მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკუთარ მოედანზე ესპანელებთან 0:4 წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბელარუსის ნაკრების თავკაცმა გეორგი კონდრატიევმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მომავალ მატჩზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 16 ოქტომბერს უცილობლად გამარჯვებას შეეცდება.
- არ გეშინიათ, რომ დიდი ანგარიშით მარცხი საქართველოსთან მატჩისთვის ნორმალურად მზადებაში ხელს შეგიშლით?
- არა, ამ თემაზე ბიჭებს უკვე ვესაუბრე. რაც უნდა იყოს, ესპანეთი ჩვენზე ერთი თავით მაღლა იდგა და მარცხისგან ტრაგედიას არ ვქმნით. ქართველებს დაახლოებით ჩვენი დონის გუნდი ჰყავთ და გამარჯვებას შევეცდებით.
- ფინეთისა და საქართველოს ფრედ დასრულებულ თამაშზე რას იტყვით?
- საერთოდ, ვცდილობ, მეტოქეებზე ნაკლებად ვილაპარაკო. აუცილებლად უნდა მოვუგოთ ერთსაც და მეორესაც.
- ბელარუსის ნაკრებს დაცვითი ტაქტიკისთვის აკრიტიკებენ...
- არ ვფიქრობ, რომ აქცენტს დაცვაზე ვაკეთებთ. საქართველოსთან მატჩში ბურთს მეტოქეზე უფრო ხშირად ვფლობდით. ასევე, შევეცადეთ საფრანგეთთან ტოლ-სწორად გვეთამაშა.
- რა ცვლილებები იგეგმება შემადგენლობაში საქართველოსთან მატჩში?
- რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. დაველოდები, ექიმები რას იტყვიან. გარდა ამისა, მოედანზე ზოგიერთი ის ფეხბურთელი გავა, რომელიც ესპანეთთან დავასვენე.
- შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფიდან გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგულია?
- არაერთხელ ვთქვი, რომ შანსები თავიდანვე ძალიან მცირე იყო. ამის გამო ხშირად მაკრიტიკებდნენ. თუმცა, მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: განვლილი 20 წლის განმავლობაში შესარჩევ ჯგუფში მე-3 ადგილი მხოლოდ ერთხელ დავიკავეთ. ასე რომ, ახლა მე-3 ადგილს ვუმიზნებთ, რათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე უკეთესი განთესვა მივიღიოთ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა