მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გერდ მიულერი ნამდვილად განუმეორებელი პერსონაა. მძლავრი ფეხები მას ნებისმიერ, თუნდაც ძალიან უხეშ, ფიზიკურად კარგად მომზადებულ, ტანმაღალ ოპონენტთან ძალისმიერი პაექრობისას გამარჯვებულს ტოვებდა. გერდს არ უყვარდა და უბრალოდ, არც შეეძლო წაქცევა. ის ყოველთვის ფეხზე იდგა და თანაც, მუდამ მზად იყო ბურთის კარში დასარტყმელად. აღსანიშნავია ის, რომ ვარჯიშებზე იგი სპეციალურად ამუშავებდა ასეთ ილეთს: ბურთის დარტყმის მომენტში, როდესაც საყრდენ ფეხზე იდგა, პარტნიორი მის წაქცევას ცდილობდა, თუმცა ოპონენტს ეს ძალიან იშვიათად გამოსდიოდა. მიულერის მოცელვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ ეს თვისება მას ნებისმიერ ვითარებაში, ყოველგვარი შემზადების გარეშე, ბურთზე დარტყმის განხორციელების შანსს უტოვებდა. გოლებს კი, გერდი ერთნაირი წარმატებით იტანდა შორეული დისტანციიდანაც და ახლოდანაც.
მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად გერდ მიულერმა ყველაზე მაღალი საფეხბურთო მწვერვალები დაიპყრო. იგივე შეიძლება ითქვას, თავდამსხმელის ასპარეზობაზე გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე მიულერის მიერ დამყარებულ რეკორდს (14 გოლი 1970 და 1974 წლების მუნდიალებზე) ბოლო ტურნირამდე ვერავინ იმეორებდა.
აი რას წერდა მის შესახებ ზეპ მაიერი თავის წიგნში: “ჩვენთან “ბაიერნში” გვყავდა ბომბარდირი ნერდლინგენიდან, რომელსაც მეტსახელად “სქელოს~ ვეძახდით. ის გუნდში 1964 წელს მოვიდა. როდესაც პირველად დავინახეთ, ისტერიული სიცილი აგვიტყდა. მრგვალთავა, მოკლედ შეჭრილი თმით, არაპროპორციულად დიდი ტორსით და თანაც ფეხებდაგრეხილი.... “მე ვარ ბომბარდირი ნერდლინგენიდან”, _ მორიდებით გაგვეცნო მიულერი. ჩვენ კვლავ ხარხარი მოვრთეთ. თუმცა როდესაც გერდი პირველად ვიხილეთ ვარჯიშზე, მისი დაცინვის საფუძველი სრულიად გაგვიქრა. ვარჯიშებს ის ისეთივე სერიოზულობით ეკიდებოდა, როგორც მატჩს. თანაც, ვარჯიშებზე გოლების გატანისასაც ისევე ხარობდა, როგორც ბუნდესლიგის მორიგ მატჩში მეტოქის კარის აღებისას. საერთოდ, როდესაც ის საჯარიმო მოედანს უახლოვდებოდა, თითქოს ზებუნებრივი ენერგიით ივსებოდა. იგი ნებისმიერი მცველისთვის ნამდვილი რისხვა გახლდათ”.
გერდ მიულერის დახასიათებისთვის, ვფიქრობთ, უპრიანი იქნება, თუკი კიდევ 2 ავტორიტეტული პიროვნების გამონათქვამს გაგაცნობთ. “მიულერი რომ არა, წარმატების ნახევარსაც ვერ მივაღწევდით და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებსაც გაცილებით ნაკლები ექნებოდათ საამოდ გასახსენებელი”, - კატეგორიულად ამტკიცებს “ბაიერნსა” და ბუნდესნაკრებში ბომბარდირის პარტნიორი ფრანც ბეკენბაუერი, თანამედროვეობის ერთი-საუკეთესო გოლეადორის პიპო ინძაგის მტკიცებით კი სადღეისოდ გერდ მიულერის “საბაზრო-სატრანფერო” ფასი 100 მილიონ ევროზე მეტი იქნებოდა.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გერდ მიულერი ალკოჰოლს “დაუმეგობრდა”, თუმცა მოგვიანებით მავნე ჩვევაზე უარი თქვა და “ბილდის” კორესპონდენტის მტკიცებით, 64 წლის ექსგოლეადორი ამჟამადაც ისე გამოიყურება, რომ მინდორზე გასვლის შემთხვევაში მოწინააღმდეგეთა მეკარეების დაწიოკება-დამწუხრებას ძველებური ინტენსივობით შეძლებს. მიულერი სადღეისოდ “ბაიერნის”მეორე გუნდის ერთ-ერთი დამრიგებელია და მინდობილ საქმეს ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით უდგება. გერდ-გოლი დღესაც დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს ბავარიელ გულშემატკივართა შორის, რის დასტურადაც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ვისბადენის სტადიონზე მისული ჟურნალისტის სიტყვებიც კმარა – ჩვენი დიალოგის მსვლელობისას ავტოგრაფის მსურველები არ გვასვენებდნენ, რომლებიც სამართალდამცავებს უსხლტებოდნენ და წამდაუწუმ ქაღალდსა და ფანქარს აჩეჩებდნენ ხელში ჩემს მოსაუბრესო.
- სტადიონის მახლობლად ჰელმუტ შიონის (1964-78 წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავარი მწვრთნელი-რედ) სახელობის პარკია. როგორ გახსენდებათ ყოფილი დამრიგებელი?
- შიონი სუპერმწვრთნელი იყო. ასეთ სპეციალისტს არ შევხვედრილვარ. სწორედ ჰერ ჰელმუტის დამსახურებაა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი. ვწუხვარ, დღეს ის ცოცხალი რომ არაა, მისი კონსულტაცია ძალიან გამომადგებოდა.
- დღევანდელობას მივუბრუნდეთ. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე რომელი ქვეყნის ნაკრები გაიმარჯვებს?
- გადაჭრით ძნელი სათქმელია, ისე კი არ მომეწონა არგენტინისა და გერმანიის გუნდები. მათ ასპარეზობას 3 მარტს მიუნხენში დავაკვირდი და მსოფლიოს პირველობის ფავორიტად ვერ ჩავთვლი.
- დავიჯეროთ, დიეგო მარადონას შეგირდები არ მოგეწონათ? მათ ხომ ჩვენი ბუნდესთიმი გააბითურეს...
- არგენტინელები თვალნათლივ გვჯობდნენ, ორთაბრძოლებისას დაგვჩაგრეს, ტექნიკურადაც უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ არც სამხრეთამერიკელთა თამაშმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.
- ბევრს სამხრეთ აფრიკის ტურნირის უპირველეს ფავორიტად ესპანეთი მიაჩნია. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- ვფიქრობ, ჩემპიონი მაინც ბრაზილია გახდება.
- გერმანია უშანსოდაა?
- იოაჰიმ ლიოვს გუნდში ზომაზე მეტი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს. ჩემი აზრით, ჩვენს ეროვნულ გუნდს მუნდიალის მოგების შანსი არ აქვს.
- ბუნდესლიგაში რომ ახლა ასპარეზობდეთ, რამდენ გოლს გაიტანდით სეზონის მსვლელობისას?
- ჩემი რეკორდი 40 ბურთია, ახლა რომ გავდიოდე სათამაშოდ, ამ მააჩვენებელს მინიმუმ 20-ს დავუმატებდი. ასე რომ, 60 გოლს თავისუფლად მოვუყრიდი თავს.
- დავიჯეროთ თანამედროვე მცველები უწინდელზე სუსტები არიან?
- ასეა. არც სისტემა მომწონს. გუნდები 4 მცველს ერთ ხაზზე აყენებენ და მწვრთნელები მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო ფორვარდებს პერსონალურ მეურვეს არ მიუჩენენ ხოლმე. ეს არასწორი მგონია.
- გერმანიაში მსოფლიო კლასის თავდამსხმელთა ნაკლებობაცაა. ჩვენს ფეხბურთს გერდ მიულერი, კარლ ჰაინც რუმენიგე, რუდი ფიოლერი აკლია...
- უვე ზეელერი გამოგრჩათ. “ჰამბურგის” ექსფორვარდი ექსტრა-კლასის თავდამსხმელი გახლდათ.
- მაინც რაა მიზეზი, თანამედროვე გერმანულ ფეხბურთს სუპერფორვარდები რომ არ ჰყავს?
- პარადოქსულ მოსაზრებას გეტყვით – ამჟამინდელ მოთამაშეებს ხელს ძალიან მაღალი ანაზღაურება უშლით ხელს. როგორც კი ფეხბურთელი ბუნდესლიგურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, იმ წუთიდან მილიონერი ხდება. ამის გამო ვარჯიშზე მუშაობის სტიმულიც ქრება. საერთოდაც, ფეხბურთი მოსაწყენი გახდა.
- მიზეზი?
- მილიონების საყვარელი თამაში რომანტიკისგან დაიცალა. თვითონაც ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, სად გაქრა ის სულისკვეთება, ენთუზიაზმი და ლამაზი ასპარეზობისკენ სწრაფვა, რომელიც ჩვენ დროს უხვად იყო.
გოჩა კაჭარავა