ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი გელა სანაია, ცხრათვიანი პროფესიული პაუზის შემდეგ, კვლავ ფეხბურთს დაუბრუნდა. იგი პირველი ლიგის “ა” ჯგუფში მოასპარეზე ხობის “კოლხეთს” ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 1 ოქტომბრამდე კალისტრატე ხურცილავა წვრთნიდა.
გელა სანაია ს/კ “სამტრედიას” გასული სეზონის პირველ ნახევარში ავარჯიშებდა. მან უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდი საკუთარი ნებით დატოვა და რომ იტყვიან, “კადრების განკარგულებაში გადავიდა”. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასთან მოლაპარაკებას უმაღლესი ლიგის რამდენიმე “სახელიანი” გუნდი აწარმოებდა.
“მსოფლიო სპორტი” გელა სანაიას ხობში დაუკავშირდა, სადაც იგი თავის ახალ გუნდს მორიგი ტურის შეხვედრისთვის (20 ოქტომბერს ჭიათურაში) ამზადებს.
- ბატონო გელა, პირველი ლიგის გუნდში გამოჩენა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელია. მით უფრო, ვიცოდით, რომ თქვენთან უფრო სერიოზული მიზნების მქონე ქართული გუნდები მართავდნენ მოლაპარაკებებს.
- რა ვქნათ, ასეთია ფეხბურთი. დამიძახეს და ხობში წამოვედი. ვფიქრობ, რომ აქაც შეიძლება რაღაცის გაკეთება.
ჭორის დონეზე, უმაღლესი ლიგის თითქმის არცერთი გუნდი არ დარჩენილა, რომ ჩემი სამსახური უნდოდა. თუმცა რეალური შემოთავაზება არავისგან მქონია. დამღალა ამ მოლაპარაკებებმა და ლოდინმა. ამიტომაც გადავწყვიტე აქ წამოსვლა, სადაც კონკრეტული სამუშაოა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მეძლევა.
- სამწვრთნელო განათლების მიღების გაგრძელებას აპირებდით...
- უკვე რამდენიმე სესია მაქვს გავლილი კიევში მიმდინარე PRO-ლიცენზიის კურსებზე. 2 სესიაღა დამრჩა და მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, იმედია, ამ ლიცენზიით ხელდამშვენებული დავბრუნდები საქართველოში.
- საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტებიდან თქვენთან ერთად კიდევ ვინ გადის ამ კურსებს?
- მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და სულ 12 კაცი გავდივართ ამ ნაკადში. ჩემთან ერთად სესიებზე დადიან მოსკოვის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი სერგეი სილკინი, დონეცკის “მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი ვოლოდიმირ პიატენკო, უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ კუზნეცოვი. ასევე ლატვიაში, კერძოდ კი, რიგის “ოლიმპსში” მომუშავე თამაზ პერტია.
- რა შეიძლება ახალგაზრდა მწვრთნელმა აჩვენოს ხობის “კოლხეთში”? როგორც ჩანს, მხარდაჭერა გაქვთ, რადგან პერსპექტივის უქონლობის გამო, უმაღლეს ლიგაში მოთამაშე “სამტრედია”, შარშან დეკემბერში დატოვეთ, ახლა კი პირველი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერში სამუშაოს დათანხმდით.
- რომ გითხრათ, “კოლხეთი” მიმდინარე სეზონში რაიმე მაღალ მიზნებს ისახავს-მეთქი, გადამეტებული იქნება. მომავლიდან კი შეიძლება უკეთეს პერსპექტივაზე გათვლის გაკეთება, რადგან საკმაოდ ნორმალური დაფინანსებაა - რაიონის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას.
- ფეხბურთელები ალბათ ძირითადად ადგილობრივები გყავთ. თუ არიან მათ შორის უმაღლესი ლიგის გამოცდილების მქონენიც?
- უმაღლეს ლიგაში აქვთ ნათამაშები პაატა ბაკარანძეს, ცოტნე ბუკიას, დავით ხარძეიშვილს. მათ გარდა, გვყავს ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელები, რომელთა ვინაობამ ახლა შესაძლოა არაფერი გითხრათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველა გაიცნობს - საკმაოდ საინტერესო ნაკადი მოდის.
- მუშაობას 1 ოქტომბრიდან შეუდექით და პირველ მეტოქეებად თქვენი ყოფილი გუნდები გყავდათ...
- მართლაც, საინტერესო დამთხვევა მოხდა. ჯერ “სამტრედია” მივიღეთ და ფრედ 1:1 ვითამაშეთ, მერე თბილისის “ლოკომოტივს” ვეწვიეთ სტუმრად და 2:0 მოვიგეთ. ერთი ბათუმის “დინამო” იყო ჩემთვის “უცნობი”, რომელთანაც ბოლო ტურში ხობში 0:1 წავაგეთ. პრაქტიკულად წყალბურთის თამაში მოგვიწია, ისეთი წვიმა იყო.
- სავარჯიშო, სათამაშო ინფრასტრუქტურა როგორია ხობში?
- სტადიონი სახარბიელო მდგომარეობაში არ გვაქვს, მაგრამ გვპირდებიან, რომ შეალამაზებენ და ახლა რომაა, იმაზე უკეთესი იქნება. სავარჯიშო პირობებს ხობის კვალობაზე არა უშავს. აქაც ხელია შესავლები და რაიონის ხელმძღვანელობის დახმარების იმედი გვაქვს.
- ხობის “კოლხეთი” მომავალი, უფრო სერიოზული გამოწვევისთვის შუალედური ეტაპია, თუ მასთან ერთად უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას აპირებთ?
- რეალური სურათი ასეთი იყო - კონკრეტული წინადადება აქედან იყო და დავთანხმდი. ჩემი დღევანდელი ფიქრები მხოლოდ ხობის “კოლხეთს” უკავშირდება. მომავალში რა იქნება, არავინ იცის. შეიძლება იანვარში ისეთი წინადადება მივიღო, მასზე უარი ვერ ვთქვა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ხობში ვარ, სულით და გულით აქაური გუნდისთვის დავიხარჯები.
- ე.ი. როგორც ფეხბურთელებში იტყვიან - ფორმას ინარჩუნებთ...
- რაც მთავარია, 2012 წლიდან უეფას მოთხოვნაა - PRO-ლიცენზიის მწვრთნელების გარეშე, კლუბები ლიცენზირებას ვერ გაივლიან. მგონი, სერიოზული შემოთავაზების მიღებამდე დიდხანს მოცდა არ მომიწევს. თუმცა, ისევ ვიმეორებ - ჩემი ყველა ახლანდელი ქმედება ხობის “კოლხეთს” უკავშირდება.
ფრიდონ კერვალიშვილი