ფეხბურთი

15:06 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

გელა სანაია: “რუსთავის “მეტალურგმა” საპრიზო ადგილებისთვის უნდა იბრძოლოს”

რუსთავის “მეტალურგის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ მომავალ სეზონში გუნდთან ერთად ევროტურნირებზე მოხვედრას გეგმავს.

- “მეტალურგი” ვარჯიშს როდის განაახლებს?

- საქმეს უკვე შევუდექი. გარკვეულ საკითხებს ვაგვარებ. უშუალოდ საწვრთნელ პროცესს 24 ივნისს რუსთავში დავიწყებთ. ივლისის შუა რიცხვებში შეკრებაზე ავსტრიაში ან თურქეთში გავემგვზავრებით. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და საუკეთესოს ავარჩევთ.

- კლუბში როგორი სამუშაო პირობები დაგხვდათ?

- იცით, რომ კლუბს ახალი დირექტორი ჰყავს ზაზა დოლიძის სახით. მას თავისი ხედვა აქვს. შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი. სამუშაო პირობები ნორმალურია. “მეტალურგი” საქართველოს რიგითი კლუბი არაა და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. რაც კარგი დაგხვდა უნდა გავაუმჯობესოთ, ხოლო რაც მანკიერი იყო – აღმოვფხვრათ. ეს ეხება არა მხოლოდ პირველ გუნდს, არამედ, ახალგაზრდულ გუნდებსაც. საქმე ისე ნამდვილად არაა, რომ ყველაფერი ნოლიდან იყოს დასაწყები. სიტუაცია დალაგებულია. სამწუხაროა, რომ გასულ სეზონში გუნდმა კარგი შედეგი ვერ აჩვენა. ამის ანალიზი გავაკეთე. გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმა უნდა მოხდეს.

- თქვენი კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი ფეხბურთელი: გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე და დავით კირკიტაძე უკვე დაიმატეთ. თუ არის მოსალოდნელი კიდევ ახალწვეულების გამოჩენა?

- ჩვენი პრესსამსახურის მადლობელი ვარ და მასმედიასთან ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. სამი ნახევარმცველი დავიმატეთ და ვფიქრობ, კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ. მათ გუნდთან შერწყმა არ გაუჭირდებათ. “მეტალურგს” სუსტი ნახევარდაცვა არც აქამდე ჰყავდა, მაგრამ კონკურენცია ყოველთვის კარგია. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კიდევ სხვა მოთამაშეებთან, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გვარებს არ დავაკონკრეტებ. სხვადასხვა რგოლებში გაძლიერება გვჭირდება.

- რომელიმე მოთამაშემ გუნდიდან წასვლის სურვილი ხომ არ გამოთქვა?

- თუ “დინამოში” არ ეპატიჟება ან ევროპაში არ მიდის, არ მგონია, “მეტალურგიდან” წასვლის სურვილი ბევრმა გამოთქვას. თბილისის “დინამოში” ისინჯება გიორგი მიქაბერიძე, რომელსაც ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. წასვლის თხოვნით არავის მოუმართავს. არიან ფეხბურთელები, რომლებთაც კონტრაქტი დაუმთავრდათ და მათ ხელშეკრულებას გავუხანგრძლივებთ, როგორც ეს გოგი ფიფიას შემთხვევაში მოხდა. არიან ისეთები, ვისაც კონტრაქტები ამოეწურათ და დავემშვიდობებით. შესაძლოა, ზოგიერთთან, ვისაც მოქმედი კონტრაქტი აქვთ, თანამშრომლობა შევწყვიტოთ.

-კლუბის ხელმძღვანელობამ რა მიზანი დაგისახათ?

- რუსთავის “მეტალურგმა” საპრიზო ადგილებისთვის უნდა იბრძოლოს. ეს ამბიცია გასაკვირი არაა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძნელია, მაგრამ საპრიზო ადგილის დაკავება და ევროტურნირებზე თამაში რეალურია.

0.115118