საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა გელაშვილმა ალბანეთის სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
მე-3 ტურში, ვლორეს “ფლამურტარიმ” სახლში “აპოლონია” 3:0 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა და 70-ე წუთზე ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. გელაშვილი პირველი ქართველია, რომელსაც ალბანეთში უთამაშია. “ფლამურტარის” 6 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-3 ადგილზეა.
ისრაელში “ტოტოს თასის” 1/4-ფინალს გამოეთიშა ფეთაჰ-თიკვას “ჰაპოელი”, რომელშიც აკაკი ხუბუტია გამოდის. “ჰაპოელი” გასვლაზე თელ ავივის “მაქაბისთან” 0:6 დამარცხდა, ხოლო ქართველი ცენტრალური მცველი 18-კაციან განაცხადში არ იყო.
უნგრეთის თასის მე-2 რაუნდში გავიდა “დიორი”, სადაც გიორგი ქვილითაია ირიცხება. “დიორმა” გასვლაზე “პუტნოკს” 3:1 სძლია. ქართველ ფორვარდს არ უთამაშია.