ს/კ “სამტრედიამ” ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნახევარი პრაქტიკულად ენთუზიაზმით ჩაამთავრა. ამის ფონზე, ისეთი გუნდების გზადაგზა დამარცხება, რომლებსაც ფინანსური პრობლემა ნაკლებად აწუხებთ (“ტორპედო”, “ვიტ ჯორჯია”, “დინამო”), სპეციალისტებისაგან მცირე საფეხბურთო გმირობად შეფასდა. მე-2 წრის დამთავრებისთანავე, იმერელთა თავკაცმა გელა სანაიამ გუნდიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, რამაც კლუბის ხელმძღვანელ ზაზა ადეიშვილს ახალი თავსატეხი გაუჩინა.
სამტრედიული კლუბის პრეზიდენტთან “მსოფლიო სპორტის” საუბარი, სწორედ სამწვრთნელო ცვლილების შესახებ დაიწყო.
- ბატონო ზაზა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა. კიდევ ხომ არაა რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი?
- გელა სანაიას თაობაზე შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია. ყველაფერი მისი სურვილით მოხდა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც კლუ¬ბის დაფინანსების მხრივ არსებობს. არ ვმალავ, რომ კლუბის საარსებო წყარო, ჯერჯერობით, არ მოძებნილა, მაგრამ გუნდი არსებობს. მთავარი მწვრთნელის გარდა, გუნდიდან არავინ წასულა. “სამტრედია” ამ მომენტში შესვენების რეჟიმშია - კლუბის შტაბი 22 დეკემბერს შეიკრიბება. სანაიას წასვლის შემდეგ, მის მოვალეობას ლევან ანჯაფარიძე ასრულებს. ჩამოვყალიბდებით ძირითად მიმართულებებში და ვინაიდან ყველა გზა ფულს უკავშირდება, იმის მიხედვით, თუ რა საარსებო წყარო გამოჩნდება, სეზონის მე-2 ნახევარსაც დავგეგმავთ.
- როგორც ვიცით, ლევან ანჯაფარიძეს შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზია ისევ არ აქვს.
- უკვე 2 წელია, საქართველოში A ლიცენზიის სამწვრთნელო კურსები არ ჩატარებულა. ანჯაფარიძე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია. თუ სეზონის განახლებამდე არ ჩატარდა კურსები, მაშინ “სამტრედიას” სხვა მწვრთნელის მოძებნა მოუწევს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
- თითქმის გამორიცხულია, რომ 12 თებერვლამდე A ლიცენზიის კურსები ჩატარდეს. ამდენად, ვაკანსიის შესავსებად რაიმე მონახაზიც უნდა გქონდეთ.
- ჯერჯერობით, ამდაგვარი არ გვიცდია, რადგან ჯერ გელა სანაიასაც ბოლომდე ვერ გამოვემშვიდობეთ. რომ იტყვიან, ხავსს ვიტოვებთ ჩასაჭიდებლად - იქნებ მას გული მოვუბრუნოთ სამტრედიისაკენ, თუ რასაკ-ვირველია, გამოჩნდა დაფინანსების წყარო, რაც აუცილებელი იქნება გუნდის გასაკეთებლად.
არ დავმალავ - იმით, რაც სანაიამ გააკეთა ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, მე პირადად, როგორც კლუბის ხელმძღვანელი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ცოტა ძნელია, ამ სპეციალისტივით ზედგამოჭრილი მწვრთნელი მოუძებნო “სამტრედიას”. თუ გელა მართლაც “კაპიტალურად” იტყვის უარს და არ დაბრუნდება გუნდში, არის რაღაც ვარიანტები, რომელთა განხილვას ახლა არ მოვყვები.
- კლუბის მეპატრონესთან და¬კავშირებით, მხოლოდ იმ განცხადების იმედად ხართ, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა?
- მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჩემპიონატის მე-2 ნახევრის განახლებამდე, “სამტრედიას” და ზუგდიდის “ბაიას” პატრონი ეყოლებაო. ვიტოვებ იმედს, რომ ზვიად სიჭინავას და სახელმწიფო სტრუქტურების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა დიდი მეცადინეობით, “სამტრედიაში” სპონსორი მოვა.
ის, რაც შეძლო ჩვენმა გუნდმა პირველ-მეორე წრეში, ეს იყო მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე გაკეთებული საქმე. ენთუზიაზმზე შეიძლება ფეხბურთი ითამაშო, მაგრამ ენთუზიაზმზე ბურთს და სათამაშო ფორმას არავინ მოგცემს, ენთუზიაზმზე ავტობუსი არ წავა და ბოლნისში არ ჩაგიყვანს სათამაშოდ. მოკლედ, თუ ამგვარ პრობლემებთან შესაჭიდებელი ფული არ ექნა ამ გუნდს, მთლად მუქ ფერებში არ მინდა შევხედო მის მომავალს, მაგრამ ალბათ, ჩვენი გამოკლებით, 9 გუნდი გააგრძელებს ჩემპიონატს.
ამწუთას ასეთი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. იმედის საფუძველს კი, ჩვენი გუნდის მიერ პირველ ნახევარში ჩატარებული 18 თამაში მაძლევს.
“მსოფლიო სპორტი” დაუკავშირდა გელა სანაიასაც, რომელიც თავდაპირველად მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზებს შეეხო.
გელა სანაია: სათამაშო ბირთვის შესანარჩუნებლად და ამასთან, თუ უმაღლეს ლიგაში დარჩენა უნდა, გუნდს აუცილებლად სჭირდება 2-3 ფეხბურთელით გაძლიერება. ამის საშუალება რომც გამონახონ “სამტრედიაში”, ჩემი გადაწყვეტილება მაინც საბოლოოა და მას უკვე არ შევცვლი. აქ არანაირ გაბრაზებაზე არაა საუბარი, უბრალოდ, ჩემი საფეხბურთო ცხოვრების ერთი ეტაპი დამთავრდა.
- დამთავრდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციებით, თქვენ დიდხანს არ აპირებთ უმუშევრად დარჩენას.
- არ მოგატყუებთ, ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. როგორც კი იქნება ასეთი რამ, არ დაიმალება.
- თქვენს მომავალ გუნდად ქუთაისის “ტორპედოც” სახელდება.
- ჭორის დონეზე გამიგია მეც. ისევე როგორც, თბილისის “დინამოზე” აბსოლუტური ტყუილი იყო. გულწრფელად გეუბნებით - რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ჯერ არ მქონია.
- PRO-ლიცენზიის მისაღებად უცხოეთში წასვლაც ჭორია?
- აი, ეს ნამდვილი ამბავია. თუ რაიმე კონკრეტული არ გამოჩნდა ისეთი, რაც დამაინტერესებს, უეჭველად გავაგრძელებ სწავლას, რათა PRO-ლიცენზია მივიღო. გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2011 წელს ამ ლიცენზიას ავიღებ.
- PRO-ლიცენზიის მიღება საქართველოში სამუშაოდ აუცილებელი სრულებით არაა. რაიმე უცხოურ შემოთავაზებას ხომ არ ელით?
- არა, ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, ოცნების დონეზეა. საჭიროა თუ არა საქართველოში სამუშაოდ ეს ლიცენზია, განათლების მიღება მაინც ხომ არის საჭირო? იმიტომ ხომ არ ვსწავლობთ, რომ დიპლომი მივიღოთ. ლიცენზიის მისაღებ კურსებზე მართლაც სერიოზული სწავლებაა და დიდი თეორიული ცოდნის მიღება შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს.
- მოდით, მოკლედ შეაფასეთ თქვენი კარიერის ის ნაწილი, რომელიც “სამტრედიაში” მთავარ მწვრთნელად მუშაობისას გაატარეთ.
- იცით, რომ ჩემი მისვლისთანავე რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა გუნდი. პრაქტიკულად ახალი გუნდის ჩამოყალიბება დამჭირდა და ვიცოდი კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა. ამის მიუხედავად, ისეთი დასანანი ქულები დავკარგეთ (შინ “სიონთან”, “ვიტ ჯორჯიასთან” სტუმრად), რომ 19 ქულაზე ბევრად მეტის დაგროვება შეგვეძლო. ზოგჯერ ჩვენ ვცოდავდით, ზოგჯერ მსაჯებიც, თუმცა, იმ პირობებში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, ვფიქრობ, მაქსიმუმი თუ არა, იმის 90 პროცენტი მივიღეთ, რაც გავიღეთ. ენთუზიაზმზე დიდხანს მუშაობა ძალიან ძნელი იყო. სიმართლე გითხრათ, არც ინფრასტრუქტურაა ისე გამართული სამტრედიაში, რომ სერიოზული საფიქრალი არ გქონდეს. კი, კარგი ბაზები შეიძლება იყოს, თუ ხელს შეავლებს კაცი, მაგრამ შესაბამისი ინვესტიციის ჩადებას არავინ ჩქარობს. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ყველამ დამაკმაყოფილებლად ვიმუშავეთ.
ფრიდონ კერვალიშვილი