ჭიდაობა

20:12 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

ქართველმა გოლიათმა ყველა ბრძოლა ვადაზე ადრე მოიგო


ქართველმა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (120 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფავორიტად შერაცხულმა ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი ისე მოიპოვა, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია. ეს ყველაფერი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოხდა, რომელიც ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობას მასპინძლობდა.

პეტრიაშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 მეტოქე ჩამოიცილა და თანაც ყველა მათგანს საქმე ვადაზე ადრე მოუთავა. თვალსაჩინოებისთვის მოგახსენებთ, რომ ქართველმა გოლიათმა გერმანელ ლიტვინოვს 11:2 მოუგო, ტუნისელ ტრაბელსის – 7:0, კანადელ დჰინსას – 8:0, რუს გოგაევს – 11:4, ხოლო ირანელ გომის – 7:0.

ამასთან, გენოს მე-2 პერიოდის ჭიდაობა მხოლოდ გოგაევთან დაჭირდა, ფინალში კი გომის ძლევისთვის 01:53 წუთი იმყოფინა. ამგვარად, პეტრიაშვილმა ევროპის პირველობის მოგების კვალად, მსოფლიოს ჩემპიონატზეც იმარჯვა და ერთგვარი დუბლი შეასრულა.

ცნობისთვის, ქართველი ფალავნის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა გურამ საღარაძემაც მიიღო.

გიორგი გოგშელიძის შეგირდებმა სოფიაში კიდევ 3 მედალი მოიპოვეს: 66 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯასმედალოსანი დავით ბუზიაშვილი თურქ კილიჩსალაიანთან 0:7 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბექა ბუჯიაშვილმა (55 კგ.) და შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) კვარცხლბეკის მე-3 საფეხურს უწიეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 36 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა, სამეული კი ასე დაკომპლექტდა: რუსეთი – 62, ირანი – 52, აზერბაიჯანი – 49.

0.112564