ინტერვიუები

19:06 | 30.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

გეორგი კონდრატიევი: “ქართველებსაც და ფინელებსაც ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ”

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში, ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა კარგი შედეგი იქნება.
- 8 დეკემბერს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარგადგინეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების თავკაცად რჩებით, როდესაც ქვეყნის უპირველესი გუნდის გაწვრთნა შემოგთავაზეს, ვიდრე დათანხმდებოდით დიდხანს ფიქრობდით?
-
ივნისში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებისა და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადზე მოხვედრის შემდეგ, ვხვდებოდი, რომ მსგავსი წინადადებით მომმართავდნენ.
საერთოდ, ასეთ ვარიანტზე უარს არ ამბობენ და ამიტომ, წამითაც არ დავფიქრებულვარ. რაც შეეხება თანამდებობების დროებით შეთავსებას, პრობლემას ვერ ვხედავ.
- ბუნებრივია, მომავალი სამუშაოს პლუსებს და მინუსებს ჩაინიშნავდით...
- მინუსი მხოლოდ ერთია – მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით – ესპანეთი, საფრანგეთი, ფინეთი, საქართველო. პლუსი ისაა, რომ გუნდის ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ წამყვანი ბელარუსი მოთამაშეები ჯერ ბოლომდე არ “გახსნილან”. გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პლეი ოფში ნამდვილად უნდა მოხვედრილიყო. შევეცდები, ფეხბურთელები დავმუხტო და ჯგუფიდან გასვლისთვის განვაწყო – თუ ამ ციკლში არა, მაშინ მომავალში. ვფიქრობ, რომ ბიჭებთან სრული კონტაქტი მექნება. სხვათა შორის, ხელშეკრულების დადების დროს ჩემი მთავარი პირობა იყო, რომ გუნდი არა ერთი, არამედ ორი შესარჩევი ციკლით ჩამებარებინა. ნაკრებს განახლება სჭირდება, რადგან მის რიგებში არცთუ ცოტა ასაკოვანი ფეხბურთელი თამაშობს.
- ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ რაიმე კონკრეტული მიზანი დაგისახათ?
- თითოეულ მატჩში შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა, მომავალ ციკლში, შესარჩევი ჯგუფის სიძლიერიდან გამომდინარე, მკაცრი მოთხოვნები არ წაუყენებიათ. ევრო-2016 წლის შესარჩევში კი, მიზანი ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა. რომ ვთქვა, ამ ჯგუფიდან პირდაპირ უნდა გავიდე ან პლეი ოფში უნდა მოვხვდე-მეთქი, შარლატანად ჩამთვლიან. ჯგუფში მესამე ადგილი კარგ შედეგად ჩაითვლება, რადგან ფინელებსაც და ქართველებსაც ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ. თუმცა, ფავორიტების გამწარებაც შეიძლება. თითოეული შეხვედრისთვის ისე მოვემზადებით, როგორც უკანასკნელი ბრძოლისთვის. ვფიქრობ, სადღაც ქულების “გამოძრობას” შევძლებთ. მითუმეტეს, საფრანგეთის ნაკრებთან მსგავსი რამ უკვე გაგვიკეთებია.
- ბელარუსის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასოდეს გასულა. არადა, ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრებები ბოლო რვა წლის განმავლობაში ევროპის უძლიერესი 8 გუნდში 3-ჯერ მოხვდნენ. თქვენი აზრით, ამ მიღწევების ფენომენი რაში მდგომარეობს?
- ახალგაზრდა ბელარუს მოთამაშეებს ძალიან მაღალი მოტივაცია აქვთ. ისინი კარიერის გაგრძელებას უფრო ძლიერ ჩემპიონატებში ცდილობენ და ამიტომ, სწრაფად პროგრესირებენ. ისინი მწვრთნელების მითითებებს ყურადღებით და მონდომებით ასრულებენ, რის ხარჯზეც ოსტატობას იმაღლებენ. გარდა ამისა, ბელარუსის ჩემპიონატი მათ ამ ასაკში აუცილებელი სათამაშო პრაქტიკის ქონის შესაძლებლობას აძლევს.
- აქამდე, ეროვნული ნაკრებების დონეზე არ გიმუშავიათ, მაგრამ ცნობილი ხართ, როგორც მწვრთნელი-ევოლუციონერი. ბელარუსის ეროვნული გუნდის თამაშში რის გაუმჯობესებას გეგმავთ?
- ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს ავიღებთ იქიდან, რაც გუნდს ბერნდ შტანგეს დროს ჰქონდა. მაგალითად, დაცვაში სტაბილურად ვთამაშობდით და არცთუ ბევრ გოლს ვუშვებდით. შუა ხაზში და შეტევაში კი, მეტი მუშაობა მოგვიწევს. უფრო გაბედულად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ, წინ მეტად წავიდეთ. ბურთის უსასრულოდ კონტროლი კარგ შედეგამდე ვერ მიგიყვანს. ამ ელემენტს სრულყოფილად მხოლოდ “ბარსელონა” ფლობს. როდესაც სხვები მის მიბაძვას იწყებენ, არაფერი გამოსდით. შევეცდებით, “ოქროს შუალედი” ვიპოვოთ. გარდა ამისა, გუნდის ფსიქოლოგია უნდა შევცვალო, რომ ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენონ.
- საკუთარ თავს მწვრთნელის რანგში როგორ დაახასიათებდით? მუშაობის დროს აქცენტს რაზე აკეთებთ?
- მთავარი აქცენტი ბიჭებისადმი სრული ნდობაა. ჩვენ ხომ იშვიათად ვიკრიბებით. ამ დროს სიტუაცია უნდა დავძაბო და ისინი “დავახრჩო”? მე პირიქით ვაკეთებ. წუწუნი საჭირო არაა და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ახალგაზრდულ ნაკრებს სწორედ ასე ვაყალიბებდი. ვცდილობ, ფეხბურთელებისთვის არა მწვრთნელი, არამედ, უფროსი მეგობარი ვიყო. თუმცა, რთული მომენტები და კონფლიქტები ხდება. ცხადია, მოთამაშის დონე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ადამიანური თვისებებია. ეს ძალოსნობა და ჩოგბურთი არ არის. ფეხბურთი კოლექტიური სპორტის სახეობაა. არ მიყვარს დამჯერები, რომლებიც თვალებში გიყურებენ და გისმენენ, ხოლო მოედანზე ფეხებს უფრთხილდებიან. დაე, იყოს მეამბოხე. დაე, არ მომისმინოს, გაბრაზდეს, მაგრამ მოედანზე ბოლომდე იბრძოლოს. ჩემთვის ასეთი მოთამაშე უფრო ახლობელია.
- ცოდნის დონეს როგორ იმაღლებთ? რომელი კოლეგების მუშაობას ადევნებთ თვალს?
- ტელევიზორიდან ძალიან ბევრი ვისწავლე ჟოზე მოურინიოსგან. მისგან დაცვაში თამაშის მნიშვნელოვანი მომენტები გადავიღე. 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში “ინტერმა” “ბარსელონა” რატომ დაამარცხა? ყველა ამბობს, რომ თავი საკუთარი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს უნდა დაიცვა. მოურინიომ კი, გუნდი საჯარიმოს ირგვლივ განალაგა და ყველა ზონა დახურა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ესპანელების წინააღმდეგ მეც ასევე ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ეს მოურინიოსგან გადავიღე. ვფიქრობ, ნაკრების მწვრთნელმა უპირველესად ძალიან ბევრი უნდა იაზროვნოს და სხვების ქმედებები გაანალიზოს. შემდეგ კი, ყოველივე ეს პრაქტიკაში გამოიყენო. ამას ვერცერთ ვიდეოკასეტაზე და ვერცერთ წიგნში ვერ ნახავ. არსს თავად უნდა ჩაწვდე.
- ბერნდ შტანგემ ეროვნულ ნაკრებში ასეთი ტრადიცია დანერგა, რომ გუნდის ნებისმიერი ახალწვეული პირველივე ვარჯიშზე სიმღერას ასრულებდა. მას შეინარჩუნებთ?
- მასზე უარი რატომ უნდა ვთქვა, მითუმეტეს ბიჭებს მოსწონთ. დაე, იმღერონ. თუმცა, ამაში მონაწილეობას ნამდვილად არ მივიღებ. სიმღერა რომ შემეძლოს ვიმღერებდი, მაგრამ მუსიკალური სმენა არ მაქვს.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.135521