ფეხბურთი

19:53 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი ხუბუტიას დაუზავდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა ახალი კლუბის, აგდამის “ყარაბაღის” სასტარტო შემადგენლობაში პირველი თამაში ჩაატარა.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ყარაბაღმა” ამხანაგური მატჩი რუსეთის პირველი დივიზიონის სარანსკის “მორდოვიასთან” გამართა, სადაც აკაკი ხუბუტია ირჯება. დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო ხუბუტიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ავსტრიაში შეკრებაზე ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე მახაჩყალის “ანჟისთან” 0:1 წააგო.

ქართველი ლეგიონერებიდან “ინტერის” სასტარტოში იყო ბაჩანა ცხადაძე, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. შესვენების შემდეგ მოედანზე გიორგი ლომაია გამოჩნდა.

მოსკოვის “სპარტაკმა” საერთაშორისო “ოთხთა ტურნირზე” კიევის “დინამოსთან” 0:1 წააგო. მოსკოველთა შორის ჯანო ანანიძე მოედანზე 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ბერლინის “ჰერტამ” ტესტმატჩში ქვედალიგელი “შტრაუსბერგი” 4:0 დაამარცხა. ლევან კობიაშვილმა ბერლინელთა შორის მეორე ტაიმი ჩაატარა.

ლატვიის ვირსლიგის მე-12 ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ” “იელგავას” სტუმრად 3:0 აჯობა. დაუგავპილსელთა შორის მამუკა ღონღაძე მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. “დაუგავას” 23 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.

დანიის “ორჰუსმა”ამხანაგურ შეხვედრაში “ვეილეს” 2:1 აჯობა. “ორჰუსის” სასტარტოში იყო დავით სხირტლაძე, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. დავით დევდარიანი თამაშში 34-ე წუთზე ჩაერთო. მათე ვაწაძე ტრავმირებულია და გუნდთან ერთად ვერ ემზადება.


0.119683