ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ გახდა ცნობილი, რომ დღევანდელ “ბარსელონას” დღევანდელი “ბაიერისთვის” წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. განმეორებით მატჩში, კატალონიელთა ამოცანა ღირსების შენარჩუნება იყო. იუპ ჰაინკესის მანქანასთან 4-ბურთიანი უპირატესობით მოგებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. თამაშის დაწყებამდე, “კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივრების მიერ სიტყვა Oრგულლ-ის (კატალანურიდან ითარგმნება, როგორც “სიამაყე”) გამოსახვაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ქომაგები საყვარელი ფეხბურთელებისგან არა ფინალში გასვლას, არამედ ღირსეულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, კატალონიელ ფეხბურთელებს სიამაყის საბაბი ნამდვილად არ ჰქონდათ.
გუნდების სასტარტო შემადგენლობების გაცნობის შემდეგ, შესაძლოა, დაგბადებოდათ კითხვა, თამაში მაისის პირველ დღეს იმართებოდა, თუ აპრილის. ამის მიზეზი ისაა, რომ სათადარიგოთა სკამზე მოხვდა “ბარსელონას” უმთავრესი იმედი ლიონელ მესი. არადა, ბოლო დღეებში, მისი ტრავმის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა და არგენტინელის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. პირველ მატჩში დაფიქსირებულ ანგარიშსა და სერიოზულ საკადრო პრობლემებს რომ მესის არყოფნა დაემატა, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ “ბარსელონა” ფინალისთვის ვერ იბრძოლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყოველთვის, ბურთს ამჯერადაც კატალონიელები აკონტროლებდნენ, “ბაიერნის” უპირატესობა მაინც აშკარა იყო. მასპინძლები სახიფათო მომენტების შექმნას არათუ ვერ ახერხებდნენ, თითქოს, არც კი ცდილობდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბურთის კონტროლი არა მიზნის მიღწევის საშუალება, არამედ მიზანი იყო.
შესვენებამდე, “ბაიერნმა” მეტოქის კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, მაგრამ პირველ ტაიმში კატალონიელთაგან საუკეთესო ფეხბურთელის, ხერარდ პიკეს თავგანწირული თამაშის წყალობით, ვალდესმა კარი მშრალად შეინახა.
ანგარიში 48-ე წუთზე გაიხსნა. რობენმა ბურთი მაჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შესულმა ადრიანო მოატყუა და შორეულ კუთხეში დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა. ეს ნიშნავდა, რომ ფინალში გასასვლელად, “ბარსას” 6 გოლის გატანა სჭირდებოდა.
ტიტო ვილანოვას რომ “უემბლიზე” თამაშის იმედი აღარ ჰქონდა, ეს მალევე გამოჩნდა. მან მოედნიდან ჯერ ჩავი, ხოლო 10 წუთში ინიესტაც გაიყვანა. ამის შემდეგ, “ბარსა” თამაშს მესის, ჩავის, ინიესტას, პუიოლის, ბუსკეტსისა და ალბას გარეშე განაგრძობდა.
“ბაიერნს” შეტევა არ სჭირდებოდა, მაგრამ მოედანზე მყოფ გუნდებს შორის განსხვავება იმდენად დიდი იყო, რომ მასპინძელთა კარში კიდევ 2 გოლის გასვლა გასაკვირი არ ყოფილა.
ვალდესის კარის ბადე მეორედ 72-ე წუთზე შეირხა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა რიბერიმ გომესზე პასის გაკეთება გადაწყვიტა და მართალია, ბურთმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ამან ბევრი ვერაფერი შეცვალა – “ბარსას” კარი პიკემ აიღო.
კაპიტულაციაგამოცხადებულ “ბარსას” მე-3 გოლი მიულერმა გაუტანა. ისევ მარცხენა ფლანგიდან კვლავ რიბერის ჩაწოდების შემდეგ, შორეულ კუთხეში მყოფმა მიულერმა საჰაერო ბრძოლა ორ მეტოქეს მოუგო და 2 მატჩის ჯამში, ანგარიში 7:0 დააფიქსირა.
ამრიგად, რაც “რაელისა” და “დორტმუნდის” განმეორებითი თამაშის შემდეგაც ცნობილი იყო, “კამპ ნოუზე” ოფიციალურად გაფორმდა – ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში, გერმანული გუნდები ფინალში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მოხდება ეს ინგლისის დედაქალაქში, “უემბლის” სტადიონზე, 25 მაისს.
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:0)
ბარსელონა, “კამპ ნოუ” 95877
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა (მონტოია 87), ადრიანო, სონგი, ჩავი (სანჩესი 55), ინიესტა (ტიაგო 64), ვილია, ფაბრეგასი, პედრო.
მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი (რაფინია 77), ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა, მარტინესი (ტიმოშჩუკი 74), შვაინშტაიგერი (გუსტავო 66), რობენი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.
გოლები: 0:1 რობენი (48), 0:2 პიკე (72, ს.კ.), 0:3 მიულერი (76).
გაფრთხილებები: ალვესი 45, პიკე 79 – რობენი 32.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (5)-6 (2), კუთხური: 4-0, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-5, ჯარიმა: 15-13.