუგდიდის “ბაიასთან” თამაში ვინც ნახა, დამეთანხმება, ნამდვილად არ იყო წასაგები. არ მინდა უიღბლობაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, ასე იყო. “გაგრასთან” და “სპარტაკთან” კი პირველი ტაიმები ჩავაგდეთ. არანაირად არ ვეძებ გასამართლებელ საბუთს. გუნდი შედეგს ვეღარ აჩვენებდა და როგორც მწვრთნელი, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი. ვიცი, ფეხბურთელებს გული დასწყდათ ჩემი წასვლის გამო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ეს ფეხბურთელები თამაშს გააგრძელებენ და არა მგონია, მეც ამით დავასრულო სამწვრთნელო კარიერა.
- გაქვთ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება?
- ჯერ ერთი თვე მაინც უნდა დავისვენო. გასული 9 თვე იოლი არ ყოფილა. “დილა” უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, სეზონში გადატვირთული გრაფიკია და ცოტა არ იყოს, დავიღალე.
- არადა, პირველ წრეში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა “დილამ”.
- ეს დავიწყებულია. აღარაა საინტერესო...
- თქვენთან ერთად, თანაშემწე თემურ ლორთქიფანიძეც წამოვიდა კლუბიდან...
- თემური არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა წამოსვლა არჩია. როგორც ვიცი, გუნდს მეკარეების მწვრთნელი რამაზ სოლოღაშვილი გაწვრთნის.
ილია ნანობაშვილი